ქეით მიდლტონი ჟურნალისტებს იშვიათად აძლევს ინტერვიუს, ამიტომ მედიაში მისი ყოველი გამოჩენა განხილვის საგანი ხდება. რამდენიმე დღის წინ ის ჯოვანი ფლეტჩერის გადაცემაში "ბედნიერი დედა, ბედნიერი ბავშვი" იყო სტუმრად და ყველა აქტუალურ შეკითხვას უპასუხა. ისაუბრა ბავშვების აღზრდის მეთოდებზე და ასევე საკმაოდ რთულ სამ ორსულობაზე.
ორსულობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ცხრა თვის გახსენება ბედნიერად ნამდვილად არ შეეძლო.
"დილით საშინელ სისუსტესა და გულისრევას ვგრძნობდი. ვიცი, რომ ბევრი ქალი შესაძლოა ამაზე უარესად იყო, მაგრამ ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან ბავშვის დაბადება ოჯახის ყველა წევრზე ახდენს გავლენას", - თქვა მიდლტონმა.
ჰერცოგინიამ ისიც აღნიშნა, რომ მეუღლე ყველა მომენტში გვერდით ედგა და სულ ცდილობდა მის დახმარებას, მაშინაც კი, როცა არაფრის გაკეთება შეეძლო.
"უილიამი ხედავდა, ცუდად რომ ვიყავი, მაგრამ დახმარება არ შეეძლო. ძალიან რთულია, როცა უყურებ, როგორ იტანჯება შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და შენ ამ დროს არაფრის გაკეთება არ შეგიძლია", - ამბობს მრავალშვილიანი დედა.
სამივე ორსულობას თან ახლდა გულისრევის მუდმივი შეგრძნება, რის გამოც ფაქტობრივად, საჭმელს ვერ ჭამდა. "ბევრს რამეს ვერ ვჭამდი იმ პროდუქტებიდან, რაც აუცილებლად უნდა ეჭამა მომავალ დედას, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა".
მიდლტონმა ასევე დაადასტურა ის ფაქტიც, რომ ჰიპნოზის ქვეშ მშობიარობაც გამოუცდია.
"მედიტაცია, ღრმა სუნთქვა - ვგრძნობდი, რომ ეს ამართლებდა. მესამე ორსულობის დროს ძალიან ცუდად ვიყავი, მერე მივხვდი, რომ თავად შემეძლო სიტუაციის გაკონტროლება. ბევრი სტატია წავიკითხე, როგორ უნდა მეკვება სწორად. გარდა ამისა, კარგი ფსიქიკური მდგომარეობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია," - განაცხადა ქეით მიდლტონმა.
მან ასევე აღწერა ის შიში, რაც პრინცი ჯორჯის დაბადების შემდეგ საზოგადოებაში გასვლისას ჰქონდა. თუმცა, ქეითი კარგად აცნობიერებდა, რომ მისი ოჯახი ბევრისთვის საინტერესო იყო. საბედნიეროდ, როგორც ჰერცოგინია ამბობს, საზოგადოებაში გამოჩენისას კეთილგანწყობა მოიპოვა და ბევრმა ადამიანმა მისი ბედნიერება გაიზიარა.