ორსულები კოვიდ-19-ის მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომაც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მათი იმუნიზაცია მიმდინარეობს. რატომ არის ორსულთათვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მნიშვნელოვანი, რა ვადაზეა რეკომენდებული და საჭიროა თუ არა წინასწარ რაიმე ტიპის გამოკვლევის ჩატარება - აქტუალურ თემაზე სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი, თიკო გოთუა გვესაუბრება:
- კოვიდ-19-ის საპროფილაქტიკო ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობას სწორი და მხოლოდ მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული ინფორმაცია და რეკომენდაციები უნდა მიეწოდოს. აღსანიშნავია, რომ პროცესი უნდა ემყარეობოდეს 2 ფუნდამენტურ პირობას: 1.ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. 2. ექსპერტებმა და სპეციალისტებმა მოსახლეობას ვაქცინის სარგებელის შესახებ უნდა განუმარტონ. ერთ-ერთი თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ორსულთა ვაქვინაცია გახლავთ. ორსულები კოვიდ-19-ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, რადგან ამ დროს იმუნური სისტემა ისედაც ქვეითდება და მიმღებლობა, როგორც სხვა, ასევე კოვიდ-19-ის მიმართაც, იზრდება. ამის ცუდი გამოცდილება მე-4 ტალღის დროს გვაქვს.
- რა ვადაზეა ვაქცინაცია შესაძლებელი და როდის არაა რეკომენდებული?
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორსულთა ვაქცინაცია ნებისმიერ ვადაზე ანუ ნებისმიერ ტრიმესტრშია რეკომენდებული, მაგრამ რადგანაც ორსულობის პირველ ტრიმესტში, 13 კვირამდე, მაღალია თვითნებითი აბორტების სიხშირე, გამომდინარე აქიდან, რომ თვითნებითი აბორტების მიზეზი არ დაუკავშირონ ვაქცინას, მეორე ტრიმესტრიდან უფრო თამამად ვურჩევთ.
- ორსულმა წინასწარ რაიმე გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, ვიდრე აიცრება?
- ვაქცინაციამდე წინასწარ გეგმიურად ლაბორატორიული კვლევები საჭირო არ არის. ორსულები ისედაც მუდმივ კავშირში არიან პირად მეან-გინეკოლოგთან, ხშირად უწევთ ვიზიტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიღრმისეულადაა შესწავლილი და დამატებით კვლევებს აღარ საჭიროებს.
- რა დროს არ შეიძლება ორსულის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა?
- კოვიდ-19-ის ვაქცინას როგორც არაორსულებში, ისე ორსულებში უკუჩვენება არ გააჩნია. გარდა, რომელიმე დაავადების გამწვავების პერიოდისა. ასევე, ვაქცინაციის პირველ დოზაზე ძლიერი ანაფილაქსიური რეაქციისა ან კიდევ მწვავე რესპირატორული ჩივილებისა. მხოლოდ ეს შემთხვევები წარმოადგენენ ვაქცინაციის უკუჩვენებას.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოუვლინდეს ორსულს ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ?
- ათასობით ადამიანმა, მათ შორის ორსულებმაც, წარმატებით ჩაიტარა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია. ბევრს კიდევ შიში და განცდები აქვს, რის გამოც თავს იკავებენ. ყველა ორსული, ვინც ვაქცინაციას აპირებს, პირველ რიგში, დადებითად უნდა განეწყოს წინა პერიოდში. ასევე, იზოლირდნენ და მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტაქტები, რათა თავიდან აიცილოს დაინფიცირების რისკები. ვაქცინაციის პუნქტებში ყველა მოქალაქეზე მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს. ორსულების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ. ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს:
დისკომფორტი ინექციის ადგილას ტემპერატური მატება თავის ტკივილი კუნთებისა და სახსრების ტკივილი შემცივნება დიარეა უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება არანაირი ჩივილი არ გამოიხატოს.
- ხშირად, რატომაც თავს იკავებენ, არის შეხედულება, რომ ვაქცინა აზიანებს ნაყოფს, ან იწვევს ნაადრევ მშობიარობასა თუ სხვა გართულებას. რომ განვუმარტოთ ამ შეხედულების შესახებ მკითხველს.
- კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ვაქცინა ორსულებში ნაყოფზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. შედეგი მხოლოდ დადებითია. შეყვანილი ვაქცინა არ გადის პლაცენტარულ ბარიერს და არ გადაეცემა ნაყოფს. პლაცენტარულ ბარიერს გადის მხოლოდ ის ანტისხეულები, რომლებიც ვაქცინაციის შედეგად გამომუშავდება და რომლის სარგებელი მაღალია როგორც ორსული ქალისთვის, ასევე ნაყოფისა და ახალშობილისთვის. ვაქცინისგან განსხვავებით, კოვიდ-19 ზრდის ნაადრევი მშობიარობის და ანტენატალურ რისკებს. ვაქცინირებულ ორსულებში დაინფიცირების და მასთან ასოცირებული სხვა რისკების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დასული.
- ლაქტაციის პერიოდში რამდენად რეკომენდებულია ვაქცინაცია და აქ რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა?
- რაც შეეხება ლაქტაციას, არც ეს პერიოდი წარმოადგენს ვაქცინაციის უკუჩვენებას. იმ ქალებს, ვინც ორსულობაში თავს იკავებდნენ ვაქცინაციაზე, ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ, ლოგინობის ხანაში ჩაიტარონ იმუნიზაცია, რადგანაც დედის რძით ახალშობილს ვაქცინაციით გამომუშავებული ანტისხეულები გადაეცემა. ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია და არ დავიღლები, თუ ჩემი რჩევით ერთი ადმიანი მაინც განეწყობა პროცესის მიმართ დადებითად. ხშირად არის კითხვა, რომ აიცრა და მაინც დაინფიცირდა. ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია დაინფიცირებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამ შემთხვევაში გართულებები მინიმალურია. პაციენტი არ ხდება სარეანიმაციო და ვირსუთით არ კვედა. საუკუნეების მანძილზე სწორედ ვაქცინებმა გადაარჩინა კაცობრიობა არაერთი სენისგან და კოვიდ-19-ის საპროფილაქტიკო ვაქცინაც მათ შორის იქნება. ჩემი პაციენტების უმრავლესობა, მათ შორის ორსულები, სრულიად ვაქცინირებულები არიან, თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი ნდობისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და მჯერა, დავამარცხებთ პანდემიას.
თამარ იაკობაშვილი