ყველა გინეკოლოგი ადასტურებს, რომ საკეისრო კვეთას ყოველდღიურად ძალიან ბევრი ქალი ირჩევს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ამის სამედიცინო საჭიროება.
მომავალ დედებს ურჩევნიათ სამშობიარო ტკივილებს თავი აარიდონ და გეგმიური ოპერაცია ჩაიტარონ, რომელიც გაუტკივარებით კეთდება და უფრო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ექიმები გამუდმებით გვაფრთხილებენ, რომ საკეისროს გარკვეული რისკები ახლავს და ბევრ დისკომფირტს ტოვებს, თუმცა ჯობია მათაც მოვუსმინოთ, ვინც თავად გააჩინა შვილი საკეისრო კვეთით. რამდენად ადვილად გადაიტანეს ეს ოპერაცია, დარჩათ თუ არა რაიმე გართულებები და რამდენ ხანში ალაგდა პოსტოპერაციული ჩივილები.
"ბევრი უსიამოვნო შეგრძნება რჩება. თუნდაც მუცლის დაბუჟება კარგა ხანს მქონდა. წელის ტკივილზე აღარაფერს ვამბობ. წელის ტკივილი ისევ მაქვს და აღარც გამივლის არასდროს, ასე მგონია. პირველი საკეისროდან 6 წელია გასული მეორედან 4". "ჭრილობის მორჩენას დრო ჭირდება, თვეების მერეც სულ გექავება, გწიწკნის, სულ უსიამოვნო შეგრძნებაა. მუცელს ხომ ყოფს და საშინელებაა. ფიზიოლოგიურად ორი გავაჩინე და ვნანობ, მესამეზე ექიმს რომ დავთანხმდი. ნება თქვენია, მაგრამ მთელი გულით გირჩევთ, ფიზიოლოგიურად გააჩინოთ." "3 საკეისრო მაქვს გაკეთებული. არანაირი პრობლემა არ მქონია. ექიმს და ანესთეზიოლოგს აქვს დიდი მნიშვნელობა." ორგანიზმზეა ყველაფერი დამოკიდებული. მეც 3 წლის წინ მაქვს გაკეთებული საკეისრო კვეთა და მშვენივრად ვგრძნობ თავს. დაბუჟებამაც გამიარა. წელის ტკივილს რაც შეეხება, ბუნებრივი მშობიარობის დროს გაუტკივარებისასაც იგივე ნემსს აკეთებენ, რასაც საკეისროს დროს გასაუტკივარებლად. "3 საკეისრო მაქვს გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ამაყენეს, ისეთი საშინელი ტკივილი მქონდა, რომ როცა ადგომა მჭირდებოდა, წინასწარ ვტიროდი სიმწრით. მოხრილი დავდიოდი, ვერ ვწვებოდი, ვერ ვდგებოდი. წელის ტკივილი დღემდე მაქვს. მუცელი დაბუჟებული დამრჩა, არ მაქვს შეგრძნება. მეორე საკეისროს შემდეგ ფეხები დამისივდა, ვერ დავდიოდი და ფეხზე არაფერი მეტეოდა. ნაკერები არ მიხორცდებოდა და სითხე მდიოდა. თან ზაფხული იყო და ძალიან ცუდად მახსენდება. ყველაზე კარგად მესამე საკეისროს დროს ვიყავი. საფრანგეთში გამიკეტეს და ალბათ მაგიტომ. ბუნებრივ მშობიარობას არაფერი ჯობია. არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, ბუნებრივად ვიმშობიარებდი აუცილებლად. სტრესზე, ნერვოზზე და დეპრესიაზე აღარაფერს ვიტყვი". "7 წელი გადის და ნაკერი ახლაც მტკივა და მაწუხებს, ფეხზე მალევე დავდექი, სახლში არც ვწოლილვარ." "ორი საკეისრო მაქვს გაკეთებული. ორივეზე ერთ კვირაში კარგად ვიყავი. ალბათ, ექიმს და ანესთეზიოლოგს აქვს მნიშვნელობა." "წელის გაუსაძლისი ტკივილი, პოლიპი ნაწიბურზე. 