ქალაქში კარგი, გამოცდილი რადიოლოგის ძიებას თუ დაიწყებთ, ბადრი შარიქაძის სახელი აუცილებლად შეგხვდებათ. ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ იყო დრო, როცა პაციენტები მასთან ექოსკოპიის გაკეთებაზე უარს ამბობდნენ. დღეს კი ის ერთ-ერთი მოთხოვნადი რადიოლოგია და მასთან ვიზიტზე ჩაწერა საკმაოდ რთულია. შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ბადრი შარიქაძე უკვე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში იღებს პაციენტებს. ინტერვიუს ჩასაწერადაც სწორედ თოდუას კლინიკაში ვეწვიეთ და განვლილ გზასა და პროფესიაზე ვესაუბრეთ, ექსკლუზიურად mshoblebi.ge-სთვის.
- თავიდან ექიმობა არ მინდოდა, მათემატიკა-ფიზიკაზე ვფიქრობდი, უფრო ტექნიკური საგნებისკენ ვიყავი მიდრეკილი, ბოლო წლებში ოჯახში სამედიცინო გზით წასვლა მირჩიეს, მეც დავინტერესდი და ჩავაბარე. რადიოლოგობა ჩემს ინტერესში არ შედიოდა, კარდიოქირურგია მაინტერესებდა, მაგრამ ჩემი სტუდენტობის ბოლო წლები ისეთ ცუდ პერიოდს დაემთხვა, შეიძლებოდა ექიმობა საერთოდ ვერც გამეგრძელებინა. დღეს, ჩემი კურსელებიდან ბევრი ექიმი არ არის, სხვადასხვა სფეროში წავიდნენ და იქ მიაღწიეს წარმატებას. ბატონი გურამ ტატიშვილი, დამსახურეული ექიმი, ჩემი მეგობრის მამა იყო. სტუდენტობის ბოლო კურსზე, სწორედ ბატონმა გურამმა წაგვიყვანა თავის კერძო კლინიკაში, გვითხრა, თუ სხვა რამეზე არ ფიქრობთ და კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგიღიათ, წამოდით, გაგაცნობთ გარემოს, საქმეს და თუ მოგეწონებათ, დარჩითო. ძალიან მომეწონა რადიოლოგია და ამ გზას გავყევი, მერე და მერე კი, საქმეში უფრო შემიყვარდა.
- ერთ-ერთი მოთხოვნადი რადიოლოგი ბრძანდებით, რამდენად რთული გზა გამოიარეთ აქამდე?
- უკვე მეოცე წელია ამ საქმეს ვემსახურები, თუმცა თავიდან დიდი წარმატებით არ დამიწყია. იყო პერიოდი, როცა დღეში ერთ პაციენტსაც კი ვერ ვსინჯავდი, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და თვითონ პაციენტსაც ერიდებოდათ მოსვლა, იყო შემთხვევები, რომ დამინახავდნენ, ბავშვია, ამასთან როგორ შეიძლება ექოსკოპიაზე მისვლაო და უკან ბრუნდებოდნენ... არადა, მე უკვე მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი, მზად ვიყავი სამუშაოდ და ამ დროს ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, შემოუხედავს პაციენტს და რომ უნდა შემოსულიყო, უკან გაბრუნდებულა. რასაკვირველია, ეს იმ მომენტში არ გსიამოვნებს, მაგრამ მერე ნელ-ნელა მოვეწონე ექიმებსაც, პაციენტებსაც, ჩვენი დასკვნები სანდო გახდა და აქამდე მოვედი.
- ბატონო ბადრი, როგორები არიან ორსულები დღეს და რა მოთხოვნები აქვთ?
- მეტად ინფორმირებულები, ვიდრე 10-15 წლის წინ, ბევრი რამ იციან, მეტს ითხოვენ და მეტად პრეტენზიულებიც არიან. აპარატურაშიც კარგად ერკვევიან. ვინც საქმეში ნამდვილად კარგადაა ჩახედული, იცის, რომ მთავარი ექიმის მიდგომა და სწორი დიაგნოსტიკაა, ბევრი კი მხოლოდ აპარატზე ამახვილებს ყურადღებას, თუ არის 4დ ამით ინტერესდებიან. ჰგონიათ, 4დ აპარატით ყველაფერი გამოჩნდება. ექიმს აპარატი ვერ ჩაანაცვლებს, უბრალოდ ის ხელშემწყობი და დამხმარეა. ორსულების დიდი ნაწილი მოდის დაუნის სინდრომის გამოსარიცხად, ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ექოსკოპიით ირკვევა. რეალურად დაუნის სინდრომის არსებობის 100%-ით დადგენა ექოსკოპიით შეუძლებელია, უბრალოდ ვახდენთ ხოლმე რისკჯგუფების შედგენას და შემდეგ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ვფიქრობთ, ხომ არ ჯობია უფრო ზუსტი მეთოდებით მოხდეს კვლევა.
