როგორ მივხედოთ კანს ორსულობის დროს - სპეციალისტის რჩევები ორსულობის დროს ბევრი უჩივის კანის ხარისხის გაუარესებას. ამ დროს ხშირად ჩნდება მუწუკები, გამონაყარი, გაღიზიანებისა და დაჭიმვის შეგრძნება, ლაქები და სტრიები. რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის კანში, ამაზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ხათუნა ჯიშკარიანს მივმართეთ.
- ქალბატონო ხათუნა, რა ჩივილებით მომართავს ორსული ყველაზე ხშირად ექიმს?
- ორსულობას ხშირად თან ახლავს კანის მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამასთან ერთად, ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს კანის ისეთი დაავადებებიც, რომლებიც სპეციფიკურია ორსულებისათვის.
ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ჩივილი ორსულობის დროს არის ქავილი. ის შესაძლოა გამოვლინდეს ორსულობის ნებისმიერ პერიოდში - როგორც დასაწყისში, ასევე ბოლოს, შესაძლოა შემოიფარგლოს გარეთა სასქესო ორგანოებით ან გავრცელდეს მთელ სხეულზე. ქავილს არცთუ იშვიათად აქვს შემაწუხებელი ხასიათი, იწვევს უძილობას, გაღიზიანებადობას ან გუნება-განწყობის დათრგუნვას. ორსულთა ტოქსიკოზის ამ ფორმის ამოცნობა ძნელი არ არის. ქავილს სხვადასხვა მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც დაკავშირებულია მუცლის სწრაფ ზრდასთან. როგორც წესი, ამ მიზეზით გამოწვეული ქავილი ვითარდება ორსულობის 25-ე კვირის შემდეგ. იშვიათად აღინიშნება ორსულთა ეგზემა, რომელიც მოიცავს სარძევე ჯირკვლების, მუცლის, ბარძაყის, ხელების კანს. ზოგჯერ ორსულთა დერმატოზი მიმდინარეობს კანზე ქუნთრუშის ან ჭინჭრის ციების მაგვარი გამონაყარით. ამას აუცილებლად სჭირდება ექიმთან დროული ვიზიტი და მიხედვა.
ხშირია ქლოაზმები, რომლებსაც სახისა და კისრის პიგმენტაციის შეცვლა იწვევს. მათ სხვაგვარად "ორსულობის ნიღაბსაც" უწოდებენ. ვლინდება შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე მოყავისფრო პიგმენტური ლაქების სახით. ქლოაზმა ორგანიზმის მიერ პიგმენტ მელანინის ჭარბი გამომუშავების შედეგია. მზის სხივების ზემოქმედებით ლაქები მუქდება და უფრო მეტად შესამჩნევი ხდება, ამიტომ შინიდან გასვლის წინ რეკომენდებულია წაისვათ მზისგან დამცავი კრემი მაღალი ოპტიკური სიმკვრივით (დაცვის კოეფიციენტი - შPF 15 და მეტი) ან დაიხუროთ პანამა. ლაქები მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ გაქრება.
- როგორ დავიცვათ თავი ამ ლაქებისგან?
- იკრძალება მათეთრებელი საშუალებების გამოყენება - შესაძლოა, ბავშვში ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. შეგიძლიათ სცადოთ რძემჟავა პროდუქტების - მაწვნის, იოგურტის, ასევე ლიმონის წვენის ნიღბები, გამოიყენოთ ხარისხიანი ტონალური კრემი. მშობიარობის შემდეგ პიგმენტაცია უმეტესად გაივლის.
