ორსულმა თავი უნდა არიდოს უარყოფით შთაბეჭდილებებს ხალხში გავრცელებული წარმოდგენები მომავალ დედებს უამრავ რამეს უკრძალავს და აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ძალზე სამწუხარო შედეგებს უქადის. დავიჯეროთ თუ არა? ეგებ ეს მხოლოდ ცრურწმენებია? მოდით, ჯერ მათი წარმოშობის მიზეზები გავარკვიოთ.
ორსულისთვის არ შეიძლება ქსოვა - ბავშვს ყელზე ჭიპლარი შემოეხვევაო. მიზეზი ხელსაქმე როდია; უბრალოდ, ქსოვის დროს უმოძრაო, მჯდომარე პოზა არღვევს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევას, ეს კი ნამდვილად არ არის სასარგებლო არც მომავალი დედისთვის და არც ბავშვისთვის. თუ შუალედებში გაისეირნებთ, ცრურწმენა ვერაფერს დაგაკლებთ.
თუ ქალმა ხშირად კერა, ბავშვს ამ ქვეყნისკენ მომავალი გზა დაეხშობაო. ამ ცრურწმენის შინაარსის ახსნა მარტივად შეიძლება: მაკრატელი, ნემსი - სახიფათო საგნებია. თუ ხელში ვიჩხვლიტეთ ან გავიჭერით, ეს შესაძლოა ჩვილის მდგომარეობაზეც აისახოს.
თუ ორსული ჩხუბს ან გინებას შეესწრო, ბავშვი ლაქებიანი დაიბადებაო. ექნება თუ არა ლაქები ბავშვს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ორსულის თანდასწრებით ლანძღვისა და აყალმაყალისგან თავის შეკავება აუცილებელია - გაღიზიანება, წყენა, შიში იწვევს არტერიული წნევის მომატებას და არღვევს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას.
ორსულმა ულამაზო ნივთს არ უნდა შეხედოს - ბავშვი შეუხედავი გამოვაო. იმას, რომ ორსულმა თავი უნდა არიდოს უარყოფით შთაბეჭდილებებს, თანამედროვე მედიცინაც ადასტურებს, მაგრამ უშუალო გავლენას ბავშვის გარეგნობაზე ეს, ბუნებრივია, ვერ მოახდენს.
იხილეთ გაგრძელება