3 წელი ჭარბი ოფლიანობა და გადაჭრილი მუცელი, რომელიც ვერასოდეს გახდება ისეთი, როგორც საკრისრომდე იყო. კიდევ საშვილოსნოზე ისეთი ნაწიბური დარჩა, რომ ბავშვის გაჩენის შანსი აღარ მაქვს. "სამჯერ გავიკეთე საკეისრო, ორ ორი წლის ინტერვალით. არც ერთზე არანაირი პრობლემა არ მქონია" "ნარკოზით გავიკეთე საკეისრო იმის გამო, რომ ყველა ასე უჩიოდა გაუტკივარების შემდეგ წელის ტკივილებს. არაფერი დისკომფორტი არ მქონია. ნაკერების შეხორცებას უნდა დრო უბრალოდ. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე პირველი და ლამის გადავყევი. საკეისრო ბევრად მარტივი იყო ჩემთვის." " 1 კვირაში უკვე მოვძლიერდი, თუმცა წამოდგომისას ნაკერთან მქონდა დაჭიმულობა. დისკომფორტი დამიტოვა, 1 წელზე მეტი წელის ტკივილი. გაუტკივარება გამიკეთეს და მაგას აბრალებენ. სხვა არაფერი. ნაკერი არის იდეალური." "პირველ ბავშვზე ვერ ვდგებოდი, 2-ჯერ წამივიდა გული ტკივილისგან, მაგრამ 10 დღეში მაქსიმუმ უკვე კარგად ვიყავი, მეორე ბავშვზე მეორე დღესვე ავდექი და დიდად ტკივილებიც არ მქონდა, ორჯერვე ერთი და იგივე ექიმი მყავდა". "საკეისრო მახსენდება ნაკერების ტკვილით იმ დონეზე, რომ მოხრილი დავდიოდი 40 დღე, მიჭირდა გაცინება, დახველება, საწოლიდან ადგომა. თმის საშინელი ცვენა და ემოციური მდგომარეობა მქონდა რთული, მაგრამ მგონი, ეს ზოგადად მშობიარობის შემდგომი პერიოდის ბრალი უფრო იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ ვამბობ, რომ ისევ საკეისროს გავიკეთებდი და ასეც მოვიქცევი მომავალში, როცა ამის საჭიროება დადგება... ჰო და კიდევ, ნაკერზე დღემდე მგრძნობელობა მაქვს დაკარგული, მუცელი დეფორმირებული.. "4 საკეისრო კვეთა მაქვს. მეოთხის მერე ,რაღაც-რაღაცებზე მაქვს დისკომფორტი. მაგრამ მთლიანობაში არაფერი ვუჩივი. უბრალოდ, თავს უნდა მიხედოთ". მეან-გინეკოლოგი ნინო ლაცაბიძე:
- ბუნებრივი მშობიარობა ხდება საჭირო დროს და ზუსტად იცის ბავშვმა, როდის უნდა მოევლინოს ქვეყანას. საკეისრო კვეთა დროზე ადრე ხდება, ამიტომ ეს გარკვეულწილად სტრესია ნაყოფისთვის. ბავშვისთვის ადრეული მოწყვეტა დედის ორგანიზმიდან არის შოკი.
ახალშობილი, რომელიც გამოივლის ბუნებრივ სამშობიარო გზებს, მეტად შეგუებული და ადაპტირებულია გარემო პირობებთან. შემდგომში ეს პატარები მეტად სიცოცხლისუნარიანები არიან, ვიდრე საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები.
საკეისრო კვეთის შემდეგ მეტია თრომბოემბოლიური გართულებები. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საკეისრო ეს არის ოპერაციული ჩარევა, რა დროსაც იხსნება მუცლის ღრუ, ამიტომ ჩვენ არ ვიცით, ამას შინაგანი ორგანოების მხრივ რა გართულებები მოჰყვება. ჩვენ არ ვიცით ნებისმიერ ორგანიზმში ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, მუცლის ღრუს შეხორცებითი პროცესები როგორ განვითარდება, ამიტომ ოპერაციული ჩარევის დროს, სხვა ორგანოების გართულების და დაზიანების რისკი პროცენტულად ძალიან მაღალია.