დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს მიმართავს: "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებს, რომ ორსულობის პერიოდში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება! ორსულებს უტარდებათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!"
რატომ არ შეიძლება ორსულობის დროს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება და ზოგადად, როგორია წითელაზე მიმართვიანობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს დავუკავშირდით:
- წითელას ვაქცინა შეიცავს ცოცხალ ვირუსს და, ზოგადად, ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინების გაკეთება. სპეციალიზირებული კვლევა ორსულებში არავის ჩაუტარებია, მაგრამ არის აღწერილი შემთხვევები, როდესაც ორსულობის დროს კეთდებოდა ვაქცინა და ამას ნაყოფისა და დედისთვის რაიმე სარისკო გვერდითი მოვლენის განვითარება არ მოჰყოლია. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ არ გაიკეთონ ორსულობის პერიოდში წითელაზე აცრა. ხოლო, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ იქ ინაქტივირებულია ვირუსი. გრიპის ვაქცინა სხვადასხვანაირია და ყოველთვის უნდა დარწმუნდეს ის, ვინც აკეთებს ვაქცინაციას ორსულთან, რომ სწორი ვაქცინა აქვს შერჩეული. ამჟამად, საქართველოში არაინაქტივირებული გრიპის ვაქცინა არ არსებობს, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანას აქვს გრიპის ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინები და ისინი ორსულებს არ უკეთდებათ. ჩვენ ასეთი ვაქცინა არ შემოგვაქვს.
ზოგადად, წითელაზე მომართვიანობა არ გაზრდილა, პირიქით შემცირებულია ბოლო ხანებში", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
რაც შეეხება წითელას რისკებს ორსულობის დროს, გთავაზობთ ამონარიდს მეან-გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "მკურნალში" გამოქვეყნდა:
- წითელა საშიშია ორსულებისთვის. ორსულობის ადრეულ სტადიებზე ინფიცირებისას შემთხვევათა 20%-ში მოსალოდნელია თვითნებური აბორტი ან ვითარდება ნაყოფის განვითარების მანკი. ცუდი ის არის, რომ ოლიგოფრენია (ჭკუასუსტობა) და ნერვული სისტემის დაზიანება ორსულობის ამ ეტაპზე ძნელად დიაგნოსტირდება, ამიტომ დანამდვილებით თქმა იმისა, მოხვდა თუ არა ორსული იმ 20%-ში, შეუძლებელია. წითელას გართულებებიდან ნაყოფისთვის განსაკუთრებით საშიშია ბაქტერიული პნევმონია, რომელმაც შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. ორსულობის დაგეგმვისას ორსულმა უნდა ჩააბაროს სისხლი წითელას ანტისხეულებზე და აუცილებლობის შემთხვევაში ჩაიტაროს წითელას საწინააღმდეგო აცრა. ორსულობის პირველი კვირების შედეგ წითელა უმეტესად ნაყოფის დაზიანების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ორსულობის ბოლო კვირებზე იმატებს თანდაყოლილი წითელათი ბავშვის დაბადების რისკი. ამ დროს სიკვდილიანობა ანტიბიოტიკოთერაპის დაწყებამდე შეადგენდა 20-30%-ს დროულ ახალშობილებში და 50%-ს უდღეურ ბავშვებში. თანდაყოლილი ან შეძენილი წითელა თავიდან რომ ავიცილოთ, ორსულს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინიფიცირებულთან, უტარდება პასიური იმუნიზაცია, რომლის დროსაც იმუნური შრატის გლობულინი კონტაქტიდან 6 დღის განმავლობაში შეჰგყავთ. პროფილატიკური იმუნიზაციისგან გასხვავებით, წითელას საწინააღმდეგო აცრას ორსულებს არ უკეთებენ, რადგან არსებობს ნაყოფზე მავნე ზემოქმედების თეორიული რისკი.
ამიტომ ექიმები ორსულებს აფრთხილებენ, წითელას გავრცელების პერიოდში მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად აიცილონ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი.
თამარ იაკობაშვილი