"არ არსებობს საშიშროება, დედის აცრის შედეგად ნაყოფის ინფიცირების" - რომელი ვაქცინით აცრა ჯობს ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის - საფრანგეთის გამოცდილება - მშობლები

"არ არსებობს საშიშროება, დედის აცრის შედეგად ნაყოფის ინფიცირების" - რომელი ვაქცინით აცრა ჯობს ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის - საფრანგეთის გამოცდილება

2021-07-23 11:26:32+04:00

მას შემდეგ, რაც არაერთი ახალშობილი დედისგან კორონავირუსით დაინფიცირდა, ორსულობის პერიოდში აცრის უსაფრთხოებით დღითიდღე მეტი ადამიანი ინტერესდება. ზოგიერთი ქალბატონი აცრიდან მალევე დაფეხმძიმდა და ნაყოფზე ვაქცინის ზემოქმედება აღელვებს. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მარეგულირებელი ინსტანციებზე დაყრდნობით სწორედ იმ კითხვებს სცემს პასუხს, რომლებიც ფეხმძიმე და და მეძუძურ დედებს ყველაზე მეტად აინტერესებთ.

"გადავწყვიტე ორსულების კოვიდ საწინააღმდეგო აცრების საკითხს შევეხო, მითუმეტეს, ბევრი კითხვა მომდის ამასთან დაკავშირებით და თანაც საფრანგეთში, ზუსტად წინა კვირაში, ბევრი ოფიციალური განცხადება გაკეთდა ორსულების აცრებზე.

ჯანდაცვის მარეგულირებელი ინსტანციების მიერ გამოცხადდა, რომ ორსულობის ვადას მნიშვნელობა აღარ აქვს, აცრა დაშვებულია ორსულობის პირველიდან ბოლო ტრიმესტრის ჩათვლით და მეძუძური დედებისათვისაც. აქამდე მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში იყო დაშვებული აცრა.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად გახდა საფრანგეთის პრეპარატების ტერატოგენული (ანუ ორსულობისას სიმახინჯის თუ დაავადების გამომწვევი ) ეფექტის შემსწავლელი ცენტრის დასკვნა ამ ვაქცინების შესახებ.

https://lecrat.fr/spip.php?page=article&id_article=1123

დასკვნის ტექსტი უახლესია, ბოლო ვერსია 22 ივლისით თარიღდება.

ეს ძალზე სერიოზული ორგანიზაციაა და მათი დასკვნები ყოველთვის გამყარებულია სანდო სამეცნიერო კვლევებით. ეს ტექსტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ-ერთი გავრცელებული შიში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ნაყოფზე (ახალშობილზე) რაიმე უარყოფითი მოქმედების შიშია.

ამ დასკვნაში ჩამოთვლილია, რა ვაქცინები გამოიყენება საფრანგეთში ყველაზე ფართოდ, ესენია რნმ ვაქცინები - COMIRNATY® (Pfizer&BioNTech) - SPIKEVAX® (Moderna) და ვექტორული ვირუსული ვაქცინა -VAXZEVRIA® (AstraZeneca Oxford). აღწერილია მათი შემადგენლობა. ამას დეტალურად არ მოვიყვან.

განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ორგანიზმში არც გამრავლების (რეპლიკაციის) და არც ინფიცირების (დაავადების გამოწვევის) უნარი, შესაბამისად არ არსებობს საშიშროება, დედის აცრის შედეგად ნაყოფის SARS Cov 2 ით დაავადებისა .

შემდეგ შეჯამებულია დღევანდელი დღისათვის არსებული სამეცნიერო მონაცემები და მოცემულია რეკომენდაციები.

რნმ ვაქცინები :

ექსპერიმენტული კვლევების შედეგების მიხედვით, რნმ ვაქცინებს არ გააჩნია არც ტერატოგენული არც ფეტოტოქსიური (ნაყოფზე ტოქსიური) მოქმედება. აშშ ში ნებადართულია ორსულების აცრა ამ ვაქცინებით ნებისმიერ ვადაზე . დღეისთვის გამოქვეყნებულია მონაცემები დაახლოებით 4000 აცრილი ორსულის შესახებ. ამათგან 25% აცრილია პირველ ტრიმესტრში, 50% მეორეში და 25% მესამეში. უკვე დაიბადა 700 ბავშვი, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის გარეშე. პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს აცრილ დედებს ჯერ არ უმშობიარიათ, ამიტომ მათ შესახებ ყველა მონაცემი არაა ჯერ ცნობილი." - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.