- ორსულობის სწორი მონიტორინგისთვის მხოლოდ მე-12 კვირაზე ძლიერ რადიოლოგთან ვიზიტი საკმარისია? მსმენია, რომ ამბობენ, 12 კვირაზე წავალ შარიქაძესთან და გავიგებ ყველაფერს, დანარჩენ კვლევებზე კი სხვასთან დადიან...
- ხშირია ასეთი შემთხვევა, 12 კვირაზე განსაკუთრებით ბევრი ორსული მოდის. მე-12 კვირაზე უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი მე-20-22-ე კვირის ეტაპი - როდესაც ყველა ორგანო უკვე ჩამოყალიბებულია და უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძელებლი. მე-12 კვირაზეც ბევრი რამ დგინდება, მაგრამ ყველა ორგანოზე ვერ იღებ ამომწურავ ინფორმაციას, ყველანაირი ანომალია და სიმახინჯე არ გამოირიცხება მე-12 კვირაზე, მე-20-22-ე კვირაზე კი - ფაქტობრივად, ყველაფერი ჩანს, რაც ექოსკოპიურ კვლევას შეუძლია რომ დაინახოს. მე-12 კვირაზე ძირითადი აქცენტი კეთდება კისრის ნაოჭის და ცხვირის ძვლის გაზომვაზე, რითიც თითქოს დაუნის სინდრომის დადგენა ხდება, მაგრამ ეს უტყუარი არ არის, ამ ინფორმაციით შეგვიძლია რისკ-ჯგუფის შედგენა მოვახდინოთ.
- მავნებელია თუ არა ორსულობის დროს ექოსკოპიის ბევრჯერ გაკეთება?
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ანუ ექოსკოპია არის ბგერით დანახვა, რასაც გამოსხივებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ორსულებისთვის ეს საუკეთესო მეთოდია, რადგან გახლავთ უვნებელი, ინფორმატიული და ხელმისაწვდომი. აქვე აღსანიშნავია, რომ თოდუას სამედიცინო ცენტრში სამეანო და გინეკოლოგიურ კვლევებს ვატარებთ ბოლო თაობის აპარატით, რაც ვიზუალიზაციის შეუდარებელ ხარისხსს გვაძლევს.
- მართალია, რომ არანაჯსაღი კვება, „ფასთ ფუდი“ და ა.შ. შესაძლოა ანომალიების გამომწვევი მიზეზი გახდეს?
- სანამ ემბრიონალური განვითარების პერიოდშია ბავშვი, მავნე ზემოქმედება უფრო მეტად აისახება ანომალიების განვითარების თვალსაზრისით, შეიძლება არაჯანსაღმა საკვებმაც კი ისეთი ანომალია გამოიწვიოს, რასაც მერე ვეღარ შეცვლი. მაშინ როცა ბავშვი უკვე ჩამოყალიბებულია, ანომალიები აღარ ვითარდება, თუმცა, შესაძლოა სიმსივნური, ანთებითი პროცესები განვითარდეს.
- გიწევთ ხოლმე პაციენტისთვის თქმა, რომ უნდა შეწყდეს ორსულობა?
- ჩემი ვალია მშობელს მივაწოდო სწორი ინფორმაცია, გადაწყვეტილება კი თვითონ უნდა მიიღოს. ვუხსნი დეტალურად, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და მომავალში რა გართულება მოჰყვება, დანარჩენი თავად უნდა გადაწყვიტოს. ყველა სხვადასხვანაირ გადაწყვტილებას იღებს, ყოფილა შემთხვევა, როცა ტვინის ქალის ძვლები არ ჰქონია ნაყოფს და ტვინი განუვითარებელი იყო, ბავშვი ჯანმრთელი ვერ იქნებოდა, მაგრამ დედას მიუღია გადაწყვტილება, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად გაეგრძელებინა ორსულობა. ამის ფონზე მქონია ისეთ შემთხვევებიც, რომ სქესის გამო შეიძლება ჯანმრთელი ბავშვი მოიშოროს მშობელმა. ჩემი ამოცანა, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდო მშობლებს, რადგან თითოეული ბავშვის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მას უნდა გავუფრთხილდეთ.
- სელექციური აბორტების სიმრავლის გამო, მე-12 კვირაზე სქესის გამხელა იკრძალება?
- ვინც ამ მიზნით მოდის, არ ვსინჯავთ საერთოდ. თუ მხოლოდ სქესი აინტერესებს ამ ვადაზე, ასეთ პაციენტს არ ვიღებ. როცა ვიცი, რომ პირველ ბავშვს აჩენს, ან ორსულობა დაგეგმილია, ამ შემთხვევაში ვეუბნები სქესს, მე-12 კვირაზე ისედაც ვარაუდით ვამბობთ სქესს, თუმცა თუ სქესი გადამწყვეტია, არ ვსინჯავთ.
- წინასწარ თუ შეიძლება სქესის დაგეგმვა და რამდენად ამართლებს?
- შეიძლება, მაგრამ უტყუარი არ არის, არის რაღაც-რაღაც მეთოდები, რითიც გოგოს ან ბიჭის ჩასახვის ალბათობა იზრდება, მაგრამ 100 %-იანი არ არის.
- ექოსკოპიას თუ ესწრებიან ხოლმე მამაკაცები და როგორი რეაქციები აქვთ?
- კი, ხშირად ესწრებიან, ზოგი მამა უფრო მეტად განიცდის, ვიდრე დედა, ძირითადი აქცენტი მაინც სქესზეა ხოლმე. ხშირად ამბობენ მამები, რომ გოგო უნდათ, თუმცა როცა იგებენ, რომ ბიჭია, მაინც განსაკუთრებულ სიხარულს ვატყობ (
იღიმის).
- რაზე უნდა გაამახვილოს ორსულმა ყურადღება და რა არ უნდა გამორჩეს?
- გინეკოლოგთან დროული ვიზიტი და მისი რჩევების გათვალისწინება. რაც შეეხება ექოსკოპიას, ძალიან მნიშნელოვანია ვადების სწორად შერჩევა. ამას გარდა, ძალიან ნანერვიულები და დაღლილი ქალი რომ მოდის, საშვილოსნოს ტონუსი ისეთი მომატებულია, ბავშვის დანახვა ძალიან ჭირს, ამით კი ქალიც ზარალდება და ექიმიც, იმიტომ რომ შესაძლოა, ის ინფორმაცია ვერ მიიღოს, რასაც ელოდება, ამიტომაც მომზადებული მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია, დამშვიდებული, დასვენებული უნდა მოვიდეს ექოსკოპისტთან ქალი შესაბამის ვადაზე.
- თუ შეიძლება, რომ ვადები განგვისაზღვროთ უფრო დეტალურად...
- პირველი ექოსკოპია უნდა გაკეთდეს ორსულობის დადგენის მიზნით, ორსულობა საშვილოსნოშია, მის გარეთაა თუ სად არის. მეორე ეტაპია - ხომ ცოცხალია ბავშვი და საერთოდ არის თუ არა ბავშვი სანაყოფე პარკში, ჩასახვიდან 4 კვირის შემდეგ ამის გარკვევა ხდება.
შემდეგი უკვე ყველაზე პოპულარული მე-12 კვირაა, თუმცა მაინცდამაინც 12 არაა გამართლებული, მე-11-დან მე-14 კვირამდე შესაძლებლია კისრის ნაოჭის გაზომვა, მე მაინც უფრო მე-14 კვირაში ვურჩევ ხოლმე მოსვლას, რადგან ამ ვადაზე კისრის ნაოჭს, ცხვირის ძვალსაც ვზომავთ და მე-14 კვირაზე უფრო მეტადაა ჩამოყალიბებული ბავშვი და მეტი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია. შემდეგია მე-20-22-ე კვირა, ორგანოების დეტალურად დათვალიერება, რამე ცვლილებები ხომ არ მოხდა, როგორ იზრდება ბავშვი. ზრდის პროცესი შეიძლება 20-22 კვირაზე მოგვეწონოს, მაგრამ 30-ე-32-ე კვირაზე ვიზიტი ასევე აუცილებელია, რადგან შესაძლებელია ჩამორჩეს ბავშვი ზომაში, გაჩნდეს სიმსივნური წარმონაქმნი, თიაქარი. თუ 20-22 კვირაზე მოგვწონს ყველაფერი, განვითარების სიმახინჯე, ანომალია არ არის, ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ დაავადების წარმოქმნის მხრივ ეს საბოლოო პასუხი არ არის, სიმსივნური პრობლემები, თიაქრები, ანთებები და ზრდაში შეფერხება მაინც შეიძლება დაფიქსირდეს და ამას ვამოწმებთ 30-ე-32-ე კვირაზე. თუ ყველაფერი კარგადაა, 32 კვირის შემდეგ საკუთარი სურვილით ან გინეკოლოგის რჩევით იკეთებენ ექოსკოპიას.
