ორსულობისას რომ ჩიყვი არ დაგემართოთ და არ გასუქდეთ - როგორ უნდა მოიქცეთ ენდოკრინული პრობლემები - ჩიყვი, დიაბეტი, ასევე სიმსუქნე ხშირად ხდება პრობლემატური საკითხები ორსულობის დროს. კლინიკა ჯანმრთელობის სახლის ენდოკრინოლოგი ნინო ბიბილაშვილი მოგვცემს რეკომენდაციებს.
- ორსულობა ჯანსაღი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმი მნიშვნელოვან ფიზიკურ თუ ქიმიურ ცვლილებებს განიცდის. აღნიშნული ცვლილებები ფიზიოლოგიურია და აუცილებელია ნაყოფის ჩამოყალიბებისა და ზრდა-განვითარებისთვის. ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ორსული ქალის ადაპტაციურ მექანიზმებში მონაწილეობს, და შესაბამისად ორსულობის დროს 30-50%-ით მეტი მუშაობა უწევს. ჯანმრთელ ორგანოს საამისო რეზერვი აქვს და ახალ გარემოსთან შეგუებას თავადვე ახერხებს. მაგრამ ორსულობა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, რაც ფარულად მიმდინარე პათოლოგიის გამომჟღავნებას ან არსებულის პროგრესირებას უწყობს ხელს. განსაკუთრებული სიხშირით გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – ჰიპოთირეოზი. მის ფონზე მიმდინარე ორსულობისას ძალზე ხშირია ისეთი გართულებები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ანემია, ნაყოფის განვითარების მანკები, სპონტანური აბორტი და მრავალი სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ ორსულობის პირველი ტრიმესტრი. ეს პერიოდი კრიტიკულია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის და ორგანოგენეზის ჩამოყალიბებაში, ვიდრე ნაყოფს საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი განუვითარდება, ეს დედის ჰორმონებმა უნდა უზრუნველყოს. საყურადღებოა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობაში არ იტარებდნენ (ან არასათანადო დოზით იტარებდნენ) ჰიპოთირეოზის მკურნალობას, თანატოლებთან შედარებით 7 ქულით დაბალი IQ ჰქონდათ და 3-ჯერ უფრო ხშირად აღენიშნებოდათ სწავლის პრობლემები. ბუნებრივია, ასეთი დარღვევების დროული გამოვლენა და მკურნალობა დიდ მნიშვნელობას იძენს. ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი იწვევს. ამ დროს ორგანიზმის იმუნური ფარისებრ ჯირკვალს უცხო სხეულად აღიქვამს და ებრძვის.
- როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა გამოვყოთ ორსულთა ორი ჯგუფი: ისინი, ვისაც დაორსულებამდე ჰქონდათ გამოვლენილი ესა თუ ის პათოლოგია და იტარებდნენ შესაბამის მკურნალობას, და ისინი, ვისაც დაორსულების შემდეგ დაუდგინდათ გარკვეული დარღვევა. თუ ქალი ჩანაცვლებით თერაპიაზე იყო და იღებდა ლევოთიროქსინის პრეპარატს, რეკომენდებულია დოზის გაზრდა (ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ძლიერდება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა). ძირითადი ობიექტური კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ორსული ქალის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, TSH-ის დონეა.
ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის ბოლო რეკომენდაციებით, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში TSH 0.03–2.5 მმოლ/ლ–ის დიაპაზონში უნდა მერყეობდეს, ხოლო მესამე ტრიმესტრში, 0,13–3 მმოლ/ლ–ის დიაპაზონში. მაშინ როდესაც საერთო პოპულაციისთვის მიღებული ნორმა 0,4–4 მმოლ/ლ–ია. საუკეთესო ვარიანტში , ორსულობის დაგეგმვის, ან ორსულობის დადგენისთანავე ქალმა უნდა ჩაიტაროს TSH–ის სკრინინგი და თუ ზემოთ აღნიშნულ ნორმებს არ შეესაბამება, ამ შემთხვევაში მიმართონ ენდოკრინოლოგს.
"დიდი ზომის ნაყოფი აუცილებლად ჯანმრთელს არ ნიშნავს" - ორსულობა და დიაბეტი
- ჭარბი წონა ზოგადად და ჭარბი წონა ორსულობისას - პრობლემა, რომელიც ქალების უმრავლესობას აწუხებს. თუ შეიძლება მოგვეცით რჩევები, როგორ დაიცვას თავი ორსულმა და მეძუძურმა დედამ წონის მატებისგან?
- პირველ რიგში, ორსულმა კალორაჟის თვალსაზრისითარ უნდა ჭამოს „ორისთვის“. ჯანსაღი კვება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზეა მნიშვნელოვანი, მაგრამ ორსულ ქალს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს და გარდაუვლად უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. ორსულმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ყველაფერი, რასაც ის მიირთმევს, ნაყოფის განვითარებაზე მოახდენს გავლენას. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღიური კალორაჟის მოთხოვნილება იზრდება მხოლოდ დაახლოებით 200-300 კკალორიით, ისიც მეორე ტრიმესტრიდან. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. როგორც ხედავთ, ორსულობისას უპირატესობა ენიჭება არა იმას, თუ რა რაოდენობით მიიღებს ორსული საკვებს, არამედ იმას, თუ რამდენად ბალანსირებული და რაციონალური იქნება კვება.
ზოგადი რეკომენდაციების სახით, უმჯობესია ორსულმა მიიღოს საკვები ხშირად და მცირე ულუფებით, ყურადღება მიექცეს ისეთი მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა კალციუმი, რკინა, იოდი, ფოლიუმის მჟავა. შესაბამისად იზრდება რძის და პროტეინებით მდიდარი პროდუქტების როლი. მნიშვნელოვანია ხილის, ბოსტნეულის და ბურღულეულის მიღება. ორსულის საკვები მდიდარი უნდა იყოს ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმებით. ორსული უნდა მოერიდოს ალკოჰოლს, თამბაქოს მოწევას და მწეველებთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნას, ჭარბი რაოდენობით შაქარს და ტკბილეულს, ცხოველურ ცხიმებს, კონსერვირებულ პროდუქტებს, ნახევრად შემწვარ ან ნახევრად მოხარშულ ხორცეულსა და თევზს, შეზღუდოს მარილიანი საკვები და კოფეინით მდიდარი სასმელები. და ბოლოს, აუცილებელია ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სულ მცირე 30 წუთი კვირაში 5 ან მეტჯერ ( მაგ. ეს იქნება სიარული თუ ცურვა).
ციცი ომანიძე