და როგორ უნდა დაიცვას თავი ამ საფრთხეებისგან? ზამთარში ყოველთვის მატულობს გრიპით დავირუსების რისკი. განსაკუთრებით საფრთხულონი არიან პატარები და ორსულები. რა საფრთხეს უქადის გრიპი ორსულს და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი გინეკოლოგი მერი ვახტანგიშვილი პასუხობს.
- ქალბატონო მერი, რა უნდა იცოდნენ ორსულებმა გრიპის შესახებ?
- ზოგადად, გრიპით საავადმყოფოში მოხვედრის, სიკვდილისა და მძიმე გართულებათა განვითარების ალბათობა ორსულებს ოთხჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებლად ჟღერს, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქალების უმრავლესობა, თუ თავს დროულად მიხედავს, გრიპს ადვილად გადაიტანს.
- რატომ აქვთ ორსულებს გართულებების მაღალი ალბათობა?
- სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მზარდი ნაყოფი ზრდის ფილტვების დატვირთვას და, ამის კვალობაზე, მათში მეორეული ინფექციის განვითარების რისკს. ამასთანავე, მნიშვნელობა აქვს იმ ცვლილებებს, რომლებიც ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარეობს და ზრდის ინფექციური დაავადებებისადმი მის მიმღებლობას. საქმე ის არის, რომ ორსულის იმუნური სისტემა იძულებითი დათრგუნვის - იმუნოსუპრესიის მდგომარეობაში იმყოფება (ამით იგი ხელს უშლის ნაყოფის მოცილებას), ამიტომ ინფექციებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა.
- რა გავლენას ახდენს გრიპი ორსულობაზე?
- სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, გრიპის დროს უფრო დიდია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობისა და ფეტოპლაცენტური უკმარისობის საფრთხე (ეს უკანასკნელი ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებას იწვევს).
- რა ემართება ნაყოფს დედის დაინფიცირების შემთხვევაში?
- ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვით, მოახდენს თუ არა გავლენას დაავადება ბავშვის განვითარებაზე. დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის ადრეულ პერიოდში - მე-12 კვირამდე, როდესაც ბავშვის ორგანოები და ქსოვილები ყალიბდება. მომდევნო ეტაპებზე ბავშვი მხოლოდ იზრდება, ასე რომ, დაავადება ორგანოების სტრუქტურაზე აღარ მოქმედებს. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას არსებობს ალბათობა, რომ ვირუსი დააინფიცირებს პლაცენტას, რომელსაც სისხლი ნაყოფთან მიაქვს. ისიც სათქმელია, რომ გრიპი მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ცხელება კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში აორმაგებს ნერვული ღეროს განვითარების მანკის რისკს. რისკის შემცირება შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალებების და/ან ისეთი მულტივიტამინური კომპლექსების მიღებით, რომლებიც ფოლიუმის მჟავას შეიცავს.
- როგორ გავიგოთ, დაზიანდა თუ არა ნაყოფი?
- თუ გრიპი მძიმედ, გართულებებით მიმდინარეობდა, მაშინ ბავშვის ინფიცირების ალბათობა მაღალია. ამ დროს შეიძლება ჩატარდეს ე. წ. სამმაგი ტესტი - განისაზღვროს სისხლში აფპ-ს (ალფაფეტოპროტეინის), ქგტ-ის (ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის) და ესტრადიოლის დონე. სამივე ჰორმონის განსაზღვრა აუცილებელია, სხვაგვარად სარწმუნო პასუხს ვერ მივიღებთ.
- როგორ მოვიქცეთ, თუ ორსული გრიპით მშობიარობის წინ დაავადდა?
- ამ შემთხვევაში ქალმა უნდა იმშობიაროს სპეციალიზებულ სამშობიარო სახლში, სადაც მზად არიან ასეთი ორსულის მისაღებად. მშობიარობის დროს მას უნდა ეკეთოს ნიღაბი, არ უნდა ჰქონდეს ბავშვთან ახლო კონტაქტი, ვიდრე სხეულის ტემპერატურა ნორმას არ დაუბრუნდება. ახალშობილები ეკუთვნიან მაღალი რისკის ჯგუფს, ამიტომ მათ მხოლოდ ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მოუაროს. სიმპტომების გაქრობიდან 7 დღის შემდეგ ქალს შეუძლია დაიწყოს ძუძუთი კვება. რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისთვის და, ამასთანავე, იცავს კიდეც. ბავშვები, რომლებიც ძუძუს წოვენ, გაცილებით მსუბუქად და იშვიათად ავადმყოფობენ.
სამახსოვრო ორსულებისთვის:
* ერიდეთ გრიპიან ავადმყოფებთან კონტაქტს.
* ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
* რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით. თუ წყალი და საპონი მიუწვდომელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტზე დამზადებული ანტიბაქტერიული ჟელე ხელებისთვის.
* თუ თქვენს გარემოცვაში ვინმეს გრიპი აღმოაჩნდა, მიმართეთ ექიმს.
* შინიდან გასვლისას ცხვირის ნესტოებში შეიზილეთ ოქსოლინის 0,25%-იანი მალამო. მით უმეტეს, ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც შინაგანი მედიკამენტების მიღება რეკომენდებული არ არის.
თუ გრიპის ნიშნები გამოგაჩნდათ:
* დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
* ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ წამალს - მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მზარდ ნაყოფს.
* ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას - საშიშია.
* მიიღეთ დიდი რაოდენობით თბილი სასმელი (უმჯობესია ტუტე): ჩაი, მორსი, ბორჯომიანი რძე...
* დაიცავით წოლითი რეჟიმი.
* როდესაც ახველებთ ან აცემინებთ, ცხვირ-პირზე აიფარეთ ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი გადააგდეთ.
* თუ ორსულობის ვადა 12 კვირას აღემატება, ისეთი სიცხის დამწევი მედიკამეტების მიღება, როგორიც არის პარაცეტამოლი და მისი შემცველი პრეპარატები, ნებადართულია მხოლოდ ექიმის მიერ მითითებული დოზით. სამაგიეროდ თამამად შეიძლება ხალხური საშუალებების - შტოშის, ცაცხვის, ჟოლოს ან გამომშრალი ვაშლის ფოთლების ჩაის გამოყენება.
* უწყვეტი კავშირი იქონიეთ თქვენს გინეკოლოგთან.
მოზადებულია mkurnali.ge-ს მიხედვით