„ექიმმა ან 16 საათი უნდა გაატაროს მშობიარესთან, ან 40 წუთში საკეისროთი დაასრულოს საქმე და გაიმარტივოს ცხოვრება... მაგრამ ექიმი მზად არის, რთული გზით წავიდეს, რადგან ასე ჯობს ქალისა და ბავშვისთვის“
დღეს ძალიან ბევრი ორსული ირჩევს ირჩევს საკეისრო კვეთას, ბევრი კი კვლავ ფიზიოლოგიურად მშობიარობს. გამუდმებით მიმდინარეობს მშობიარობის ამ ვარიანტის განხილვა და შეფასება. რომელი უფრო გამართლებულია და როდის.
მეან-გინეკოლოგი, თსსუ-ის პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია გადაცემაში „პირადი ექიმი“ საკეისრო კვეთასა და ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე საუბრობს.
„საკეისრო კვეთა სამეანო პრაქტიკაში უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, როგორც დედის, ასევე ნაყოფის. სანამ საკეისრო კვეთა დაინერგებოდა, ძალიან მაღალი იყო დედის და ნაყოფის სიკვდილიანობა, რადგან ვერაფრით ეხმარებოდნენ მშობიარეს, ვერ შველიდნენ. მაგრამ საკეისრო კვეთა არის ოპერაცია, რომელსაც
აქვს თავისი ჩვენება. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობით, ჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს ქალის სურვილიც, რომ ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე მოითხოვოს საკეისრო კვეთა.
ექიმი ვალდებულია, გასაგებად აუხსნას პაციენტს, რატომ უნდა იმშობიაროს ქალმა 12-16 საათის განმავლობაში, როცა 40 წუთში შესაძლებელია გაკეთდეს ოპერაცია და საღ-სალამათ ბავშვი წაიყვანოს სახლში. ამ დროს ეთიკური საკითხები წამოიჭრება ხოლმე და ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, თუ ვინმე საკეისრო კვეთითაა დაბადებული, ეს არ ნიშნავს, რომ მას რაიმე ნაკლი აქვს, მაგრამ თუ საკეისრო კვეთით დაბადებული ადამიანი ძალიან ნიჭიერია, ძალიან წარმატებული მეცნიერია, კიდევ უფრო ნიჭიერი და წარმატებული იქნებოდა, ფიზიოლოგიურად რომ დაბადებულიყო.
ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ხდება ნაყოფის ყველა სასიცოცხლო ცენტრის ჩართვა. ნაყოფი ემზადება დამოუკიდებლად არსებობისთვის.
ჩვილები, რომლებსაც სამშობიარო გზები გავლილი აქვთ,
პირველ დღეებსა თუ თვეებში სტრესის მიმართ გაცილებით გამძლენი არიან.
დღესდღეობით ამის მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ უკვე არსებობს მეცნიერული კვლევებით დასაბუთებული მოსაზრებები, რომ სხვადასხვა პათოლოგიების განვითარების რისკი, თუნდაც აუტიზმის და სხვა, საკეისროთი ამოყვანილ ბავშვებში უფრო მეტია.
ბუნებრივი გზით მშობიარობას ფიზიოლოგიური იმიტომ ქვია, რომ ეს ნორმაა, ქალის ორგანიზმი ამისთვის არის მზად. საკეისრო კვეთა მხოლოდ ნაყოფისთვის არ არის რთული, დედის ორგანიზმისთვისაც დიდი სტრესია. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ საკეისრო ტექნიკურად მარტივი პროცედურაა, ამ ოპერაციის დროს ორგანიზმს ტრავმა ადგება. ოპერაცია მაინც ოპერაციაა, მუცლის ღრუ იხსნება და არანაოპერაციევი ქალი ყოველთვის უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ნაოპერაციევი.
დღეს ცალსახად არის მიჩნეული, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას დიდი უპირატესობა აქვს საკეისრო კვეთასთან მიმართებაში.
წარმოიდგინეთ ექიმის პოზიცია. ექიმმა, რომელმაც 16 საათი უნდა გაატაროს მშობიარესთან, ამაში ნაკლებ ანაზღაურებასაც მიიღებს, ტან ვერ დაგეგმავს, როდის დაიწყება ეს პროცესი, შეიძლება რამის 4 საათზეც მოუწიოს მშობიარესთან მისვლა.
ექიმმა, რომელიც საკეისროს აკეთებს, ამაში უნდა აიღოს მეტი ანაზღაურება, 40 წუთში დაასრულოს თავის საქმე და მშვიდად წავიდეს სახლში, დაგეგმოს თავისი ცხოვრება, რადგან საკეისრო გეგმიურია.
ამ დროს ექიმი თავის ინტერესებს გვერდზე სწევს და პაციენტს ურჩევს, რომ დედისთვისაც და შვილისთვისაც ფიზიოლოგიური მშობიარობა ჯობს. მე, ექიმი, მზად ვარ, რომ 40 წუთში კი არ დავასრულო ეს ყველაფერი და გავიმარტივო ცხოვრება, არამედ შენს გვერდით ვიყო 18 საათის განმავლობაში... მაგრამ მოდი, მაინც ამ გზით წავიდეთ, იმიტომ რომ ასე ჯობია ნაყოფისთვის, დედისთვის და ზოგადად, ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის. პერინატალურ გამოსავალზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამდენად ჯანმრთელი ბავშვები დაიბადებიან, რამდენად ჯანმრთელი იქნება დედა და რამდენად ექნება შესაძლებლობა, რომ მეტი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს" - ამბობს ნიკოლოზ კინტრაია.
იხილეთ ვიდეო სრულად

4356
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები