თუ უშვილობის პრობლემა გაქვთ და აპირებთ, რომ ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთოთ, მაშინ, ბუნებრივია, ბევრი შეკითხვა გექნებათ, მათ შორის, იქნება თუ არა რაიმე სხვაობა ამ გზით დაბადებულ ბავშვსა და ბუნებრივი გზით გაჩენილ ჩვილს შორის.
დღეს ხელოვნური განაყოფიერება უშვილო წყვილების მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა. მისი წყალობით ბევრი ადამიანი გახდა მშობელი, ტექნოლოგია მუდმივად იხვეწება, თუმცა საკითხზე დღემდე არ წყდება კამათი და უამრავი მითი არსებობს. ხშირად ინვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვებს "სინჯარის ბავშვებსაც" უწოდებენ.
გთავაზობთ რამდენიმე მითს, რომლებიც გავრცელებულია და ბევრ მოწინააღმდეგეს არგუმენტად მოჰყავს.
მითი 1: ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები სტერილურები არიან და მკურნალობის გარეშე ვერც თავად ხდებიან მშობლები.
ამ მეთოდით პირველი ბავშვი 30 წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ 3 მილიონზე მეტი ბავშვი მოევლინა ქვეყანას, რომელთაგანაც უმრავლესობას უკვე ჰყავს საკუთარი შვილი, ბუნებრივი გზით გაჩენილი. მათ შორისაა სწორედ ის პირველი ბავშვი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩნდა. მან 2007 წელს ხელოვნური ჩარევის გარეშე, ბუნებრივად გააჩინა შვილი. სწორედ ეს ფაქტები მოწმობს იმას, რომ მომავალში ამ გზით დაბადებულ ბავშვებს პრობლემები არ ექმნებათ.
მითი 2: ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვებს ხშირად აქვთ განვითარების შეფერხება და გენეტიკური პათოლოგიები.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემებისგან არც ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვები არიან დაცულნი. ხელოვნური განაყოფიერების დროს უამრავი კვლევა ტარდება, ორსულობის სხვადასხვა კვირაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებით წინასწარაა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ რა პათოლოგია შეიძლება ჰქონდეს ბავშვს. ამიტომ, ეს კიდევ ერთი მითია.
მითი 3: ამ გზით დაბადებულ ბავშვებს სუსტი ჯანმრთელობა აქვთ და ხშირად ავადმყოფობენ.
მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვებს სუსტი ჯანმრთელობა არ აქვთ. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ისინი ყველა საჭირო პროცედურას იტარებენ და პროფილაქტიკის მიზნითაც მიჰყავთ ექიმთან.
მითი 4: თუ ხელოვნური განაყოფიერებისას დონორის კვერცხუჯრედი გამოიყენება, მაშინ წყვილისთვის ეს ბავშვი გენეტიკურად "უცხო"იქნება.
ხელოვნური განაყოფიერების დროს წყვილის ბიოლოგიური მასალა გამოიყენება. მამაკაცსაც კი შეუძლია გახდეს მამა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სერიოზული პრობლემაა. ყველა დონორი ახალგაზრდაა და აბსოლუტურ უმრავლესობასთან ტარდება გენეტიკური ტესტირება და სხვა საჭირო კვლევები.
როგორც აღმოჩნდა, ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვებში სულაც არაა დაუნის სინდრომის, ჰემოფილიისა თუ სხვა დაავადებების რისკი მაღალი, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ უფრო დაბალიცაა. ისინი განვითარებით არაფრით ჩამორჩებიან ბუნებრივი გზით დაბადებულ ბავშვებს.
მას "ეშმაკის შთამომავალს უწოდებდნენ" - პირველი ბავშვი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა, იხსენებს იმ განსაცდელებს, რაც მისმა ოჯახმა გამოიარა