"დაიმახსოვრეთ, ორსულის მდგომარეობა ფასდება ბავშვის წონით" - ამირან გურგენიძის რჩევები ორსულთა ექოსკოპიაზე
"დაიმახსოვრეთ, ორსულის მდგომარეობა ფასდება ბავშვის წონით" - ამირან გურგენიძის რჩევები ორსულთა ექოსკოპიაზე

რამდენჯერ არის აუცილებელი ორსულობის განმავლობაში ექოსკოპიის გაკეთება, რა რისკებს აგვარიდებს ორსულობის პირველი კვირების განმავლობაში ფოლიუმის მჟავის მიღება, ეს ყველა ორსულ ქალს აინტერესებს.
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი-რადიოლოგი ამირან გურგენიძე გვიყვება, რომ ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ტიპის მანკების შემთხვევები ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს. ასევე გავრცელებულია ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები ჰემოფილიის დიაგნოზის გამო.
ბატონი ამირანი წლებია სამკურნალო-დიაგნოსტიკურ კლინიკა "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს და ყოველდღიურად უამრავი ფეხმძიმე სტუმრობს...

- ბატონო ამირან, სქესის გაგებას ადრეულ ვადაზე კიდევ ბევრი ორსული ითხოვს?

- ადრე უფრო ხშირად იყო მსგავსი შემთხვევები, ახლა
ნაკლებად. სქესის გაგება 12 კვირის ვადაზე ხდება და საქართველოს კანონმდებლობით ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ 12 კვირამდე არის შესაძლებელი. ამიტომ გამორიცხულია, სქესის გამო ახლა ვინმე აბორტს იკეთებდეს.

- ხშირად გვესმის შემთხვევების შესახებ, როდესაც ექოსკოპისტი ნაყოფის პათოლოგიების გამო ქალს ორსულობის შეწყვეტას ურჩევს... უნდა გადაამოწმოს თუ არა ამ დროს ორსულმა სხვა რადიოლოგთან?

- საერთოდ, ექოსკოპისტს ამისი თქმის უფლება არ აქვს, შეწყვიტოს თუ არა ქალმა ორსულობა. შეიძლება თავისი პირადი აზრი გამოთქვას, მაგრამ მან უნდა დაწეროს დიაგნოზი და აქ მთავრდება მისი კომპეტენცია. თუ რაიმე განვითარების მანკია, ამ დროს სამი ექიმისგან დგება კონსილიუმი და ისინი წყვეტენ, აქვს თუ არა აზრი ორსულობის შენარჩუნებას.

- ბოლო დროს ხშირია ორსულებში ანემბრიონიის შემთხვევები, ასევე რა პათოლოგიები გხვდებათ
ყველაზე ხშირად?

- ანემბრიონიის დროს ორსულობა მიმდინარეობს, მაგრამ ემბრიონი არაა. თუ 6-7 კვირის ვადაზე კიდევ არ ჩანს ნაყოფი, უკვე ისმება დიაგნოზი ანემბრიონიაზე, მანამდე არა, და ხდება ორსულობის შეწყვეტა. როდესაც ნაყოფი არ არის, რა აზრი აქვს ორსულობის შენარჩუნებას?
რაც შეეხება პათოლოგიებს, ბოლო დროს ხშრიდან გვხვდება გულისა და ზურგის ტვინის მანკები. არავინ იცის, რა იწვევს ამ პათოლოგიებს, უფრო ინფექციებს აბრალებენ. ყველაზე გავრცელებულია 4 სახის ინფექცია, რომლის მატარებელიც შეიძლება იყოს ქალი და ვერ გრძნობდეს. ესენია: ტოქსოპლაზმა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი და ქლამიდია. აუცილებელია, ჯერ კიდევ დაორსულებამდე ქალმა ამ ვირუსებზე გაიკეთოს ანალიზი, გინეკოლოგმა უნდა მისცეს რჩევა. ასევე ხშირია ბოლო დროს ჰემოფილიისკენ მიდრეკილება, რაც ქალებში ორსულობის შეწყვეტას იწვევს ადრეულ ვადაზე.

- ორსულობის რომელ ვადაზე უნდა გაიკეთოს ქალმა პირველად ექოსკოპია?

- ქალიც რომ წყნარად იყოს და დარწმუნდეს, ნაყოფი საშვილოსნოშია, იდეალურია, თვე-ნახევარის ვადაზე გაკეთდეს პირველი ექოსკოპია. როდესაც ქალს ციკლი ერთი კვირის ან ათი დღის გადაცილებული აქვს, უნდა მიმართოს რადიოლოგს. ამერიკელების ახალი გაიდლაინია ჩატარდეს ექოსკოპია 12 კვირისა და 6 დღის ვადაზე.

- ამ დროს ხდება ნაყოფის დაუნის სინდრომზეც დათვალიერებაც.

- დიახ, ერთი მოსვლით ყველაფერს ნახავს ორსული. რაც შეეხება დაუნის სინდრომს, თუ ექოსკოპიაზე ნორმალურად აქვს ბავშვს ყველაფერი, მაგრამ ორსული 40 წელს მიტანებულია, მაინც უკეთდება ორმაგი და სამმაგი ტესტები, თუმცა ისიც არ არის აბსოლუტურად მართალი. ექოსკოპიაზე საერთოდ ყველაფერი ჩანს, ყველა განვითარების მანკი, არა მხოლოდ გულის.

