დედის რძე რომ ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია, ამაზე უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ მსოფლიოში. მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა, რომელიც ბავშვს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. თუმცა, ლაქტაციასთან დაკავშირებით ხშირად ახალბედა დედებს ბევრი შეკითხვა აქვთ და საზოგადოებაში გავრცელებული უამრავი მითი მათზე გავლენას ახდენს. როგორ უნდა მოემზადოს დედა ლაქტაციისთვის და რძის რაოდენობა დამოკიდებულია, თუ არა ძუძუს ზომაზე, ასევე, რა პრობლემები ახლავს თან ამ პროცესს - თემაზე მამოლოგი,
თამარ აბულაძე გვესაუბრება:
- პირველ რიგში, საჭიროა, რომ დედა ორსულობის პერიოდშივე იყოს ფსიქოლოგიურად მზად იმისათვის, რომ ბავშვი ძუძუთი კვებოს. დედის განწყობა და ემოცია ლაქტაციის პროცესზე პირდაპირ აისახება. ლაქტაციას ჰიპოფიზის ჰორმონები - კერძოდ პროლაქტინი მართავს. ნებისმიერი სტრესი, დაძაბულობა, ფიზიკური გადაღლა შეიძლება ლაქტაციის შეწყვეტის მიზეზი გახდეს.
- რა პრობლემებს ვაწყდებით ლაქტაციის დროს ?
- ახალბედა დედებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ლაქტაციასთან დაკავშირებით: ძუძუს თავების დახეთქვა, ტკივილი, სისხლიანი გამონადენი ძუძუს თავებიდან, რაც ხელს უშლის ახალბედა დედას ბავშვს ბუნებრივი კვება გაუგრძელოს! ეს პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, სასურველია სამშობიაროში მშობიარობიდან რაც შეიძლება მალე დედას მიეცეს რჩევა-დარიგება, როგორ დაიმუშავოს ძუძუს თავი და მოუაროს, როგორ ჩაუდოს ჩვილს ძუძუ და ასე შემდეგ.
- არის თუ არა ლაქტაცია ძუძუს ფორმაზე დამოკიდებული?
-ლაქტაცია ძუძუს ზომასა და ფორმაზე დამოკიდებული არ არის, რძე შეიძლება სრულიად თავისუფლად მოდიოდეს, როგორც დიდი, ასევე პატარა ზომის სარძევე ჯირკვლიდან. ორსულობის პირველ პერიოდში ხსენი გამომუშავდება. ხსენი ეს არის საწყისი რძე, რომელიც მდიდარია ანტისხეულებით, შეიცავს დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონს, ცილას, ამიტომ მისი მიღება ჩვილისთვის სასარგებლოა. სასურველია ქალმა ბავშვს ძუძუ 1, 5 წლამდე მისცეს. სასურველია, როცა ბავშვი ყველანაირ საკვებს ღებულობს, ლაქტაცია ამ დროისთვის დავასრულოთ .
- რა დროს არის ძუძუთი კვება რისკი ქალისთვის?
- არსებობს დედისმხრივი და ბავშვისმხრივი პრობლემები, არსებობს ძუძუთი კვების უკუჩვენება, თუ დედას აქვს შიდსი, ტუბერკულიოზი, ძუძუს კიბო, რომელიც ორსულობის პერიოდში დადგინდა, ძუძუს თავის ჰერპესი. ბავშვის მხრივ- დღენალულობა, სუნთქვის უკმარისობა, რომელიმე ორგანოს თანდაყოლილი პათოლოგია, ამ დროს სასურველია დედამ გამოწველილი რძე მისცეს ჩვილს, როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება გადაიყვანოს ბუნებრივ კვებაზე.
- რა პრობლემები ახალავს ლაქტაციას?
- ლაქტაციის ერთ ერთი ძირითადი პრობლემაა მასტიტი. ამ დროს, განსაკუთრებით ახალნამშობიარებ ქალებში, ხდება რძის ჩაგროვება, რასაც კლინიკურად თან სდევს, კანის სიწითლე და გასქელება, ძუძუ ზომაში იმატებს და შეინიშნება სიმკვრივე, ეწყებათ შემცივნება და მაღალი ტემპერატურა. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმ მამოლოგს, რომელიც გირჩევთ, თუ როგორ გააგრძელოთ მკურნალობა. ხშირ შემთხვევაში, მასტიტი, ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს, ზოგჯერ კი მედიკამენტოზური ჩარევაც საკმარისია.
თამარ იაკობაშვილი
როდის აქვს ქალს ძუძუს კიბოს მომატებული რისკი და რა უნდა გააკეთოს მის თავიდან ასაცილებლად - მამოლოგის პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
რა იწვევს ძუძუს კიბოს და როგორ უნდა გაისინჯოთ თავად მკერდი - მამოლოგის საჭირო რჩევები