როგორ გადალახეს და რა გადაიტანეს ვარსკვლავმა დედებმა რა თქმა უნდა, ყველა დედა არ აღიარებს იმას, რომ დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს ბავშვის პირველად ხელში აყვანისას. როგორც წესი, ახალგაზრდა დედებს არ სურთ ახლობლებს მოუყვნენ იმის თაობაზე, რომ რაღაცა ისე არ არის. მიღებულია, რომ ქალმა, რომელმაც იმშობიარა და აჩუქა სიცოცხლე ახალ ადამიანს - უბრალოდ ვალდებულია ანათებდეს ბედნიერებისაგან. არადა დედებს, რომლებიც თავიანთ ფიქრებთან და ემოციებთან მარტო რჩებიან, შეიძლება დეპრესია განუვითარდეთ და ეს ძალიან ხშირია. ისეც მომხდარა, მსგავს დეპრესიას ქალი საკმაოდ ცუდ მდგომარეობამდე მიუყვანია. ასე რომ, ეს ის თემაა, რომელზე საუბარიც აუცილებელია.
როგორ დავწიოთ მღელვარების გრადუსი
კარგი იქნება, თუ ნებისმიერ ქალს მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხშირად შევახსენებთ, რომ მათ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში დაუდგებიან და ანუგეშებენ. ეტყვიან, რომ ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება და რომ მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. მაგრამ ყოველთვის ყველა ახლობელი ასე როდი იქცევა...
მაგალითად, ბრიტნი სპირსის ყოფილი მეუღლე კევინ ფედერლაინი მეორე შვილის დაბადების შემდეგ 2 თვეც ვერ გაჩერდა „გადაღლილ“ მეუღლესთან.
დრიუ ბერიმორის ქმარმა კი შვილის გაჩენიდან მალევე შეიტანა განქორწინებაზე დოკუმენტები: ამბობენ, იგნორირებას ვერ უკეთებდა თავისი ცნობილი მეგზურის გაუთავებლად ცუდ ხასიათზე ყოფნას.
საკმაოდ მძიმე დეპრესიული პერიოდი გაიარა ბრუკ შილდსმა და მხოლოდ ანტიდეპრესანტები დაეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში. იმასაც კი ამბობს, რომ ხანდახან ისეთ მდგომარეობაში იყო, ყველა ბავშვს აიყვანდა ხელში, ოღონდ თავის ახალშობილ გოგონას არა. "ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ჯობდა, მას ჩემთან და ჩემს ქმართან არ ეცხოვრა. საშინელი გაუცხოება მქონდა", - იხსენებს ბრუკი პირველი შვილის დაბადების პერიოდს. მეორე შვილზე გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს.
არანაკლებ გაუჭირდა გვინეტ პელტროუს. "თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ზომბი ვიყავი. მეორე შვილის დაბადების შემდეგ იმ ნეტარებასა და ეიფორიას ველოდი, რაც პირველზე მქონდა. თუმცა ამის ნაცვლად შევეჩეხე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს. ეს ნამდვილი დეპრესია იყო", - იხსენებს გვინეტი.
სტატისტიკის თანახმად, 50-დან 70%-მდე ახალგაზრდა დედებისა „ავადდება“ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით, რაც განპირობებულია მშობიარობის შემდგომ ქალის ორგანიზმში მიმდინარე მკვეთრი ჰორმონალური ცვლილებებით. ხოლო 0,1-0,2%-ს უვითარდება მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი.
როდესაც ხარ უძილო და გადაღლილი...
«ჩვეულებრივი დაღლილობა გაივლის დასვენებისა და ძილის შემდეგ. დეპრესიას უფრო მძიმედ მიმდინარე სხვადასხვა ჩივილი აქვს: ინტერესის დაკარგვა, ხასიათის ცვალებადობა, ადამიანებთან (გარშემო მყოფებთან) ურთიერთობაზე უარის თქმა და სხვა. ყურადღებით წაიკითხეთ ჩამონათვალი, რაც დამახასიათებელია მშობიარობის შემდგომი დეპრესიისათვის:
· სიხარულის დეფიციტი. შეგრძნება, რომ ყველაფერი ცუდად არის;
· გაღიზიანებადობა, ტირილის სურვილი;
· ბავშვი იწვევს გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტირის;
· გრძნობა, რომ ახლობლები ვერ უგებენ და მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ;
· დაუცველობის, უუნარობის შეგრძნება. სურვილი სადმე გაქცევის და დამალვისა.
· მომატებული შფოთვა ბავშვზე, ამავდროულად სიხარულის არქონა ბავშვთან კონტაქტის დროს.
· დაძაბულობის მაღალი მაჩვენებელი, ნეგატიური ემოციების შეკავება (შიგნით ყველაფერი შეკუმშულია ზამბარასავით);
· სექსუალური სურვილის დაქვეითება ან არქონა;
· საკუთარი გარეგნობისადმი ზიზღი (არ უნდა სარკესთან მისვლა);
· ძილისა და მადის დაკარგვა.
"თუ თქვენ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ოთხსაც კი, ეს იქნება მიზეზი იმისა, რომ მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც სწორად მოახდენს თქვენი მდგომარეობის კვალიფიცირებას“, - გვირჩევს ფსიქოლოგი.
იმითაც კი, თუ რომელ მხარეს უჭირავს დედას ხელში ბავშვი, შეიძლება დადგინდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის არსებობა. 86% დედებისა, რომელთაც არ აღენიშნებათ დეპრესია, ბავშვი უჭირავთ მარცხენა ხელში და საუბრობენ დაბალ ტონზე, ხოლო 32%-ს, რომელთაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს - ბავშვი მარჯვენა მხარეს უჭირავთ. ასევე გაითვალისწინეთ: არის ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია - დეპრესია შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარისებური ჯირკვლის პრობლემასთან, ტოქსოპლაზმოსთან, რკინის დეფიციტთან, რიგი სხვადასხვა საგულე პრეპარატის მიღებასთან და სხვა.
ფრთხილად, ბავშვებია!
ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა დედის მდგომარეობის მიმართ. მათ შორის ხომ ძლიერი ემოციური კავშირია. ტყუილად არ არის ნათქვამი: „ბედნიერი დედა - ბედნიერი ბავშვები“. ამიტომ საჭიროა დედა იყოს მშვიდი და ბედნიერი. მით უმეტეს, თუ ბავშვი ძუძუზეა - მას პირდაპირ გადაეცემა დედის ემიციები, განწყობა.
იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს დედა, რამდენიმე რამაა საჭირო:
აღიარეთ, რომ პრობლემა არსებობს და რჩევისათვის მიმართეთ სპეციალისტს. აუცილებლად გაუზიარეთ თქვენი გრძნობები ოჯახის წევრებს და მიიღეთ მათი დახმარება. თქვენს პატარას სჭირდება არა იდეალური, არამედ ბედნიერი დედა, რომელსაც თავისი თავისთვისაც რჩება დრო. გახსოვდეთ, რომ ექიმები იძლევიან საიმედო პროგნოზს, როდესაც საუბარი ეხება მშობიარობის შემდგომ დეპრესიას!