- არის შემთხვევები, როდესაც ქალი ცხრა თვის მანძლზე საერთოდ არ იკეთებს ექოსკოპიას?

- ასეთი შემთხვევები იშვიათობაა. ჩემს პრაქტიკაში ბოლო დროს ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა, ქალი შვიდი თვის ორსული იყო და პირველად მოვიდა ექოსკოპიაზე. მითხრა, შორს ვცხოვრობ ქალაქთან და აქამდე ვერ მოვედიო. ორსულისთვის სამი აუცილებელი ვადაა ექოსკოპიის ჩასატარებლად - 12-13 კვირის ვადაზე, შემდეგ 19-20 კვირაზე და ბოლოს 32 კვირაზე, რათა შემოწმდეს, როგორია ბავშვის ნამატი.

- კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში თუ შეგხვედრიათ ნაყოფის პათოლოგიები?

- არა, მსგავსი შემთხვევა არ მქონია პრაქტიკაში, რომ კორონავირუსს ნაყოფზე ემოქმედოს. ბევრჯერ მყავდა კორონავირუსგადატანილი ორსული და ბავშვი ჩეულებრივ ვითარდებოდა. ამას გიყვებით ჩემი კაბინეტის გადმოსახედიდან, რა შემთხვევებიც მე მქონია. ჯერჯერობით ეს ინფექცია ახალი და ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი, რომ ნაყოფზე ემოქმედოს.

- ნაყოფის წონა ახსენეთ და რამდენად მნიშვნოვანია ქალის წონა ორსულობისას?

- ყველაზე მთავარია, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი წონა. დაიმახსოვრეთ, ორსული ქალის მდგომარეობა ფასდება ბავშვის წონით. არ შეიძლება ორსულმა ცომეული, მარილიანი, შაქრიანი საკვები მიირთვას ან ჭამის დროს წყალი დააყოლოს. სწორი კვება ძნელი დასაცავია და როცა ქალი ჯანსაღად იკვევება ორსულობისას, არც თავად იმატებენ და ბავშვსაც კარგი წონა აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვს თუ კარგი წონა აქვს, მას არაფერი უჭირს. როდესაც ქალს ჭარბი წონა აქვს, ნაყოფს კარგად არ მიეწოდება სისხლი და ის ვერ მოიმატებს წონაში და ჰიპოქსიაში იქნება.

- სტრესი რამდენად მოქმედებს ნაყოფზე და განსაკუთრებულად რომელ კვირებზე უნდა იფრთხილოს ქალმა?

- ჩასახვის პირველი სამი თვე ყველაზე საყურადღებოდა, ამ დროს ყალიბდება ნაყოფი. თუ რამე განვითარების მანკები აქვს, ჩასახვის პირველ თვეს ხდება მისი ჩამოყალიბებაც. იფრთხილეთ პირველი ორი თვე განსაკუთრებულად. თუ აქვს ქალს რაიმე სახის ინფექცია, რაზეც ზევით ვისაუბრეთ ან დაავადება, მაშინ ეს ნაყოფზეც აუცილებლად იმოქმედებს.

- ქალებს ორსულობამდე ფოლიუმის მჟავის მიღებას ურჩევენ, რა რისკებისგან იცავს ნაყოფს?

- მთელი მსოფლიო შეთანხმდა ამაზე და ფოლიუმის მჟავას დღეს არანაირი ანალოგი არ აქვს. კლასიკური შემთხვევა ასეთია, დედამ და მამამ დაორსულებამდე ორი-სამი თვე მაინც უნდა მიიღონ, ჩასახვამდე. შემდეგ შეწყვიტონ, დაელოდონ ორსულობას და დადასტურების შემდეგ პირველი დღიდან 13 კვირამდე გააგრძელოს ქალმა მიღება. სხვა არანაირი მედიკამენტი არ არსებობს პროფილაქტიკის მიზნით, რომ ნაყოფს გენეტიკური დაავადებები არ განუვითარდეს.

ნინო გიგიშვილი
21414
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
კიკი
0
მია, როგორი სათუთია ორსული ქალი, როგორი მგრძნობიარე! -ხელისგულზე სატარებელი! ❤ არ გეწყინოთ, ექიმებიც ადამიანები არიან და შეცდომები მოსდით. დარწმუნებული ვარ თქვენი განაწყენება არ ექნებოდა მიზნად. ბედნიერება თქვენ და თქვენ შვილს ❤
02:27 / 15-04-2021
mia
10
ბატონო ამირან თქვენ გაქებენ მაგრამ მე თავს შევიკავებდი თქვენი ქებისგან და არაფერს ვიტყოდი და იცით რატომ? ერთხელ თქვენთან მოვედი ექოსკოპიაზე გინეკოლოგმა გამომიშვა თქვენ მე უხეშად მომმართეთ და უგულოდ... მე საქციელი წამიხდა არადა რა იცოდით მე თვითონ სამშობიაროში ვმუშაობდი წლების წინ მე თვითონ მედიცინის მუშაკი ვარ ( არ არის დაკონკრეტება საჭირო) იქ მოსაცდელში მყოფთაგან ყველაზე უფროსი ვიყავი და ასაკიანი... თქვენმა განწყობამ ჩემდამი გული დამწყვიტა მე არასოდეს არ ვურჩევ ვინმეს თქვენთან მოსვლას
14:28 / 04-02-2021
მსგავსი სიახლეები