ნებისმიერი ორსული მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ბავშვის უსაფრთხოებაზეც აგებს პასუხს. თუმცა, ზოგიერთ ქალს ამის გააზრება არ შეუძლია. ბევრი ადამიანი აქტიურ ცხოვრებას, წვეულებებს, გართობას ისეა მიჩვეული, ორსულობის დროს ამ ჩვევებზე უარის თქმა ძალიან უჭირთ. ზოგი ამას მაინც ახერხებს, ნაწილი კი ჩვევებზე უარის თქმას საჭიროდ არ თვლის.
ცნობილ ადამიანებს, მოგეხსენებათ, ლამის მიკროსკოპით უყურებენ და პატარა გადაცდომასაც არ პატიობენ ხოლმე, მით უმეტეს, სერიოზულ ჩავარდნებს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან ხოლმე ორსული ვარსკვლავები.
ქეით ჰადსონი
როდესაც ვარსკვლავი ვაჟს ელოდებოდა, სჯეროდა, რომ რამდენიმე ჭიქა ღვინო ბავშვს არ დააზარალებდა. შესაძლოა, მსახიობის დამოკიდებულების შესახებ ვერც ვერავის გაეგო, პაპარაცებს ერთხელ არგენტინაში შვებულების დროს რომ არ დაეფიქსირებინათ. ჰადსონს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როცა ალკოჰოლურ სასმელს სვამდა. კადრები მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უამრავმა ადამიანმა მომავალი დედა გაუფრთხილებლობისთვის მკაცრად გააკრიტიკა.
ბრიტნი სპირსი
იმ პერიოდში, როცა მომღერალი მეორე ვაჟზე იყო ორსულად, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევდა - სპირსი საღამოობით ღვინოს ხშირად სვამდა ან კიდევ ალკოჰოლურ კოქტეილებს ანიჭებდა უპირატესობას. როგორც ჰადსონის შემთხვევაში, პაპარაცებმა მომღერალს მაშინ გადაუღეს ფოტოები, როცა ალკოჰოლს იყებდა. გავრცელებულ კადრებში სპირსი მაშინდელი მეუღლის, კევინ ფედერლაინის დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ცნობილია, რომ ბრიტნიმ ვაჟი ნაადრევად გააჩინა. ზოგი ამბობდა, რომ ეს ვარსკვლავის ცხოვრების წესით იყო განპირობებული, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სპირსის ცხოვრებაში უბედურება მოხდა. ცნობილ ვარსკვლავს სპონტანური აბორტი განუვითარდა და ბავშვი დაკარგა.
კორტნი ლავი
თუ უკვე ჩამოთვლილი ცნობილი სახეები თავიანთი ჩვევების შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდნენ და ფაქტების დამალვას ცდილობდნენ, კორტნი ლავმა არაერთხელ აღიარა პრესასთან, რომ ორსულობის დროს არალეგალურ ნივთიერებებს იღებდა. როდესაც ჟურნალისტები გაოცებულები უსვამდნენ შეკითხვებს, კორტნი უბრალოდ პასუხობდა: "დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადებოდა". ბოლო ტრიმესტრში ლავმა საკუთარ თავს დროდადრო მოწევის უფლებაც მისცა. თუმცა, ორსულობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში ის ნიკოტინის შემცველ სხვა ნივთიერებებს იყენებდა.
გვინეტ პელტროუ
მსახიობმა თავისი საქციელით ბევრი გულშემატკივარი გააოცა. კერძოდ კი, მაშინ, როდესაც მეორე შვილზე იყო ორსულად, პაპარაცებმა ბარში დააფიქსირეს, სადაც ლუდს სვამდა. ბევრს არც კი უფიქრია, რომ ალკოჰოლს იღებდა, რადგან ვარსკვლავმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. თუმცა, ფაქტი დადასტურდა. კრიტიკოსების გარდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პელტროუს გამართლებას ცდილობდნენ. ამტკიცებდნენ, რომ ლუდი, სავარაუდოდ, რკინით იყო მდიდარი, რაც ორსულ ქალებში ანემიის თავიდან აცილებისთვისაა საჭირო. მაგრამ, უმრავლესობამ ეს ვერსია არ დაიჯერა.
ქეით მოსი
სუპერმოდელს უკვე დიდი ხანია ალკოჰოლთან და არალეგალურ ნივთიერებებთან პრობლემები აქვს. ის ცდუნებას ფეხმძიმობის დროსაც კი ვერ უძლებდა. ვარსკვლავის მეგობრები ამბობენ, რომ ქეითს წვეულებები, დილამდე დალევა, სიგარეტის მოწევა უყვარს. ამაზე კი უარი არც ორსულობის დროს უთქვამს. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მშობიარობის შემდეგ, სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს.
დრიუ ბერიმორი
ჟურნალისტებთან საუბარში "ჩარლის ანგელოზების" ვარსკვლავმა არაერთხელ თქვა, რომ ბავშვობაში დედის ალკოჰოლზე დამოკიდებულება ძალიან აღელვებდა. როგორც ჩანს, ეს ჩვევა მან მემკვიდრეობით მიიღო და სასმელზე უარი ვერც ორსულობის დროს თქვა. მრავალი წლის განმავლობაში დრიუ ბერიმორი ალკოჰოლზე დამოკიდებულებასა და ნარკომანიას ებრძოდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ ბრძოლამ შესაძლებლობა მისცა, შვილებისთვის მშვიდი და ბედნიერი ბავშვობა მოეწყო.
სიენა მილერი
კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ორსულობის დროს არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა, სიენა მილერია. ერთ-ერთი ქუჩის რესტორანში ის პაპარაცებმა ღვინის სმის დროს დააფიქსირეს და მომდევნო დღეს ყველა ადგილობრივი გაზეთი ამაზე წერდა. თუმცა, სიენამ უარყოფითი კომენტარებისგან თავდაცვა მაინც მოახერხა.