მთავარია, შეაფასოთ თქვენი ძალები, შესაძლებლობა და ის დახმარება, რომელსაც გთავაზობენ ახლობლები ბევრის ფიქრობს, რომ ბავშვის დაბადებამდე აუცილებელია სახლის გარემონტება. არის თუ არა საჭირო გლობალური ცვლილებები ორსულობის დროს?
რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშობლის სურვილია, თავისი პატარა ახალგარემონტებულ სუფთა სახლში მიიყვანოს. ორსულობის მეორე ნახევარში ფეხმძიმე ქალს ერთვება „ბუდის“ მოწყობის სინდრომი, როდესაც უჩნდება სურვილი, განაახლოს ირგვლივ ყველაფერი. ამიტომ ხშირია, როცა "ყოჩაღი" ორსულები რემონტში გადაეშვებიან ხოლმე.
ყველას ორსულობა სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ზოგს 9 თვე წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება კარგად დასრულდეს ყველაფერი. ზოგი სულ არ იმყოფება სტრესულ სიტუაციაში, მაგრამ ორსულობა მაინც სუბიექტურად რთულად მიმდინარეობს: აქვს ტოქსიკოზი, გულძმარვა, სტკივა ფეხები და ზურგი. აწუხებს საერთო სისუსტე და მიდრეკილია ძილიანობისკენ. მათთვის, ვინც საკუთარ ორსულობას ეიფორიულად აღიქვამს, რემონტი ამ შემთხვევაში სიახლისა და სიხარულის სიმბოლო ხდება. სხვისთვის კი ორსულობა ფორიაქთან და ნერვიულობასთან ასოცირდება და რემონტი ამ შემთხვევაში დამატებითი სტრესია, მასზე ფიქრიც კი უსიამოვნო განცდებთან ასოცირდება.
ამ საკითხში მთავარია, შეაფასოთ თქვენი ძალები, შესაძლებლობა და ის დახმარება, რომელსაც გთავაზობენ ახლობლები. თუ ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს, შეგიძლიათ, ჩაერთოთ ამ საქმიანობაში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სარემონტო მასალების სუნმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია ან უბრალოდ ცუდ გუნებაზე დაგაყენოთ. და მაინც ჯობს, უშუალოდ არ იყოთ ჩართული ღებვა-ხეხვის პროცესებში. ან იქნებ გირჩევნიათ, გააკეთოთ ეკონომია და მოაგროვოთ თანხა პატარას დაბადებამდე. ბოლოს და ბოლოს, როდესაც პატარა დაიბადება და ზაფხულში მასთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრებით, მაშინაც შეიძლება რემონტის გაკეთება - უთქვენოდ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