ზაფხულის პერიოდში, მაღალი სიცხეები განსაკუთრებით შემაწუხებელი ორსულებისათვის ხდება და სხვადასხვა ჩივილი აღენიშნებათ. თუმცა, ამავდროულად, ეს დასვენებისა და გართობის პერიოდიცაა. გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი
გიორგი ბიჭიაშვილი გვიყვება, რა საფრთხე ექმნება ორსულს ძლიერი სიცხეების დროს, არსებობს თუ არა ამ დროს მუცლის მოშლის რისკი, რამდენადაა მიზანშეწონილი მზეზე გარუჯვა და რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი:
- ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის დროს, უფრო მეტი სითხის აორთქლება ხდება, რამაც შესაძლოა საშვილოსნოში ტონუსის მატება, შეკუმშვები, ტკივილი და დისკომფორტი გამოიწვიოს. არსებობს გაუწყლოვნების რისკი, ამიტომაც აუცილებელია ორსულებმა მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას თავი მოარიდონ. არსებობს ასევე მზის დარტყმის რისკი. გაუწყლოვნების გამო ხშირია გულის წასვლის პერიოდები და შესაბამისად, სხვადასხვა ტრავმის მიღების ალბათობაც. აქედან გამომდინარე, ორსული უნდა შეეცადოს, რომ მაღალ სიცხეებს თავი მოარიდოს. გარემოს ტემპერატურის მატების გამო რა ჩივილებმაც შეიძლება ადამიანი შეაწუხოს, იგივე ნიშნები აქვთ ორსულებსაც, თუმცა უფრო გამძაფრებულად. ამ დროს ჰაერის უკმარისობაც აწუხებთ ხოლმე და აუცილებელია, სიგრილეში იყვნენ და სუფთა ჰაერი ისუნთქონ.
- განსაკუთრებით ორსულობის რომელ ტრიმესტრშია ძლიერი სიცხეები სახიფათო?
- შესაძლოა, იმ გართულებების რისკი, რაზეც ვისაუბრე, უფრო ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში იყოს. პირველ ტრიმესტრში ნაკლებადაა გამოხატული, თუმცა გააჩნია ორსულს და მის ზოგად მდგომარეობას.
- დაახლოებით, გარემოს რა ტემპერატურა ითვლება ორსულისთვის ძლიერ სიცხედ, როცა ჯობს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს?
- ეს ძალიან ინდივიდუალურია. ზოგიერთ ადამიანს უფრო გრილი ამინდი სიამოვნებს, ზოგს კი - პირიქით. თუმცა, 35 გრადუსზე და ზემოთ ჯობს ქუჩაში სიარულს თავი მოარიდონ. თუ გადაადგილება მაინც უწევთ, ბევრი სითხის მიღება აუცილებელია.
- მართალია თუ არა, რომ ძლიერი სიცხეების დროს მუცლის მოშლის რისკი მატულობს?
- ეს მოცემულობა ლოგიკაში ჯდება, რადგანაც, ზოგადად, სიცხის მატება გაუწყლოვნების რისკს ზრდის. ორგანიზმიდან დიდი რაოდენობის სითხე ორთქლდება და თუ ამ სითხის ჩანაცვლება არ ხდება, გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც საშვილოსნოს რეცეპტორებზე, კონკრეტულად კი ოქსიტოცინის რეცეპტორებზე მოქმედებს და ეს საშვილოსნოში ტონუსს ზრდის. შეიძლება შეკუმშვები გამოიწვიოს და თუ პაციენტს აქვს მოსალოდნელი აბორტი, სისხლიანი გამონადენი, ან საშვილოსნოზე ჰემატომაა წარმოქმნილი, ამ ყველაფერთან ერთად, შეიძლება კიდევ დამატებითი რისკფაქტორი შექმნას. ანუ, თანდართვის დროს, უფრო მეტი რისკი არსებობს. თუმცა, პირდაპირ იმის თქმა, რომ ძლიერი სიცხეები აბორტს იწვევს, ასე არ არის.
