ოდესმე გსმენიათ, რომ ქალს მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში მეორე ბავშვი გაეჩინოს? ბრიტანელ კელი ფეირჰესტს სწორედ ასეთ ინტერვალში მოუწევს ორი ბავშვის გაჩენა. მიზეზი იშვიათი პათოლოგიაა - მას ორი საშვილოსნო აქვს.
ორი საშვილოსნო თანდაყოლილი ანომალიაა. ზოგადად, მედიცინაში ცნობილია მოვლენა, როცა ადამიანს ორგანო, რომელიც ერთი უნდა იყოს, წყვილად აქვს. ორი საშვილოსნოც კარგად არის ცნობილი მედიკოსებისთვის, თუმცა ამ დროს ერთი მათგანი სრულიად უფუნქციოა და მასში ნაყოფის ჩასახვის შანსი 50 მილიონიდან ერთია. კელი სწორედ ამ იშვიათ გამონაკლისებს შორის აღმოჩნდა.
მას ორი გოგონა უკვე ჰყავს, 3 და 4 წლის ასაკის. ორივე ბავშვი ჩვეულებრივი, ბუნებრივი მშობიარობით გააჩინა. ექიმებმა მაშინვე უთხრეს, რომ ორი საშვილოსნო აქვს, მაგრამ დაარწმუნეს, რომ ერთი არ ფუნქციონირებს, როგორც ხდება ხოლმე მსგავს შემთხვევებში.
მესამე ორსულობაზე კი ულტრაბგერითმა კვლევამ ორივე საშვილოსნოში დააფიქსირა ნაყოფი. ორივე ნორმალური განვითარებისაა, თუმცა კელის ორჯერ მოუწევს მშობიარობა, რადგან ბავშვები სხვადასხვა დროს ჩაისახნენ.
კელის შემთხვევა უნიკალურია, თუმცა არა ერთადერთი. ბანგლადეშელმა ქალმა ამ ანომალიით 3 ბავშვი გააჩინა ერთი თვის განმავლობაში. თებერვალში ვაჟი ეყოლა სახლში მშობიარობის შედეგად, 26 დღის შემდეგ ტკივილი ისევ იგრძნო და საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ იქ დაადგინეს, რომ ორი საშვილოსნო ჰქონდა და ისევ ფეხმძიმედ იყო. ცოტა ხანში ქვეყანას ტყუპი მოავლინა, სამივე ბავშვი ჯანმრთელი იყო.
კელი და მისი მეუღლე დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის და უნიკალური ბავშვები დაიბადებიან.