- და თუ ვთქვათ დაფიქსირდა შეფერხება ზრდაში, რა ხდება?
- არსებობს სტანდარტები და თუ ამ სტანდარტების მინიმუმს აკმაყოფილებს, მაინც ნორმად ვთვლით, მაგრამ თუ ამ ფარგლებასც ჩასცდა, ვეუბნებით, რომ არის პრობლემა და მერე გინეკოლოგი ერთვება, ხან სწორდება მდგომარეობა, ხან - შეუძლებელია გამოსწორება. თუ ორსულობა 7 თვემდე მაინც აღწევს და რთული შემთხვევაა, ვთქვათ სისხლის მიმოქცევის რთული დარღვევა, შეიძლება საკეისრო კვეთით გამოიყვანონ ბავშვი და გადარჩეს. რასაკვირველია უმჯობესია ნაყოფი ბოლომდე გაჩერდეს დედის ორგანიზმში, მაგრამ ეს მდგომარეობა ექიმმა უნდა შეაფასოს, არის შემთხვევები, როცა შესაძლოა ბავშის გარეთ გამოყვანა უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე მუცელში გაჩერება. რთულია ამის შეფასება და ამიტომაცაა გინეკოლოგის მუდმივი კონტროლი საჭირო. თუ პრობლემა დავინახეთ, შეიძლება ექოზე ყოველდღეც დავიბაროთ პაციენტი.
- რამდენად ხშირად მოდიან არა ორსული ქალები პროფილაქტიკის მიზნით, მაშინ როცა არაფერი აწუხებთ?
- საკმაოდ ხშირად მოდიან გადასამოწმებლად. თუმცა ასევე, ბევრი მოდის უშვილობის პრობლემით, მიზეზს ეძებენ ხოლმე. ძირითადი მიზეზი მაინც მილების გაუვალობაა, რომელიც ჩვეულებრივი ექოსკოპიით არ დგინდება. სპეციალური კვლევაა საჭირო, კონტრასტი შეჰყავთ საშვილოსნოს ღრუში და აკვირდებიან როგორ გადადის მილებში, ან თუ გაუვალია მილი ანთებითი პროცესის გამო, ამის დანახვა შესაძლებელია ჩვეულებრივი ექოსკოპიით, ამას გარდა ხშირია ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიები, პოლიპები, მიომატოზური კვანძები, მაგრამ თუ საშვილოსნოს ღრუში არ არის შეჭრილი, არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს.
- რა სიხშირით უნდა იაროს ქალმა ექიმთან პროფილაქტიკის მიზნით?
- ხშირი სიარული არ არის მავნე არც ორსულისთვის და არც არა ორსული ქალისთვის, რაც ხშირად ივლის, უფრო ინფორმირებულ იქნება საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ სასურველია გადამოწმება. მით უმეტეს, რომ ქალის ორგანიზმში ყოველთვე დიდი ცვლილებები ხდება. 2 კვირაში ერთხელაც კი შეიძლება საერთოდ შეცვლილი სურათი დაგვხვდეს, ციკლის პერიოდთან დაკავშირებით დიდი ცვლილებებია. ექიმთან ვიზიტი მაინც ჯობია ახლად დამთავრებულო ციკლის შემდეგ, რომ არ შევხვდეთ საკვერცხის კისტებს, რომელთა უმეტესობა ფუნქციური კისტებია და ციკლის წინა პერიოდში ქალების უმეტესობას აქვს. მაგრამ, კისტის ნახვა მაინც ეჭვს ბადებს და ამის გამო მეორე ნახვა მაინც გვიწევს ციკლის დასრულების შემდეგ.
ციცი ომანიძე