მუცლის თეთრი ხაზის პიგმენტაცია
მუცლის თეთრი ხაზი - ეს არის 1 სანტიმეტრამდე სიგანის ვერტიკალური ხაზი, რომელიც გაივლის მუცლის შუაში ბოქვენის ძვლიდან ჭიპამდე, ზოგჯერ კვეთს ჭიპს. ორსულობის მეორე ტრიმესტრში იგი ხშირად მუქდება. მისი გაჩენის მიზეზია კანის გაჭიმვა მუცლის კუნთების ზემოთ მუცლის ზრდის კვალდაკვალ. მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ხაზი, ჩვეულებრივ, თეთრდება. მისთვის ხელის ხლებას აზრი არ აქვს. შეგიძლიათ, ნაზად გაიწმინდოთ ეს ადგილი, რათა აქერცლილი მშრალი კანი ჩამოიფცქვნას. ხშირად შეინიშნება სხვა წერტილების - ძუძუსთავების, ხალების გამუქება. ჭორფლი მკვეთრდება. დროთა განმავლობაში ესეც გაივლის.
- ორსულებს ხშირად აწუხებთ კანის სიმხურვალე. რისი ბრალია ეს?
- ორსულობის დროს კანში კავდება მეტი სითხე, ქსოვილები ოდნავ შუპდება და თუკი სადმე ნაოჭი იყო, სწორდება. სისხლის მიმოქცევის გაძლიერების შედეგად კანი ვარდისფერი და ბზინვარე ხდება, ამიტომ ზოგჯერ თავს იჩენს მსუბუქი სიწითლის შეგრძნება. ამ მოვლენის ნაკლებ სასიამოვნო მხარე ის არის, რომ სითხის შეკავებამ შესაძლოა შეშუპებული იერი მისცეს ორსულს და ნებისმიერი წითელი ლაქა უფრო გამოიკვეთოს.
- რა არის სტრიები და რა აჩენს მათ?
- სტრიები მოვარდისფრო, წითელი ან ყავისფერი ზოლებია, რომლებიც უმთავრესად მუცელზე, გულმკერდსა და ბარძაყებზე ჩნდება. ისინი ორსულობისას წონის მატების და კანის გაჭიმვის შედეგია. სტრიები ორსულთა უმეტესობას უჩნდება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ, გარდა ჰორმონების დონის მატებისა, ირღვევა ცილოვანი ბალანსი, რის გამოც კანი თხელდება. სტრიების გაჩენის ალბათობა მინიმუმამდე რომ შეამციროთ, ეცადეთ არ მოიმატოთ ზედმეტად და სწრაფად. კარგია კანში კოსმეტიკური ზეთის შეზელა. გარგებთ ე და ც ვიტამინების, თუთიისა და სილიციუმის ზეჟანგის შემცველი კრემიც. სტრიების თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური კრემებიც, რომლებიც კანს გაცილებით ელასტიკურს ხდის და ქავილს თანდათანობით აცხრობს. უმჯობესია, გამოიყენოთ კრემები, რომლებიც სპეციალურად ორსულებისთვისაა განკუთვნილი. ჯერ ერთი, ისინი არ იწვევს ალერგიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, თავიდან აგვაცილებს კანის გაწელვას, რაც გაცილებით იოლია, ვიდრე ჩამოყალიბებული სტრიებისგან განკურნება. ასეთი კრემების შეზელა უნდა დაიწყოთ მანამდე, სანამ მუცლის ქავილს იგრძნობთ. პროფილაქტიკა მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. თუ ნახეთქები ჯერ არ გაჩენილა, რეგულარულად დაიმუშავეთ მკერდის, თეძოებისა და მუცლის კანი სპეციალური დამარბილებელი კრემებითა და შრატებით, რომლებიც მდიდარია კოლაგენით და AA და AE ვიტამინებით. გარდა ამისა, მიიღეთ შხაპი ან დაიზილეთ სხეული თბილი წყლით დასველებული პირსახოცით. ამის შემდეგ ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ სველ კანზე კალენდულას მალამო. შეიძლება მოამზადოთ ლავანდის, ბარამბოს, სოჭის ან ცაცხვის ზეთოვანი ექსტრაქტი ბალახებზე ან ეთერზეთებზე.
- კანის მოვლის რა პროცედურები შეგვიძლია გამოვიყენოთ ორსულობისას?
