დღეს 30 ან 40 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა აღარავის აკვირვებს, რადგან ქალები ჯერ კარიერას იწყობენ, შემდეგ კი დედობას გეგმავენ. თუმცა, ანეგრეტ რაუნიგი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან დედობა საპენსიო ასაკში გადაწყვიტა და მიუხედავად ახლობლების პროტესტისა, 2015 წელს 4 ტყუპი გააჩინა და ყველაზე ხანდაზმული დედა გახდა.
თუმცა, ქალი საზოგადოებისათვის ცნობილი მანამდეც იყო. ბერლინში მცხოვრებ ანეგრეტ რაუნიგს ძალიან უყვარს პატარები. მთელი ცხოვრება პედაგოგად მუშაობდა. 12 შვილი გააჩინა და 2000-იანი წლების დასაწყისში ბებიობაც მოასწრო. 2005 წელს კი პენსიაზე გავიდა და თითქოს ისღა დარჩენოდა, წამოზრდილ შვილებსა და პატარა შვილიშვილთან გაეტარებინა დრო... თუმცა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი შვილი გაეჩინა.
მაშინ 55 წლის იყო და ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, სრულიად ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული დედაც გახდა.
ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. უამრავი ადამიანი ქალს ეგოისტობასა და უპასუხისმგებლობაში სდებდა ბრალს. მაგრამ, ის არ დანებებულა. უამრავ თოქ-შოუში მივიდა და ბევრ გაზეთს მისცა ინტერვიუ. კრიტიკოსებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ანეგრეტი კიდევ შეძლებდა მათ გაოცებას.
9 წლის შემდეგ, როდესაც ჭორები მინელდა, ანეგრეტს ყველაზე პატარა გოგონამ სთხოვა, რომ და ან ძმა უნდოდა. ქალი წინააღმდეგი არ ყოფილა, რომ ბავშვები გაეჩინა. თავს კარგად გრძნობდა და უფროს შვილებსაც ეხმარებოდა. 64 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მეთოთხმეტედ გამხდარიყო დედა. თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა ასაკი გახლდათ. ქალს უკვე დასრულებული ჰქონდა მენოპაუზა და ბუნებრივი გზით ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებდა.
გერმანიაში კანონი კვერცხუჯრედის დონორობას კრძალავს. ამის გამო უნაყოფო ქალებს მეზობელ სახელმწიფოებში წასვლა უწევთ.
ანეგრეტმა გადაწყვიტა, რომ ხელოვნური განაყოფიერება კიევის ერთ-ერთ დიდ კლინიკაში გაეკეთებინა. ის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან 4 ემბრიონი ერთად აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ასეთ დროს, ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ 1 ან 3 ემბრიონი დაიტოვონ, რათა რისკები შეამცირონ. სერიოზული რისკი არსებობდა, რომ ბავშვები დღენაკლულები და ძალიან ბევრი დაავადებით დაიბადენოდნენ, მაგრამ ქალმა პროცედურაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა, ოთხივე ბავშვი გაეჩინა.
ანეგრეტმა თავიდან ორსულობის ფაქტი დამალა, მაგრამ როგორც კი გამჟღავნდა, უამრავი ადამიანისაგან კრიტიკა მიიღო. მათ შორის, ექიმებიც საუბრობდნენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა ორსულობის პერიოდში ანეგრეტი თავს კარგად გრძნობდა. ჯანსაღად ცხოვრობდა და არც ერთი ის პრობლემა არ შექმნია, რაზეც ექიმები აფრთხილებდნენ.
2015 წლის 19 მაისს ანეგრეტმა 3 ბიჭი და 1 გოგონა გააჩინა. იმ დროს უკვე 65 წლის იყო. ექიმები იძულებულნი გახდნენ, სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. ბავშვები 15 კვირით ადრე დაიბადნენ. ისინი ძალიან პატარები იყვნენ და ერთ კილოზე მეტს არ იწონიდნენ.
პატარა ნიტუ, დრისა, ბენსა და ფიონა ნაადრევად დაბადებული ბავშვების განყოფილებაში მოათავსეს, დედა კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
ახლა ანეგრეტი ცხოვრობს ისე, როგორც სხვა მარტოხელა დედები. მშობიარობის შემდეგ ბერლინიდან პატარა ქალაქ ჰეკსტერში გადავიდა. ზოგიერთმა უფროსმა შვილმა სკანდალის შემდეგ დედასთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა. ახლა მას ძიძა და 14 წლის ლეილა ეხმარებიან. ჟურნალისტმა, ბირგიტ შროვანგემ, ანეგრეტთან ინტერვიუ ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მათ შორის ერთ-ერთს ფიზიოთერაპევტთან ვიზიტი სჭირდება, ხოლო გოგონას - სათვალე. თუმცა, დედა არ ნებდება და ახლო მომავალში ბერლინში დაბრუნებასაც გეგმავს.
50+ ასაკში მშობიარობა ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა. მსახიობმა ბრიჯიტ ნილსენმა მე-5 შვილი 54 წლის ასაკში გააჩინა, ჯანეტ ჯეკსონმა და ინგებორგა დაპკუნაიტემ კი - 50 წელს ზემოთ. თუმცა, ასეთი საქციელი გმირობასთან ერთად, ხშირად იქცევა ქილიკისა და კრიტიკის მიზეზი.