"ნუ გაიმეორებთ მირანდა კერის, ვიქტორია ბექჰემის, ბიონსესა და სხვათა გმირობებს" მშობიარობის შემდეგ სწრაფად გახდომა და ე.წ. ფორმაში ჩადგომა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ დასკვნას ლონდონის მეანთა სამეფო კოლეჯის მედიკოსები სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებენ. მათი თქმით, ვარსკვლავები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო სწრაფად ჩადგება ფორმაში, მავნე ტენდენციას აყალიბებენ.
"ნუ გაიმეორებთ მირანდა კერის, ვიქტორია ბექჰემის, ბიონსესა და სხვათა გმირობებს. ეს არა მარტო დედებისთვის, ბავშვისთვისაც საშიშია. სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდა და მომავალ დედას, რომლებსაც ჯერ გაჩენაც არ მოუსწრიათ და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ფიქრობენ ", - აცხადებენ ექიმები და ყველა ქალს ურჩევენ, რომ პროფესიონალი დიეტოლოგებისა და პირადი მწვრთნელების მეთვალყურეობის გარეშე "ელვისებური გახდომა" არ სცადონ.
მეძუძურმა დედებმა კი დიეტაზე არც უნდა იფიქრონ, რადგან საკვებზე დაწესებული შეზღუდვები ბავშვს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას მოაკლებს. ხოლო ვინც ძუძუთი არ კვებავს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ახალნამშობიარევი ქალის ორგანიზმი ისედაც სტრესის ზემოქმედების ქვეშაა და მისი გაძლიერება შეიძლება ცუდად დასრულდეს.
გარდა ამისა, აღარავინ დაობს იმაზე, რომ დედის განწყობა შვილსაც გადაეცემა, ჭამის შეზღუდვა კი უფრო ძაბავს ქალის ნერვიულ სისტემას. ეს ბავშვზეც მოქმედებს, მით უმეტეს გოგონებზე, რომლებიც ქვეცნობიერად იმახსოვრებენ და მოგვიანებით იმეორებენ დედის ქცევებს.
"ნორმალური წონა მშობიარობის შემდეგ 6-9 თვის შემდეგ ბრუნდება და ნუ დააჩქარებთ ამ ბუნებრივ პროცესს", - აცხადებენ ბრიტანელი მეანები.