ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ხშირად ბევრი უცნაური საკვები სურთ, ჭამენ, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელ კომბინაციებს ან კიდევ აღარ უყვართ ის პროდუქტები, რომლებსაც იქამდე მიირთმევდნენ. ვკითხეთ დედებს, რა იყო ყველაზე უცნაური, რაც ორსულობის დროს სურდათ. გამოკითხვაში უამრავმა ქალმა მიიღო მონაწილეობა და კომენტარების ნაწილს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, ამ უცნაური შეგრძნებების ახსნა და მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი სპეციალისტს ვთხოვეთ.
- ცარცს ვჭამდი და რომ არ მქონდა, ახლადგარემონტებულ შენობაში კედლებს ვლოკავდი, "ლომკა" მქონდა.
- მიწა, გაჯი, ნესტის სუნი, სარდაფის სუნი, ცარცი და წამლები - ჭკუა მეკეტებოდა. ნადრევად ვიმშობიარე და გული დამწყდა, 6 ცალი ცარცი დამრჩა შესაჭმელი.
- შემიყვარდა ლუდი, რომელიც მანამდე არ მიყვარდა. მერეც გამყვა ეს სიყვარული და პატარა, თვეების ბავშვით ხელში, ლუდის რიგშიც ვმდგარვარ.
- წითელი ლობიო მინდოდა, ღამის 2 საათზე ვიტირე ცხარე ცრემლებით, მინდა-თქო. ჩემმა მეუღლემ რომ მითხრა ეხლა, ამ შუაღამეს ლობიო საიდან მოგიტანოო, კიდევ უფრო ვიტირე.
- 72%-იანი სარეცხის საპონი. ვღეჭავდი კიდეც, გემო რომ შემეგრძნო. მთლად ჩაყლაპვას ვერ ვრისკავდი.
- "ბიბლუსში" შევდიოდი და საათობით ვყნოსავდი წიგნებს. ბოლოს იმ წიგნების გემოთი 100-ფურცლიანი ბლოკნოტი შევჭამე
- ბენზინის სუნი მიყვარდა, ვგიჟდებოდი, საცობში დგომა მიხაროდა. საპონს ბანძი გემო აქვს არ გირჩევთ.
- მეზობელთან გადავედი, ბურთის რეზინი ჰქონდა ამოღებული ტყავიდან. ის შავი რეზინი ხომ ვღეჭე, იქვე სუნი მეცა რეზინის. წამოვედი სახლში, ვერაფერი ვერ ვნახე ისეთი და ჩემს ქმარს ახალი ნაყიდი, უცვამი ტუფლი ჰქონდა გარდერობში. ახალი ტუფლის სუნი ხომ იცით, მთელი ღამე ვღეჭავდი, დილით ტყავებიც აღარ იყო დარჩენილი. მთელი ორსულობა რეზინის გარეშე ვერ ვჩერდებოდი. დღე და ღამე ვღეჭავდი და მშობიარობიდან წელიწადი მაინც გამყვა. ბავშს ბუშტებს რომ მოუტანდნენ, ვიპარავდი და ვღეჭავდი.
- მჭადის ფქვილს ვჭამდი მუჭებით.
- ახალი ფეხსაცმელი დავუღირღნე ჩემ ძმას. ისე მიყვარდა მისი სუნი.
- ღუმელიდან ახალგამოყრილი ნაკვერჩხალი რომ გიზგიზებდა, ჭკუა მეკეტებოდა...გვერდზევე მქონდა ცივი წყლით სავსე ჯამი! ვაცივებდი და ვახრამუნებდი.
- არც ერთ ორსულობაზე, არასოდეს არაფერი მომდომებია. სულ მაინტერესებდა, რა იყო ეს ზამთარში საზამთროს და შუა ღამეს მარწყვის მონატრება, მაგრამ, არა, მჟავე კიტრიც კი არ მინატრია.
- ირმის ხორცი მინდოდა ძალიან, მომიტანეს ვჭამე გემრიელად, ბავშვი რომ გავაჩინე, მერე მითხრა მეუღლემ, ვერსად ვიშოვეო. თურმე ხბოს ხორცი მიჭამია.
- ნაყინზე მოყრილი მჭავე კიტრი მიყვარდა.
