ახალი კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი და არც შექმნილა ეფექტური საშუალება, რითიც მსოფლიო მასთან ბრძოლას შეძლებს. კორონავირუსი განსაკუთრებით საფრთხილოა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ. შედიან თუ არა რისკ ჯგუფებში ორსულები და რამდენად სახიფათოა მათთვის და ნაყოფისთვის Covid-19-ის გადატანა, თემაზე გაგუას კლინიკის ექიმი მეან-გინეკოლოგი, გიორგი ბიჭიაშვილი გვესაუბრება:
- Covid-19-ით ინფიცირებამ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებასთან მიგვიყვანოს არა მარტო ორსულებში, არამედ არაორსულებშიც. COVID-19 ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი ვირუსი და მთელი მსოფლიო ცდილობს, სუსტი წერტილების გამოვლენას, რომ კაცობრიობამ საბოლოოდ დაამარცხოს ეს ვირუსი. დაინფიცირებულებიდან შემთხვევების დაახლოებით 80% სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, 10%-ში გვხვდება ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გემოვნების დარგვა, კუნთების ტკივილი. დარჩენილ 10 %-ში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ხდება საჭირო. გართულებების რისკებს ზრდის ქრონიკული დაავადებები როგორიცაა დიაბეტი, სიმსივნე, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და სხვა.
- ექმნება თუ არა საფრთხე ნაყოფს?
- დღესდღეობით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება და ვერ ვიტყვით, რომ COVID-19 საფრთხეს უქმნის ან არ უქმნის ნაყოფსა და ახალშობილს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ით დაავადებულ ქალებში ახალშობილთა სიკვდილი ან მკვდრადშობადობის დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა (ოქტომბრის კვლევის მიხედვით). ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები თვითნებითი აბორტის ან ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომის რისკის მატებასთან დაკავშირებით, თუმცა ახალშობილების რაღაც ნაწილს შეიძლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა დასჭირდეს.
- ხომ არ იწვევს ნაადრევ მშობიარობას, როცა მშობიარობის დროს ქალი ჯერ კიდევ ინფიცირებულია, ამ დროს როგორ ხდება მშობიარობა,ხომ არ კეთდება საკეისრო?
- COVID-19 ნაადრევ მშობიარობასთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ვირუსი ნაადრევი მშობიარობის რისკს ორჯერ ან სამჯერ ზრდის. COVID-19 ასევე დაკავშირებულია საკეისრო კვეთის რისკის ზრდასთან, განსაკუთრებით იმატებს სასწრაფო საკეისრო კვეთის რისკი ნაყოფისმხრივი ან დედისმხრივი ჩვენების გამო.
- ინფიცირებული მელოგინე ძუძუს აწოვებს ბავშვს?
- დღევანდელი მონაცემების მიხედვით, COVID-19-ით ინფიცირებული ან კოვიდდადებით ადამიანთან კონტაქტში მყოფი ქალების ახალშობილები სასურველია დედასთან დარჩნენ. პირიქით, კანი-კანთან კონტაქტს ხელი უნდა შევუწყოთ. COVID-19-ით ინფიცირება ძუძუთი კვების წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუ ქალსა და ახალშობილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. ამ დროს რეკომენდირებულია ქალის მხრიდან ხელების ხშირი დაბანა და პირბადის გამოყენება.
- რა უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა პროფილაქტიკისთვის და რამდენად გამართლებულია სხვადასვა ვიტამინის მიღება ამ დროს?
- პირველ რიგში, გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც საჭიროა დაავადების თავიდან აცილებისთვის. აუცილებელია ანტენატალური მეთვალყურეობის გაგრძელება და ყველა იმ კვლევის ჩატარება, რაც საჭიროა ორსულობის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავისა და D- ვიტამინის გამოყენება ორსულობის პერიოდში. ხალხმრავალ ადგილებისა და ხალხთან ხშირი კონტაქტის თავიდან არიდება, ხელების ხშირი დაბანა და პირბადის ტარება.
- თუ ორულს კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაზე გადაწყვეტს მკურნალობს, ამ შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინოს?
- პირველ რიგში, უნდა იყოს მჭიდრო კავშირზე ოჯახის ექიმთან და მის მეან-გინეკოლოგთან. გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ექიმი მისცემს, არ ჩაიტაროს თვითმკურნალობის კურსი, სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში კი დროულად შეატყობინოს ექიმს.
- ახლა კორონავირუსის პარალელურად, ქვეყანაში სეზონური ვირუსები ცირკულირებს. რამდენად დიდ საფრთხე შეიძლება შეუქმნას გაციებამ ორსულსა და ნაყოფს და რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება?
- ზოგადად, ნებისმიერი სიმპტომის შესახებ ორსულმა ჯობს საქმის კურსში ჩააყენოს ექიმი. რაც შეეხება ზემო სასუნთქი გზების ინფექციებს და მის სიმპტომებს, ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ სიმპტომებზე როგორიცაა, ტემპერატურის მატება, ხველება, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი, გემოვნების დაკარგვა, ტკივილი გულმკერდის არეში.
- მიეცით რამდენიმე რჩევა ორსულებს, როგორ გაუმკლავდნენ ერთი მხრივ კორონავირუსს, მეორე მხრივ, სეზონურ ინფექციებს?
- დაიცავით ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია. თავი მოარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, მოერიდეთ მეგობრებთან შეკრებას და წვეულებების გამართვას, ხშირად დაიბანეთ ხელები, ატარეთ პირბადე სწორი წესით და მოუწოდეთ ატაროს მას, ვისაც არ უკეთია. ძალიან მნიშვნელოვანია სეზონურ გრიპზე აცრის ჩატარება. ის შეიძლება ჩატარდეს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე და ბევრი კვლევის თანახმად, უსაფრთხო და ძალიან საჭიროა ორსულობის პერიოდში.
თამარ იაკობაშვილი