ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში დღენაკლული ბავშვების პრობლემაზე წერს და ამბობს, რომ მშობლებს მათი მონახულება კვირაში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ტექსტს, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო იმის გაგება და განცდაც, თუ რა დღეში არიან საქართველოში ე. წ. დღენაკლული ბავშვები, ანუ ბავშვები, რომლებიც ადრე მოევლინენ სამყაროს, მაგალითად, მე-7 ან მე-8 თვეზე ... სრულიად ახალ და სასტიკ სინამდვილეს შევეჩეხე. მოკლედ რა ხდება - დღენაკლული ბავშვები გადაჰყავთ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ისინი სრულიად მოკლებულნი არიან დედასთან ურთიერთობის შესაძლებლობას. დღეისათვის საქართველოში არსებული პრაქტიკა გამორიცხავს, რომ ჩვილისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირი მშობელთან, შენარჩუნდეს. დედას, თუ ბავშვი დღენაკლულობის გამო კლინიკაში რჩება, მხოლოდ კვირაში ერთხელ აქვს ჩვილის მონახულების, მასთან შეხების ბედნიერება.
ვინც მიჯაჭვულობის ფენომენს იცნობს, კარგად იცის, რომ ბავშვი მშობლებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან "იცნობს", დაბადება ერთ-ერთი სერიოზული ტკივილია ადამიანისთვის, ის ტოვებს ყველაზე უფრო თბილ და კომფორტულ გარემოს და მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მისი უსაფრთხოების ბაზისსთან - მშობლებთან ახლოს ყოფნას (შეხება, მათი ხმის გაგონება ...). ეს ისევე მნიშვნელოვანია (შეიძლება მეტადაც) ჩვილისთვის, როგორც სამედიცინო მკურნალობა, რომელსაც ის კლინიკაში გადის. რაც შეეხება დედას, ზოგადად მშობელს, მიუხედავად იმისა, რომ შვილის შეძენა უზარმაზარ სიხარულთანაა დაკავშირებული - სტრესულიცაა. ასეთ მგრძნობიარე პერიოდში ქალი რჩება შვილის გარეშე, მას ხშირად ჩვილთან მიახლოების, შეხების, როგორც ირკვევა მისი მოკითხვის და მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობის გაგების შესაძლებლობაც კი არ აქვს. უხეში დამოკიდებულება ექიმებისგან, მუდმივი აქცენტირება იმაზე, რომ "თავი ხელში აიყვანო"... რა არის იმაზე უფრო ბუნებრივი, რაც მშობლებს ამ დროს სჭირთ, ისინი საკმაოდ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან და მათი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც მშობლების, ასევე ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. მოკლედ, კიდევ ერთი ჯოჯოხეთი ბავშვების ცხოვრებაში. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან თუ ხმას ამოიღებ, მერე უზარმაზარი შიში მოდის - "ჩემი შვილის სიცოცხლე მათ ხელშია". მოკლედ, ყველა დეტალს ალბათ ამ სტატუსში ვერ მოვყვები და დარწმუნებული ვარ, ეს რომ იცოდეს წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭომ, აუცილებლად მიანიჭებდა მედიკოსების მხრიდან ჩვილისა და მისი მშობლების მიმართ ამდაგვარ დამოკიდებულებას - არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაციას.
P.S კარგი იქნება თუ უცხოეთში მცხოვრები ადამიანები გაგვიზიარებენ იქ როგორი პრაქტიკაა."
პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ადმიანები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს საჯაროდ უზიარებდნენ:
ძალიან ზუსტად და სწორად აღწერეთ ყველაფერი, ჩემი ახლობელი აღმოჩნდა ზუსტად აღწერილ მდგომარეობაში, ცალკე დედა იყო ჯერ მშობიარობის სტრესში და ახლა იმის გამო, რომ ბავშვის ნახვის უფლება (შეხებაზე საუბარიც ზედმეტია) გამოზიმილი ჰქონდა. ბოლოს ერთმა ღვთისნიერმა პედიატრმა უთხრა, ამ ბავშვს არაფერი არ აწუხებს (სხვა პედიატრებმა, არ ჭამს და არ გადარჩებაო), დედის სითბო სჭირდება და გაატანეთ დედას სახლშიო. მას მერე ბავშვი ავად არასოდეს ყოფილა. ჩემი მდგომარეობა აღწერეთ. 