ორსულობის ტესტი ყველაზე სწრაფად და მარტივად ადგენს ორსულობას. ორსულობის ტესტი ადვილად ხელმისაწვდომია, თუმცა მისი გამოყენება ყველამ არ იცის.
მას უამრავი ქალი იყენებს, თუმცა არის ნიუანსები, რომლებიც ტესტთან დაკავშირებით ყველამ არ იცის. სწორედ ამის თაობაზე გთავაზობთ გინეკოლოგის რამდენიმე რჩევას.
ტესტის გაკეთება დილით არის რეკომენდებული, ყოველ შემთხვევაში, ორსულობის ადრეულ ვადაზე დასადგენად. მიზეზი, რატომაც დილით გაკეთებული ტესტის პასუხი უფრო სანდოა, ქორონიული გონადოტროპინის ჰორმონს უკავშირდება.
ტესტი ადგენს შარდში ქორონიული გონადოტროპინის (HCG) არსებობას. ხსენებული ჰორმონი ორგანიზმში მხოლოდ ორსულობისას გამოიყოფა.
ჰორმონის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შარდში დილით არის. ამ ტესტების მეშვეობით ორსულობის დადგენა მენსტრუაციის გადაცდენიდან მე-3 დღეს უკვე შესაძლებელია. ტესტის შედეგი რომ მაქსიმალურად ზუსტი იყოს, ეცადეთ საღამოს ბევრი სითხე არ მიიღოთ, რადგან მას შარდში ჰორმონის განზავება შეუძლია და ტესტმა შესაძლოა, ვეღარ იპოვოს ის. HCG ორსული ქალის სხეულში დღითიდღე მატულობს, ამიტომ თუ მენსტრუაციიდან გადაცდენა ერთ კვირაზე მეტია, ტესტის ჩატარება დღის ნებისმიერ მონაკვეთში თანაბრად ეფექტური იქნება.
ყველაზე ზუსტ პასუხს ციფრული ტესტები იძლევა, ისინი თითქმის არასოდეს ცდება.
რა შემთხვევაში შეიძლება შეცდეს ტესტი:
HCG ტესტისთვის შეუმჩნეველი დარჩება, თუ განაყოფიერება მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ფეხმძიმობის მე-8-მე-9 კვირაზე ქორონიული გონადოტროპინის ჰორმონი ზრდას წყვეტს, მე-12 კვირისთვის საერთოდ აღარ გამომუშავდება. ბევრი სითხის მიღება შარდში ჰორმონის კონცენტრაციას ამცირებს. რაც მეტი სითხე გაქვთ მიღებული, მით უფრო მცირეა შარდში ჰორმონის დონე და შეიძლება ტესტის მგრძნობელობისთვის საკმარისი არ იყოს. ტესტი უარყოფით პასუხს უჩვენებს მუცლის მოშლის წინა პერიოდში, საშვილოსნოსგარე ორსულობისას ან მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში. ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადებისას ტესტი დადებით პასუხს უჩვენებს. თუ ოვულაციის სტიმულირებისთვის პრეპარატებს იღებთ, ტესტმა შეიძლება ცრუ დადებითი პასუხი გიჩვენოთ. ნუ ენდობით ვადაგასულ ტესტს. მცდარი პასუხი შეიძლება არასწორად ჩატარებულმა ტესტმაც გამოიწვიოს. როგორც წესი, ფეხმძიმობის ტესტები იშვიათად ცდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, მაგრამ მენსტრუაცია მაინც არ დაგეწყოთ, ამ შემთხვევაშიც ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.