ადამიანის ამქვეყნად მოვლინება უფრო დიდ ტკივილებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა ნებისმიერი სულდგმულის ადამიანის ამქვეყნად მოვლინება უფრო დიდ ტკივილებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა ნებისმიერი სულდგმულის. რატომ ხდება ასე - პასუხის მოძებნა ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სცადეს.
ითვლება, რომ ამ ტკივილით კაცობრიობა უფრო დიდი ზომის ტვინის გამო ისჯება. რაც უფრო დიდია ტვინი, მით უფრო დიდი ზომისაა ნაყოფის თავის ქალაც და აქედან გამომდინარე, მისი სამშობიარო გზაზე გამოვლა უფრო რთულდება. ამ მხრივ ადამიანი ბუნებაში "რეკორდსმენია".
ამ პროცესის გაიოლება მხოლოდ ქალის განიერ მენჯს შეუძლია. პრობლემა ისაა, რომ ქალს მხოლოდ მშობიარობის ფუნქცია კი არ დააკისრა ღმერთმა, მას სიარულიც უნდა შეეძლოს. ასე რომ, მენჯი ერთი მხრივ განიერი უნდა იყოს, რომ მშობიარობა შეძლოს, მეორე მხრივ საკმაოდ ვიწროც, რომ ორ ფეხზე სიარულისას სხეულის საყრდენი იყოს.
დღემდე მიიჩნეოდა, რომ განიერმენჯიან ქალებს სიარულისა და სირბილის დროს მეტი ენერგია ეხარჯებათ. ახალი კვლევის მიხედვით კი ეს დასკვნა ეჭვქვეშ დადგა.
მეცნიერებმა განიერ მენჯსა და ორ ფეხზე სიარულს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს, მეტიც, გამორიცხეს, რადგან გადაადგილება თანაბარ ენერგიას მოითხოვს განიერ და ვიწრომენჯიანი ქალებისგან. აქედან გამომდინარე, რაციონალური ახსნა, თუ რატომ არის ნებისმიერი ზომის მენჯის მქონე ქალი მტანჯველი ტკივილებისთვის განწირული, არ არსებობს. თუ ვიწრო მენჯს არავითარი უპირატესობა არ გააჩნია გადაადგილების საკითხში, მაშ ევოლუციის შედეგად რატომ არ მიიღო მენჯმა ის ზომა, რაც ნაყოფის "გამოსატარებლად" იქნებოდა ოპტიმალური.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შორეულ წარსულში ახალშობილის თავის ზომა გაცილებით მცირე იყო, ვიდრე დღეს. ცვლილებები დაახლოებით 10 ათასი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ე.წ. ნეოლითური რევოლუციის ეპოქაში. ამ დროს ადამიანის საცხოვრებელი პირობები მკვეთრად შეიცვალა. პრომიტიული ყოფიდან ადამიანი ნადირობაზე, მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაზე გადავიდა. ადამიანს მეტი საკვები გაუჩნდა, რომლის მოპოვებაზეც უფრო მცირე ენერგია იხარჯებოდა. თუ ადრე ქალები ენერგეტიკული შესაძლებლობის ზღვარზე იყვნენ, მოგვიანებით იმაზე მეტი ენერგია გაუჩნდათ, ვიდრე სჭირდებოდათ. ამის საფასურად კი ბუნებამ რთული მშობიარობა მოუვლინათ. შეიძლება ამაში გარკვეული ლოგიკა არის, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელსაც მრავალმხრივი მტკიცებულებები სჭირდება.