2 თვე ბავშვები არ მინახავს, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. სამწუხაროდ, ჩემი ორივე შვილი ნაადრევად გაჩნდა, ორივეს ერთი თვე მოუწია ნეონატალურ განყოფილებაში ყოფნა. პირველის შემთხვევაში, მთელი თვე მეც ბავშვთან ვიყავი, ხოლო მეორესთან დღეში მხოლოდ 1 საათს გვიშვებდნენ მე და მამას. ჰოდა სულ, ყოველდღიურად მეფიქრება, უკვე სამი წელია, როგორ ამოვუვსო ჩემს შვილს ეგ მარტოდ ყოფნის ერთი თვე. ყველაფერს ამ კომენტარში ნამდვილად ვერ დავწერ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა სწორედ მათი გაჩენის დღიდან უნდა დავიწყოთ. ჩემთვის რამდენაც ცნობილია, მონახულება და კონტაქტი შედარებით კოვიდის გამო შეიზღუდა. თქვენ რომ აღწერეთ, მასე თუა სადმე, ძალიან ვწუხვარ და გულსატკენია. ჩვენს ახალშობილთა რეანიმაციაში ბევრჯერ მინახავს საათობით სხედან, ხელში აყავთ, აჭმევენ თუ შესაძლებელია. დედის რძე დღენაკლულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არის კლინიკები, სადაც არ რთავენ ნებას, რომ რძე მაინც მიუტანონ პატარებს. ხელოვნური კვების კომპანიებისგან ბონუსები ერიცხებათ და ათას ტყუილს იგონებენ თუ რატომ არ შეიძლება. აშრობინებენ კიდეც რაღაც აბების დახმარებით და ვინც ასე არ იქცევა, იმათ ნელ-ნელა თავისით უშრებათ, რადგან ლაქტაციის სწორად წარმართვაზე ინფორმაცია არ აქვთ. ასევე, არის კიდევ ერთი საკითხი, როცა ბავშვი ჯანმრთელია და სათანადო წონასაც მიაღწევს, წელავენ გაწერის პროცესს და ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ხანი გააჩერონ, რათა სახელმწიფოსგან დაფინანსება სრულად მიიღონ. ისრაელში, მშობლები თუ ვერ მიდიან, მოხალისეები ყავთ, ვინც ზის სავარძელში და ჩვილი (თავის შლანგებით და კაბელებით) უწევს გულზე. ამ პერიოდს კრიტიკული ფაზა ჰქვია, რომელიც იხურები ნეონატალოგიური ფაზის გასვლის შემდეგ და დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ჩვენთან მხოლოდ თავის დაზღვევაზე არიან. გერმანიაში 7 თვის ჩვილს დედას ყოველდღე ინკუბატორიდან ატანდნენ, რომ ბოთლიდან თავად გამოეკვება (ძუძუს წოვისთვის ჯერ საკმარისად ძლიერი არ იყო და ამიტომ ხელოვნურ ხსნარს აძლევდნენ). ძალიან პატარა იყო, ბუნებრივია, და დედა რომ აიყვანდა, ისევ ემბრიონის პოზაში დამრგვალდებოდა ხოლმე. ასე ხელში ჰყავდა დედას ან კალთაში, ან გულზე მიწვენილი საათობით, თვითონაც საავადმოყოფოში ჰქონდა პალატა, სამშობიარო განყოფილებაში. მე 5 დღის მერე რომ გამწერეს, ის ისევ იქ დარჩა. ისე, საკეისროს მერე 10 დღე მქონდა დარჩენის უფლება. ჩემი შვილი რომ დაიბადა, პირველი ორი საათი გულზე მეწვა, მერე შემოვიდნენ ექიმები და გაიყვანეს, თან ისეთ ტერმინებს ამბობდნენ (მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროსთან ახლოს ვარ) იმ მომენტში ნახევარზე მეტი ვერც გავიგე, ძალიან მძიმედ აღმიწერეს სიტუაცია. ბოლომდე გააზრებულიც კი არ მქონდა ორიოდე საათის წინ გამხდარი დედობა, ისე გაიყვანეს, დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი, ძუძუს ვერ იდებდა და ექთანმა გაიყვანა, ხელოვნურს მივცემთო და 10 წუთში რამდენიმე ექიმი შემოვიდა, თქვენი შვილი მძიმედ არის და რეანიმაციაში გადავიყვანეთო. ემოციურად ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი. ბავშვის ნაკვთების დამახსოვრებაც ვერ მოვასწარი, მეორე დღეს რეანიმაციისკენ რომ მივდიოდი და ინკუბატორში მწოლიარე ბავშვებს რომ ვუყურებდი, არ ვიცოდი, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი შვილი. ოჯახის წევრებმა რომ შემომთავაზეს, მოვნათლოთ მაინცო, იმ მომენტში ვერ აღგიწერთ, რამხელა ტკივილი ვიგრძენი. პედიატრების მხრიდან ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი. რომ გამომწერეს, დღეში ორჯერ ვურეკავდი და ყოველ ჯერზე გულდასმით მიხსნიდა სიტუაციას. ერთხელ ბავშვის სურათიც გამომიგზავნა, რამდენიმე დღე, სანამ კლინიკაში ვიყავი. თუმცა, მერე გამოყვანის დღემდე აღარ მინახავს 22 დღე. იქ იყვნენ ძალიან ადრე ვადაზე დაბადებული ბავშვებიც, რომლებიც 2-3 თვეს ინკუბატორებში ატარებდნენ და როგორც ვიცი, პანდემიის პერიოდში ვერც მათ ვერ ნახულობდნენ დედები. პანდემიამდე ჰქონდათ ნახვის უფლება, დღეში ნახევარი საათით. ამ ყველაფერთან ერთად მარტო ვიყავი, ხელის დამჭერიც არ მყავდა, ან შუბლიდან ოფლი რომ მოეწმინდა. ესეც პანდემიის გამო, თანმხლებ პირებს არ უშვებდნენ. ზუსტად ვიცი, რა როგორ ხდება ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებებში, რადგან მე თვითონ დღენაკლული მყავდა 2017-ში. კოვიდი რომ არა, ყველა მშობელს ჰქონდა შვილის მონახულების უფლება დღეში ერთი საათის განმავლობაში. ვინაიდან ძალიან ჭირს რეანიმაციაში მყოფი დღენაკლულების დაცვა ინფექციისგან, ფიზიკური კონტაქტი იყო უკიდურესად შემცირებული. სამწუხაროდ, როდესაც შენი შვილი იბრძვის სიცოცხლისთვის, ყველაფერზე თანახმა ხარ და აღარ წუწუნებ არაფერზე. მთავარია, ბავშვი გამოძვრეს. მე უფრო მეტად მედპერსონალის ცივი დამოკიდებულება მიკლავდა გულს. იქ უსიყვარულობაში იყო ჩემი შვილი.
მშობლები ამ ამბებს საქართველოს სხვადასხვა სამშობიაროს გამოცდილებიდან იხსენებდნენ. გადავწყვიტეთ, იმ სამშობიაროსთვის მიგვემართა კომენტარისთვის, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს დღენაკლული ჩვილების მოვლა-გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. თემაზე ღუდუშაურის კლინიკას დავუკავშირდით და დავინტერესდით, რა პირობებით უშვებენ მშობელს დღენაკლულ შვილებთან და ახლა რა ხდება ამ მიმართულებით. გვესაუბრება კლინიკის ნეონატალური ცენტრის ხელმძღვანელი, შორენა ჭანკვეტაძე:
- ბავშვებთან მშობლების ვიზიტი ნამდვილად შეზღუდულია, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა პანდემიიდან გამომდინარე მოგვიწია. აქამდე არანაირი შეზღუდვა არ გვქონია, პირიქით, მშობლებს საათობით შეეძლოთ მოსვლა და თავიანთი შვილების ნახვა. "კენგურუს მეთოდს" ვიყენებდით და ბავშვებს დედის გულზე ვაწვენდით, მათ შორის, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პატარებსაც. დედას რამდენ ხანსაც უნდოდა, იმდენ ხანს შეეძლო დარჩენა. "კენგურუს მეთოდს" ყოველდღე ვიყენებდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღენაკლული ბავშვებისათვის, რადგან ამ გზით უფრო მარტივად გამოდიან მდგომარეობიდან, წონაშიც კარგად იმატებენ, წოვას ადრე იწყებენ და სხვა უამრავი დადებითი ეფექტი აქვს. ამიტომაც, სულ ვზრუნავდით, რომ მშობელსა და შვილს შორის ეს კონტაქტი შეგვენარჩუნებინა.
თუმცა, ახლა სხვა მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება. პანდემია ძალიან დიდი გამოწვევაა და ჩვენთვის პირველი ამოცანა ბავშვების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. დღენაკლულ ბავშვებს სპეციალური მოვლა, კვების რეჟიმი და სამედიცინო დახმარება სჭირდებათ და ნებისმიერი სოციალური კონტაქტი მათთვის დამატებით რისკს წარმოადგენს. როცა მშობელი განყოფილებაში შედის, სხვა ბავშებისთვისაც გარკვეული საფრთხეა. დედა რომ კოვიდინფიცირებული იყოს და რომელიმე მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ვირუსი გადაედოს, ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება. თუმცა, მშობელი გარკვეული პერიოდულობით ახლაც შეგვყავს განყოფილებაში და თავიანთ შვილებს ნახულობენ, თუ საჭიროა, PCR ტესტსაც იკეთებენ. კლინიკაში ახლა 100-მდე დღენაკლული ბავშვი მკურნალობს. მესმის, სტრესი, ნერვიულობა, ძალიან მძიმეა, როდესაც სამშობიაროდან ელოდები, რომ შვილთან ერთად უნდა წახვიდე და პირიქით ხდება, მარტო გიწევს წასვლა. აბსოლუტურად გულწრფელად განვიცდი, რომ მშობელი თავის პატარა შვილს ვერ ნახულობს. მაგრამ, ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთოება ჩემი პასუხისმგებლობაა. გასაგებია, რომ მშობელსა და ფსიქოლოგს მსგავსი გარემოება არ მოსწონს, მაგრამ სხვანაირად პატარების უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ. იმედია, მალე დადგება დრო, როცა მშობლებსა და შვილებს შეეძლებათ ისეთი კონტაქტი, როგორსაც ადრე ვახორციელებდით.
თამარ იაკობაშვილი