გადაეცემა თუ არა დიაბეტი მშობლისგან შვილს - ენდოკრინოლოგის პასუხები დიაბეტი ორსულოებში, როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემის გამწვავება, რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს ლაქტაციის შესახებ და გადაეცემა თუ არა დაავადება ბავშვს - კლინიკა ჯანმრთელობის სახლის ენდოკრინოლოგი ნინო ბიბილაშვილი გვიპასუხებს აღნიშნულ შეკითხვებზე
- ორსულებთან ორი ტიპის დიაბეტს ვაწყდებით – გესტაციურსა და პრეგესტაციურს. გესტაციურია დიაბეტი, რომელიც პირველად ორსულობისას გამოვლინდა, ხოლო თუ ქალს დაორსულებამდეც ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 1 ან ტიპი 2, მაშინ საქმე პრეგესტაციურ დიაბეტთან გვაქვს. ექიმის მიდგომა და ორსულის მართვა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ დიაბეტთან გვაქვს საქმე.
ქალმა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, აუცილებლად უნდა დაგეგმოს ორსულობა და ამისთვის საგანგებოდ მოემზადოს. უდიდესწილად სწორედ მოსამზადებელ პერიოდზეა დამოკიდებული ორსულობის მიმდინარეობა და გამოსავალი. სხვაგვარად შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები განვითარდეს, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ყველაზე გავრცელებული გართულება სპონტანური აბორტია. მეორე და მესამე ტრიმესტრში ყველაზე არასასურველი გართულებებია მაკროსომია (დიდი ზომის ნაყოფი), მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა. ვინაიდან ნაყოფს სავსებით ჯანმრთელი კუჭქვეშა ჯირკვალი აქვს, დედის სისხლში შაქრის მაღალ დონეს ის ადეკვატურად, ინსულინის დონის მატებით პასუხობს. შესაბამისად, ნაყოფი მუდმივი ჰიპერინსულინემიის მდგომარეობაში იზრდება. ინსულინი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას უწყობს ხელს, რაც დიდი ზომის ნაყოფის ჩამოყალიბებას განაპირობებს. დიდი ზომის ნაყოფი ჯანმრთელს არ ნიშნავს. მას ნივთიერებათა ცვლა დარღვეული აქვს და დიდია შანსი, მოგვიანებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 განუვითარდეს. ამ და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ ქალებს, დაორსულებამდე მოაგვარონ ყველა აღნიშნული პრობლემა. მართებული მიდგომა არა მარტო ორსულობის დაგეგმვას, არამედ მისი მიმდინარეობის მუდმივ კონტროლს, ექიმის მეთვალყურეობასაც გულისხმობს. ეს ნორმალურად მიმდინარე ორსულობის მთავარი პირობაა.
- როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: ბალანსირებული კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები. ამასთან, ხშირი გლიკემიის კონტროლი და შესაბამისად მკურნალობის კორექცია. ასეთ პირობებში არც ორსულს და არც ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება.
რა უნდა იცოდეთ ორსულობისას ენდოკრინულ პრობლემებსა და სიმსუქნეზე - სპეციალისტის რჩევები
- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დედას შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 აქვს, ბავშვისთვის მისი გადაცემის ალბათობა 1-4%-ია, მაგრამ როცა მამაა დაავადებული, ნაყოფისთვის დიაბეტის განვითარების რისკი მატულობს 2-დან 6%-მდე, ხოლო თუ ორივე მშობელია დაავადებული - 26%-მდე. ეს ეხება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ს, მემკვიდრეობით უფრო ხშირად ტიპი 2 დიაბეტი გადაეცემა. ასე რომ, თუკი ბებიას მოხუცებულობისას შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი გამოაჩნდა, მოსალოდნელია (თუმცა არა გარდაუვალი), იმავე ასაკში დაავადება შვილიშვილსაც გამოუვლინდეს, მაგრამ თუკი ბავშვს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი დაემართა, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება მემკვიდრეობით ბებიისგან მიიღო. თუ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ით ავად არის რომელიმე მშობელი, და ან ძმა, ბავშვისათვის მისი რისკი 5%-ს არ აღემატება, ხოლო თუ დიაბეტი აქვს ორივე მშობელს ან იდენტურ ტყუპისცალს, ალბათობა 30-50%-მდე იზრდება.
- სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტი "ჩუმად მიმდინარე" დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. გლუკოზის დონის ზომიერ მომატებას არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან და შეიძლება დაავადებული ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერაფერს გრძნობდეს. ეს ძირითადად ეხება ტიპი 2-ს. უმეტესად დიაგნოზის დასმა წლობით გვიანდება, რის გამოც დიაგნოზის დასმის მომენტში ასეთ პაციენტებს უკვე აღენიშნებათ ისეთი გართულებები, როგორიცაა გულის კორონალური დაავადება, არსებობს პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებების, დისლიპიდემიის, ინსულტის და ჰიპერთენზიის მაღალი რისკი. ხანგრძლივად მიმდინარე დაავადების ან მაღალი გლიკემიის შემთხვევაში ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს ძლიერი წყურვილი, გახშირებული შარდვა, სისუსტე, ადვილად დაღლა, ქავილი, კანის მორეციდივე დაავადებები, ჭრილობის შეხორცების გაძნელება, საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები, მადის გაძლიერებ და სხვა.
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (ანუ იუვენილური) ჩვეულებრივ მწვავედ იწყება: გაძლიერებული წყურვილით, გახშირებული შარდვით, წონაში კლებით, მხედველობის დაბინდვით, სხვადასხვა ინფექციებისადმი მიდრეკილებით. ბავშვების უმეტესობას აღენიშნება დაღლილობა, სისუსტე, აპათია.
ციცი ომანიძე