რა მომსახურებებს მოიცავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ბევრ მომავალ და ახალბედა დედას აინტერესებს, რა მომსახურებებს მოიცავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა და სწორედ მათთვის არის ეს ინფორმაცია, სოციალური სერვისების სააგენტოდან.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფას, გართულებული მშობიარობის მართვას, პერინატალური სიკვდილიანობის შემცირებას, ორსულთა ეფექტური პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას. პროგრამის მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები.
რა მომსახურებებს მოიცავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა?
პროგრამა მოიცავს:
- ანტენატალურ მეთვალყურეობას, ცხრილის შესაბამისად;
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობას, რაც გულისხმობს:
• მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას;
• გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვას (პირველი 6 დღე);
• მელოგინეთა სეფსისის მკურნალობას.
- გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ გამოვლენას კეძოდ;
• გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგულ გამოკვლევას სამმაგი ტესტ - სისტემით;
• სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევას (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.
- ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგს ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე კერძოდ:
• ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა გამოვლენას ქვეყნის მასშტაბით (მათ შორის, მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით) დაბადებული ყველა ახალშობილის სკრინინგის მეშვეობით;
• ფენილკეტონურიისა და ჰიპერფენილალანინემიის მქონე ახალშობილთა მეორად დიაგნოსტიკას, დაავადების დადასტურების მიზნით;
• ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ყოველთვიურ მონიტორინგსა და ამბულატორიულ დახმარებას;
• ფენილკეტონურიის და ჰიპერფენილალანინემიის პათოლოგიური გენების მატარებელი ოჯახების კონსულტირებას, ამ პათოლოგიათა პრევენციის მიზნით;
• ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა ოჯახის წევრებთან ტრენინგის ჩატარებას;
• ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა ჰიპოთირეოზის მეორად დიაგნოსტიკას და ამბულატორიულ მონიტორინგს, რაც მოიცავს ენდოკრინოლოგის და პედიატრის მომსახურებასა და სისხლის ლაბორატორიულ კვლევას ჰორმონებზე.
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
პროგრამის მოსარგებლენი არიან:
- ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მოსარგებლე საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული;
- მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტის მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. ასევე ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრული მოსარგებლეები;
- გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტის მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები (ქ. თბილისის მასშტაბით):
• ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
• გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
• ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
• ანამნეზში მკვდრადშობადობა;
• დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;
• ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;
• ინფექციური დაავადებები (აქტიური ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, წითელა);
• აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;
• აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზიგოტური მტარებლობა ორივე მშობელში;
• ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;
• ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლების მიღება;
• ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;
• ხელოვნური განაყოფიერება;
• მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;
• რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.
ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
დედათა და ბავშვთა ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
ანტენატალური მეთვალყურეობით სარგებლობისათვის, ამავე პროგრამის ფარგლებში, ორსულს (13 კვირის ორსულობის ვადამდე) ესაჭიროება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის მისაღებადაც ორსულმა განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განცხადებას დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
• ფორმა NIV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
• დადგენილი ფორმის განცხადება.
ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში, 2012 წლის 1 იანვრიდან გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერით მოსარგებლეს სამედიცინო მომსახურების სრული მოცულობით მიღება შეუძლია კომპონენტის იმ მომწოდებელთან, ვისთანაც განახორციელა პირველი ანტენატალური ვიზიტი. მიმწოდებლის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში წერილობითი მომართვის საფუძველზე.
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობით გათვალისწინებული მომსახურების მიღება ხდება პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებაში, რის შესახებაც დაწესებულება განაცხადს აკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტოში.
• ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის შემთხვევაში, ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე, ასევე გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ გამოვლენის შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლემ, პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას: ehealth.moh.gov.ge
როგორ ხდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?
ანტენატალური მეთვალყურეობით სარგებლობისას მატერიალიზებული ვაუჩერით სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება 4 ვიზიტი.
• ანტენატალური მეთვალყურეობის ზემოაღნიშნული 4 ვიზიტის ანაზღაურება ხორციელდება სრულად.
• მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო მომსახურება - მძიმე შემთხვევების მართვის მაქსიმალური ღირებულება - 833 ლარი (თანაგადახდა პაციენტის მხრიდან შეადგენს 25%-ს).თანაგადახდა არ ეხებათ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ მოსარგებლეებს.
• გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა - პირველი 6 დღის განმავლობაში ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.
• მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა - მაქსიმალური ღირებულება - 3000 ლარი, პროგრამის ფარგლებში იფარება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.
• გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურდება სრულად.
შენიშვნა: თუ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულება ასევე არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, კერძოდ კრიტიკული მდგომარეობებისა, რომელსაც ითვალისწინებს N36 დადგენილება, განხორციელდება N36 -ე დადგენილებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N279 2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