- კანის გაღიზიანებისა და დაჭიმულობის შესამცირებლად შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს ან გამოიყენოთ შინაური დამატენიანებელი და ზეთოვანი ნიღბები. აკნეს გამწვავებისას კი სახის გაწმენდა არათუ იკრძალება, არამედ რეკომენდებულიცაა. ოპტიმალური არჩევანია მექანიკური წმენდა ან ზედაპირული პილინგი ხილის მჟავებით. ღრმა ფენოლის პილინგი შემდეგისთვის გადადეთ - ეს პროცედურა თქვენს მდგომარეობაში არცთუ უსაფრთხოა. ორსულობის დროს მოგიწევთ, უარი თქვათ კანის ლაზერულ გაწმენდაზე, რადგან ეს პროცედურა ნარკოზით ტარდება, ეს კი თქვენს მდგომარეობაში ასევე არ არის სასურველი. როგორც არ უნდა გინდოდეთ გაახალგაზრდავება და გალამაზება, ყველა სერიოზული ჩარევა მომავლისთვის გადადეთ - მშობიარობიდან ნახევარი წლის შემდეგ. ცალკე უნდა ვისაუბროთ ბოტოქსზე. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ბოტოქსის ინექციების პირდაპირი უკუჩვენება არ არის, სპეციალისტები მაინც გვირჩევენ, თავი შევიკავოთ. ორგანიზმში ბოტულიზმის ნეიროტოქსინის შეყვანამ იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში ალერგიული რეაქციები. თუ გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, უპირატესობა მიანიჭეთ მეზოთერაპიას - კანქვეშ სპეციალური ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების შემცველი კოქტეილის შეყვანას. იმ ნივთიერებების უმეტესობას, რომლებსაც იყენებენ მეზოთერაპიის დროს, ორგანიზმი საკუთარივით იღებს და, მაშასადამე, ვნების მოტანა არ შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, კოსმეტოლოგი აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, ხოლო თუ ამა თუ იმ პროცედურის თაობაზე ეჭვი გაწუხებთ, საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც მეთვალყურეობას გიწევთ ორსულობის დროს.
სხეულის პროცედურები
უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი პროცედურა, რომელიც ცელულიტის მოშორებას ემსახურება, ორსულობისას უკუნაჩვენებია: შემთხვევები, ანტიცელულიტური მასაჟი, ელექტროლიპოლიზი... ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ლიმფოდრენაჟული მასაჟი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და ტოქსინების გამოძევებას. მისი ჩატარება ჯობს არა სალონში, არამედ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ექიმის მეთვალყურეობით. გახსოვდეთ, ნაყოფის მოწყვეტის მცირე საშიშროებაც კი საფუძვლიანი არგუმენტია ნებისმიერ ზემოქმედებაზე უარისთვის. ორსულობის დროს უნდა ერიდოთ ასევე სითბურ პროცედურებს -SPA-კაფსულებს, ჰიდრომასაჟს, საუნას. ისინი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების გადახურებას, არასასურველ პირობებში კი ამან შესაძლოა მუცლის მოშლის პროვოცირება მოახდინოს ან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. იკრძალება კრიოთერაპიის მსგავსი "ცივი" პროცედურებიც. მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მოსადუნებლად და სიამოვნების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ქრომოთერაპიას - ფერთა სპექტრის ზემოქმედებას ორგანიზმზე. ეს პროცედურა პრატიკულად არ ეხება სხეულს, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნოა.
- რას გვეტყვით ლაზერის შესახებ?
- ორგანიზმზე ლაზერის მოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ არ ღირს, რისკის ქვეშ დააყენოთ თქვენი პაწიაც და საკუთარი თავიც. რაც შეეხება ელექტროეპილაციას, მან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, რომლის შედეგები ხშირად არაპროგნოზირებადია. ორსულობისას არსებობს ე.წ. კრიტიკული პერიოდები, როდესაც ორგანიზმზე აქტიური ზემოქმედება უნდა გამოირიცხოს. ესენია ორსულობის მე-2-3, მე-8-13, მე-18-22-ე და 28-32-ე კვირა. გაუფრთხილდით თავსა და ბავშვს!