რა არის დახმარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო? თუ ხართ ორსულად, შეგეძინათ ბავშვი, ან გსურთ ახალშობილის შვილად აყვანა, თქვენ გაქვთ უფლება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე - 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება, თქვენი შეხედულებისამებრ, შეგიძლიათ გადაანაწილოთ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
იმ შემთხვევაში, თუ იშვილეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, გეძლევათ შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.
ვის უნდა მიმართოთ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თანხის მისაღებად?
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხის მისაღებად, დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფელის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
რა საბუთებია საჭირო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თანხის მისაღებად?
• პირადობის მოწმობის ასლი;
• საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად;
• დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით, აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
• საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა:
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.
რა ოდენობისაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხა?
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხა არ აღემატება 1000 ლარს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» დამტკიცების თაობაზე