- რომელი მიმართულებით ურჩევთ ხოლმე ორსულებს ზაფხულში დასვენებას - მთაში თუ ზღვაზე?
- აუცილებელია, რომ ეს პასიური დასვენება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი გადაღლისა და აქტივობებისგან თავი უნდა შეიკავონ. სასურველია, რომ მზეზე არ დაწვნენ და თავი ულტრაიისფერ სხვივებს მოარიდონ. ამიტომაც, თუ ამ პირობებს დაიცავენ, არ აქვს მნიშვნელობა, ზღვაზე წავლენ თუ მთაში. მთავარია, მშვიდად იყვნენ.
- რამდენად მიზანშეწონილია ორსულებში მზეზე გარუჯვა?
- ზოგადად, მზეზე მცირე ხნით სეირნობა კარგია, რადგანაც ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნა ხდება. ეს შეიძლება იყოს დილის საათებში ან საღამოს, მთავარია, ძალიან არ ცხელოდეს და დისკომფორტი არ ექმნებოდეთ. რაც შეეხება მზეზე გარუჯვას, ეს არც არაორსულისთვის და მით უმეტეს, ორსული ქალისთვის არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ამ დროს ულტრაიისფერი სხივების დასხივება ხდება, რაც არასასურველია.
- ორსულობის პერიოდში რამდენადაა სოლარიუმი რეკომენდებული?
- ორსულებში სოლარიუმის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ზოგიერთი სოლარიუმი ამბობს, რომ ორსულობის პირველ ტრიმეტრში მისი გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ არსებობს. ზოგადად, სოლარიუმის ხშირი და დიდი ხნით გამოყენება არც არაორსულებისთვისაა მიზანშეწონილი. არსებობს კანის დაავადებებისა და სხვადასხვა გართულების რისკი. რა თქმა უნდა, არიან ორსულები, რომლებიც სოლარიუმში დადიან, მაგრამ ჩვენ მაინც ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ.
- ზაფხულის პერიოდში კოღოებთან ბრძოლა განსაკუთრებით აქტუალურია. ხშირად იყენებენ ისეთ საშუალებას, რომელიც დენზე ერთდება და სპეციფიკურ სუნსა და ნივთიერებას გამოჰყოფს. რამდენად მიზანშეწონილია ეს ორსულისთვის?
- ყოველთვის, როდესაც მსგავს საშუალებას ვიყენებთ, აუცილებელია, რომ შეფუთვაზე იყოს მითითებული, დასაშვებია თუ არა ორსულებისათვის. ასეთ დროს უმჯობესია, თუ აღნიშნულ მოწყობილობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩავრთავთ, შემდეგ ბადეებს დავუმაგრებთ ფანჯრებს და ოთახს გავანიავებთ.
- ორსულებმა სიცხის გამო თუ უნდა შეცვალონ კვების რეჟიმი?
- ცოტ-ცოტა და ხშირად უნდა მიირთვან. თავი უნდა მოარიდონ დიდი რაოდენობით ტკბილეულსა და ცომეულს. ახლა ძალიან ბევრი ხილი, ბოსტნეული გვაქვს და ჯობს, ის მიირთვან. უპირატესობა ცილოვან საკვებს, მოხარშულ ხბოს ხორცს მიანიჭონ.
- ორსულობის დროს რა რაოდენობის სითხის მიღებაა ოპტიმალური?
- ორსულობის პერიოდში ის სითხის რაოდენობა, რასაც ადამიანი კარგავს, აუცილებელია, შეივსოს და ეს ძალიან ინდივიდუალურია. ზოგისთვის ეს შეიძლება ეყოს 2 ლიტრი, ზოგისთვის უფრო მეტი ან ნაკლები. თუმცა, საშუალოდ, ორსულობის დროს 2 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღონ.
თამარ იაკობაშვილი