"საქართველოში ხშირად ეს პათოლოგიად აღიქმება, სინამდვილეში ჩარევა არ სჭირდება, ფიზიოლოგიურია" - მამუკა ნემსაძის რეკომენდაციები ორსულებს
"საქართველოში ხშირად ეს პათოლოგიად აღიქმება, სინამდვილეში ჩარევა არ სჭირდება, ფიზიოლოგიურია" - მამუკა ნემსაძის რეკომენდაციები ორსულებს


კორონავირუსის ახალი შტამი ორსულებისთვის შედარებით აგრესიული აღმოჩნდა. მეან-გინელოკოგმა, პროფესორმა მამუკა ნემსაძემ გადაცემაში "პირადი ექიმი" დეტალურად ისაუბრა ორსულისა და კოვიდინფექციის მართვის საკითხებზე, საგულისხმო რჩევებიც მისცა ორსულ ქალბატონებს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

- როგორ უნდა მოიქცეს ორსული, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ჯობია პირდაპირ მიმართოს სტაციონარს თუ სახლში დარჩეს?


- თუ სიმპტომები მსუბუქი ხასიათისაა, ორსული ჯობს, რომ სახლში დარჩეს. სტაციონარში მოხვედრა და სხვა ინფექციებთან შეხვედრას, უკეთესია, სახლში იყოს. ხოლო სახიფათო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა ძლიერი ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევებს და გრძელდება
2 დღის განმავლობაში, ძლიერი სისუსტე,, გონების დაბინდვა, ფაღარათი, უკვე სტაციონარში გადაყვანაა საჭირო.

- ვინ უწევს ამ დროს ორსულს მეთვალყურეობას, ოჯახის ექიმი თუ მეან გინეკოლოგი?


- ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომ კოვიდინფიცირებული ორსულის მართვის პროცესში მეან-გინეკოლოგიც ჩართულიყო, ცოტა ხანში ორსულებს ცხელ ხაზზე გინეკოლოგის კონსულტაციის მიღებაც შეეძლებაც. ამ ეტაპზე კი მათ ოჯახის ექიმი ზედამხედველობს, ხოლო სტაციონარიზაციის შემთხვევაში, თავსდებიან სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ ორსულებს, მშობიარეებს და მელოგინეებს იღებენ. ასეთი ერთი-ორი ცენტრი გვაქვს, სადაც საკმარისი გამოცდილებაა დაგროვილი როგორც დედის, ასევე ბავშვის მოვლისთვის. ამ დროს ნაადრევი მშბიარობის რისკი 3
-ჯერ იზრდება, მუცლად ყოფნის დროს  ბავშვზე ვირუსის გადაცემის შემთხვევები ნაკლებია, თუმცა ნაადრევ ახალშობილს ისედაც სჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც ზრდის დატვირთვას რეანიმაციის განყოფილებაზე.
mshoblebi

- რა ემართება ნაყოფს, როცა ორსული კოვიდინფიცირებულია.

- მუცელში დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემის შემთხვევები ერთეულ შემთხვევებშია დაფიქსირებული, მაგრამ ის ცვლილებები, რასაც კოვიდინფექცია ორსულებში იწვევს, ზრდის მთელი რიგი სამეანო პათოლოგიების რისკს. მათ შორის ნაადრევი მშბიარობის ან მკვდრადშობადობის რისკებს. როცა დედის სიცოცხლე საფრთხეშია, მეანები იღებენ გადაწყვეტილებას მალე დაასრულონ ორსულობა და ამშობიარებენ ან საკეისრო კვეთას მიმართავენ.

- უნდა აწოვოს თუ არა ძუძუ კოვიდინფიცირებულა დედამ?

- ამაზე მეცნიერთა აზრი ორად გაიყო. ზოგიერთ ქვეყნებში, მაგალითად, ისრაელში, დედის იზოლაციის რეკომენდაცია გაიცემა. ჯანმოს რეკომენდაციით კი ლაქტაცია დასაშვებია, თუმცა ჰიგიენის დაცვის საშუალებებით. მშობიარობის შემდეგ დედისა და ბავშვის სიახლოვე ბავშვის სწორ განვითარებას ემსახურება და ამაში ძუძუთი კვება შეუცვლელია. მეც ვემხრობი დედისა და შვილის ერთად ყოფნას. მშობიარობა დიდი სტრესია ქალისთვის და ამ სტრესის მომხსნელი არის სწორედ ახალშობილთან ურთიერთობა.

