განსაკუთრებით ჩვილობისას სჭირდება პატარას დედა, ვფიქრობ, შენ რაღაც უნდა მოიკლო და შვილთან ერთად უნდა იყო მომღერალი სოფო გელოვანი უკვე ორი ბიჭის დედაა. მეუღლე და მამამთილი გინეკოლოგები ჰყავს, ამიტომ ფეხმძიმობისას ოჯახშიც კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მიუხედავად მეუღლის პროფესიისა, ნოდი ლანდიას მაინც გაუჭირდა ცოლის მშობიარობაზე დასწრება.
- აკა დაიბადა შობის წინა დღეს, 6 იანვარს, ორი-სამი კვირით ადრე გაჩნდა, ვიდრე ველოდით. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ბავშვის მამა დაესწრო მშობიარობას?
- კი, დაესწრო, ოღონდ ეს ჩემი სურვილი იყო. დათაზე მშობიარობის დროს ნოდი პეტერბურგში იყო და რაღაცნაირი დანაკლისი მქონდა მის გამო, ამიტომ ამჯერად მინდოდა, ჩემთან ერთად ყოფილიყო. სიმართლე გითხრა, მეგონა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა, ვეტყოდი, არ დაესწრო-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა ჩემთან ყოფილიყო, ამ დროს განსაკუთრებით გჭირდება ახლობელი ადამიანი, რომელიც გვერდში გეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ნოდის მშობიარობაზე დასწრების დიდი სურვილი არ ჰქონია, ჩემ გამო შეძლო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. მართალია, თავად გინეკოლოგია და ეს ყველაფერი მისთვის ახალი არ იყო, მაინც რთული აღმოჩნდა, ეს პროცესი დიდ განცდებს უკავშირდება, მით უმეტეს, როცა საქმე შენი ოჯახის წევრს ეხება.
- მშვიდი ორსულობა გქონდა?..
- კი, მაგრამ ძალიან აქტიური ვიყავი, 31 დეკემბერს მქონდა კონცერტი და 5-6 დღეში ვიმშობიარე, ბოლო დღემდე სცენაზე ვიდექი. როდესაც ფეხმძიმობა ძალიან ჩვეულებრივად მიდის, არანაირი შეზღუდვა არ გაქვს, აკეთებ იმას, რაც გინდა. მეც ისე გავატარე ორსულობა, ვერც გავიგე, არ შევუწუხებივარ ამ პროცესს, ბოლო დღეებში დავმძიმდი და მალევე გავაჩინე.
- აკა როგორი გასაზრდელია და ვის ჰგავს?
- თავიდან რომ გაჩნდა, 20 დღის განმავლობაში ძალიან მშვიდი და წყნარი იყო. ამით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ როგორც ხდება, დაგვეწყო მუცლის ტკივილი და ხანდახან ღამეებსაც ვათენებთ, ნაწლავების ჩამოყალიბებას ცოტა დრო უნდა. მეუბნებიან, 3 თვემდე იჭირვეულებსო და იმედი მაქვს, გადაუვლის. რაც შეეხება მსგავსებას, დათაც მე მგავს და აკაც. ხომ იცი, ბავშვი ყოველდღე იცვლება, მაგრამ ამბობენ, რომ მე მგავს…
- მარტო ზრდი ბავშვს თუ გყავს დამხმარე?
- ბებიები მეხმარებიან, ვცდილობ, ძიძას ავერიდო და ავცდე, ალბათ, სამომავლოდ დამჭირდება, მაგრამ ამ პერიოდში მინდა, მე გავზარდო. თუ რაღაც საქმე მაქვს, ბებიები ყველანაირად ხელს მიწყობენ, დათაზეც არ დამჭირვებია ძიძა, გვერდში მედგნენ.
- ძიძის ინსტიტუტს ეწინააღმდეგები?
- არა, არ ვეწინააღმდეგები. არიან მშობლები, რომლებსაც არ ჰყავთ დამხმარე, მუშაობენ და ასეთ სიტუაციაში აიყვან ძიძას, აბა, რა?! მეც, ადრე თუ გვიან, შეიძლება დამჭირდეს, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე კარგია დედის, ბებიის გვერდით ყოფნა, მათზე უკეთ ვინ გაზრდის?! ვერ წარმომიდგენია, შენი შვილი შენზე ან ბებიაზე კარგად ვინმემ გაზარდოს. განსაკუთრებით ჩვილობისას სჭირდება პატარას დედა, ვფიქრობ, შენ რაღაც უნდა მოიკლო და შვილთან ერთად უნდა იყო.
- ორი შვილის დედობამ ემოციური ან თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა შეცვალა?
- ორი ბიჭის დედობა უკვე სხვანაირი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტი საფიქრალი გაქვს. მიმაჩნია, რომ დღევანდელ დღეს კარგი ბიჭების გაზრდა, კარგ კაცებად ჩამოყალიბება მარტივი არაა, მაგრამ მგონია, ამ ყველაფერს თავს გავართმევ, რადგან გვერდით ისეთი მამა და ზოგადად, მამაკაცები - ბაბუები, ბიძები, გვყავს, რომ ჩემი შვილები მათგან მაგალითს აიღებენ.