- კედელზე შპალერი ავაგლიჯე მერე წყალი შევასხი კარგი გაჯის სუნი რომ ყოვილოყო. მიყვარდა
- რომ გამახსენდება, ახლაც მაჟრჟოლებს, ბაზარში ვიყიდე მარწყვი და ბალი, სახლამდე ვეღარ მოვითმინე, დავჯექი იქვე გაჩერებაზე და ვჭამე გაურეცხავი. მერე შემეშინდა, მაგრამ გადავრჩი.
- გაჯი მიყვარდა-კედელი გამოვჩიჩქნე საძინებელში და მივირთმევდი. ჩემი მშობიარობის მერე თავიდან გალესეს.
- პირველზე ნავთიანი და ბენზინიანი ნაჭრები მქონდა შარვლის ჯიბეებში... მეორეზე კედლის კუთხეებს ვამტვრევდი და ვჭამდა. კიდევ მტვრის სუნზე ვგიჟდებოდი ზაფხულში. რომ გაწვიმდებოდა, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა... მესამეზე დილით მდოგვიან პურს ვჭამდი და მერე ნაყინს ვაყოლებდი. სამივეზე ყინულებს ვჭამდი.
- მახსოვს, ორსულობის დროს ჩემმა მეუღლემ მკვახე ყურძენი მთხოვა. რუსთავში ვცხოვრობდი ე.წ ინტერნატების დასახლებაში, წავედი ღამე, გადავძვერი ვიღაცის ეზოში და მოვიპარე. კინაღამ ძაღლებმა დამკბინეს და მოვუტანე. მადიანად, სულმოუთქმელად შეჭამა.
- საშლელს ვჭამდი, ძალიან გემრიელად. ოღონდ თეთრი ან ვარდისფერი უნდა ყოფილიყო, ლურჯი არ იყო გემრიელი.
გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგს,
გიორგი ბიჭიაშვილს ვკითხეთ, რატომ უნდებათ ქალებს ორსულობის პერიოდში უცნაური საკვები და ჯანმრთელობის რაიმე პრობლემაზე ხომ არ მიუთითებს მსგავსი ქცევა:
"მსგავსი მოთხოვნები ახასიათებთ ქალებს, როდესაც ორსულობის პერიოდში რკინადეფიციტურ ანემიასთან, ჰემოგლობინის დაბალ დონესთან გვაქვს საქმე. ამის ნაკლებობა იწვევს ხოლმე ისეთ მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად, ყინულის, ალუჩის, მჟავეს, განსხვავებული რაღაცების ჭამ. ასევე, შესაძლოა ჰქონდეთ ცარცის, გაჯის შეჭმის სურვილი. მსგავსი ქცევა შესაძლოა კალციუმის ნაკლებობასთანაც იყოს დაკავშირებული. ასეთ დროს ექიმთან ვიზიტი და სწორი რეკომენდაციების მიღება მნიშვნელოვანია. ზოგადად, ორსულობა ძალიან დიდ ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რაც კვებისმიერ ცვლილებებსაც იწვევს. მაგალითად, რაც ორსულობამდე უყვარდათ, მის მიმართ ორსულობის პერიოდში ზიზღი გაუჩნდეთ, აღიზიანებდეთ ან პირიქით, მოსწონდეთ კონკრეტული სუნი. იცვლება ხასიათიც. როგორც წესი, როგორც კი ორსულობა მთავრდება, ჩვეულებრივ კვებით მოდელს უბრუნდებიან. პირობითად, მცირე რაოდენობით ცარცის ან ფქვილის შეჭმით შესაძლოა რაიმე ზიანი არ მიადგეთ, მაგრამ, მაინც ჯობს, რომ თავი შეიკავონ ორსულობის პერიოდში უცნაური რაღაცების მიღებიგან. თუ ამ დროს ქალბატონს სურვილს ვერ შევუსრულებთ, რა თქმა უნდა, ეს ნაყოფის მდგომარეობაზე არ იმოქმედებს. გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რა საკვები რაციონიცაა ორსულებისთვის რეკომენდებული და მიწოდებული, ჯობს ის მიირთვას და უცნაური პროდუქტების მიღებისგან თავი შეიკავოს. ორსულობის პერიოდში უმჯობესია მიირთვათ ნაკლები ტკბილი, შეზღუდული რაოდენობით ცომეული. ბოჭკოს შემცველი საკვები, ხილი, ბოსტნეული, ასევე, მდინარის თევზი, ხბოს ხორცი, მწვანილი." - გვითხრა გიორგი ბიჭიაშვილმა.
თამარ იაკობაშვილი