რით უნდა იკვებოს ორსული, რომ "სტრიები" არ გაუჩნდეს - მშობლები

რით უნდა იკვებოს ორსული, რომ "სტრიები" არ გაუჩნდეს

2014-08-15 17:25:47+04:00

სტატისტიკის თანახმად, კანზე ნახეთქები, ე.წ. სტრიები ორსულთა 95%-ს უჩნდება ორსულობის შემდეგ რომ თქვენი სხეული უწინდებურად უზადო იყოს, ექსპერტები გამორჩეულად კვებასა და კანის დატენიანებას გირჩევენ.

სტატისტიკის თანახმად, ორსულთა 95%-ს კანზე ნახეთქები, ე.წ. სტრიები უჩნდება. როცა ნაყოფი წონაში მატულობს, მუცლის მოცულობაც ინტენსიურად იზრდება. ამ დროს ნივთიერება კოლაგენის ნაკლებობის გამო კანზე ატროფირებული უბნები ჩნდება. ამ ნახეთქებთან ბრძოლა ძალიან ძნელი და ძვირად ღირებული პროცესია. გაცილებით მარტივი და ჭკვიანურია მისი პროფილაქტიკა.

როგორ ავიცილოთ თავიდან "სტრიების" გაჩენა? ექსპერტები გირჩევენ, კვების მენიუ ისე შეადგინოთ, რომ მასში რაც შეიძლება ბევრი ცილოვანი ნივთიერება იყოს. კოლაგენი სწორედ ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმის ქსოვილშემაერთებელ ფუნქციას ასრულებს. ორსულის რაციონში უნდა შედიოდეს ქათმის თეთრი ხორცი, ძროხის ხორცი, თევზი (განსაკუთრებით კალმახი და ორაგული), ხაჭო და კეფირი, ბრინჯი და წიწიბურა.

ამის გარდა, საჭიროა მუცელზე, მკერდსა და თეძოებზე კანის კარგად დატენიანება. საამისოდ მომავალი დედებისთვის საგანგებო კოსმეტიკური ხაზები არსებობს. "სტრიების" კარგ საპროფილაქტიკო საშუალებად მიიჩნევა "ბანდაჟისა" და მოხერხებული, ხარისხიანი ბიუსტჰალტერის ტარებაც.