- თუ ქალი ძუძუს წოვების პერიოდში აიცრება, ეს დაიცავს ბავშვსაც?

- თუ ორსულობისას მხოლოდ ფაიზერი და მოდერნაა რეკომენდირებული, მელოგინეებთან დასაშვებია ყველა ვაქცინა, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, თუმცა ასტრაზენეკაზე ცოტა თავს შევიკავებდი მშობიარობის შემდგომი პერიოდში. დაიცავს თუ არა ახალშობილს მშობიარობის შემდეგ აცრილი დედის რძე? როცა გამომუშავდება ანტისხეულები დედის ორგანიზმში, ისინი რძეშიც გადავა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. რაც უფრო ადრე დაიწყება ვაქცინაცია, უფრო სწრაფად გამომუშავდებს ანტისხეულები და ახალშობილის დაცვის შანსიც მეტია.

მამუკა ნემსაძემ ორსულთა მეთვალყურეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიფრთხილის ან შეზღუდული ტრანსპორტის მიუხედავად, ორსულმა გეგმიური ვიზიტები არ უნდა გამოტოვოს, რათა ექიმს „რაიმე არ გამოეპაროს“.
„ორსულობა ავადმყოფობა არაა, მაგრამ საყურადღებო მდგომარეობაა, რომელიც განსაცდელს უწყობს ორგანოთა ყველა სისტემას, ეს დიდი გამოცდაა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, შარდგამომყოფი სისტემა, ღვიძლის, სასუნთქი სისტემისთვის. სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირი ყველაზე დრამატულ ცვლილებებს განიცდის ფეხმძიმობისას. იმატებს შემდედებელი სისტემის აქტიურობაც. ესაა კოაგულაციისთვის მოსამზადებელი სისტემა, რომელიც ემზადება ორსულობის ფინალისთვის ანუ მშობიარობისა და გეგმიური სისხლდენისთვის. მამაკაცმა შეიძლება ვერ გაუძლოს იმ სისხლდენას, რასაც ქალი მშობიარობის პროცესში ფიზიოლოგიურად ეგუება. საუბარია 500 მილილიტრ სისხლზე, რომლის დაკარგვაც ქალისთვის ნორმას წარმოადგენს, ამისთვის ემზადება ორგანიზმი, ამიტომ კოაგულაციის, სისხლის შედედების სისტემა გააქტიურებულია. საქართველოში ეს ხშირად პათოლოგიად აღიქმება, რადგან მიმატებულია პროთრომბინის ინდექსი, ფიბრინოგენი. სინამდვილეში ამას არანაირი ჩარევა და მკურნალობა არ სჭირდება, ფიზიოლოგიურია. სამაგიეროდ, სისხლძარღვის შიგნით ნებისმიერი პათოლოგია - დიაბეტი, ათეროსკლეროზი, წნევის მატება და ახლა უკვე კორონავირუსი, რომელიც ამ დალაგებულ ანსამბლში შემოიჭრა, ძალიან საყურადღებოა.
დიაფრაგმა ნაყოდფის ზრდის გამო ადის მაღლა და სულ უფრო მეტად ზღუდავს ფილტვებს. ეს შეიძლება ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდეს კორონავირუსისთვის. 40%-60%-ით იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა . თუ მანამდე 3 ლიტრი ცირკულირებდა ქალის ორგანიზმში, ორსულობისას შეიძლება 5 ლიტრი იყოს. გულის დატვირთვაც იზრდება, რომელმაც ამდენი სისხლი უნდა გაატაროს. მას სჭირდება მეტი ჟანგბადი, მეტ ჟანგბადს კი მეტი სუნთქვა და გახშირებული გულისცემა. ორგანოთა მუშაობის ასეთ რეჟიმს ჯანმრთელი ქალის ორგანიზმი უძლებს არაერთხელ, ზოგი ათჯერ და მეტჯერ მშობიარობს, მაგრამ დატვირთვის ზედა ზღვარზე „მომუშავე“ ორგანიზმი მარტივად შეიძლება გამოვიდეს წყობილებიდან, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა კოვიდინფიცირებულებისათვის. ამიტომ ორსულთა მეთვალყურეობა ფეხმძიმობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა მამუკა ნემსაძემ.

იხილეთ ვიდეო სრულად


899
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები