სიგარეტის ბოლი, რომელსაც ისუნთქავს პატარა, იწვევს გულისრევას, ალერგიას... თუ დედა გააგრძელებს სიგარეტის მოწევას ძუძუთი კვების დროსაც, პატარას შეიძლება განუვითარდეს გულის უკმარისობა დღეს მოსახლეობა ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა რისკებს შეიცავს მოწევა მწეველისთვის და მის გარშემო მყოფთათვის. რა თქმა უნდა, ორსულებმაც იციან, რომ რაც უფრო მეტ სიგარეტს მოწევს დედა, მით მეტ მავნებლობას მოუტანს როგორც ნაყოფს, ასევე საკუთარ თავს. მაგრამ რა ხდება ლაქტაციის დროს? ხშირად გვეკითხებიან, რა მავნებლობა შეიძლება მოუტანოს დედასა და ბავშვს მოწევამ, როცა დედა ძუძუს აწოვებს.
ჯერ ერთი, მწეველი დედის მიერ გამომუშავებული რძის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე არამწეველი ქალის. ამ დროს ჰორმონ პროლაქტინის დონე სისხლში მცირდება და არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობის რძე.
რაოდენობასთან ერთად უარესდება რძის ხარისხიც. იგი აღარ არის მდიდარი საჭირო ვიტამინებით, სასარგებლო ფერმენტებით, ჰორმონებითა და ანტისხეულებით. გამოკვლევების თანახმად, რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომელთა ორივე მშობელი მწეველია. ისინი ხშირად ავადდებიან ბრონქიტით, პნევმონიით და ასევე სიცოცხლის პირველ წელს ხშირია უეცარი სიკვდილიანობა.
სამწუხაროა, როცა სკოლის მოსწავლეები მოსახვევებსა თუ სადარბაზოებში მალულად ეწევიან და იწამლავენ ჯერ კიდევ ჯანმრთელ ორგანიზმს. მაგრამ უფრო მეტად საგანგაშოა, როცა დედა ეტლით ასეირნებს შვილს და თან ეწევა. პატარა კი წევს და ჯერ კიდევ არაფორმირებულ ფილტვებს ”ამდიდრებს” თამბაქოს კანცეროგენებით, და თუ ამასთან ერთად დედა ძუძუთი კვებავს ბავშვს, ის „კვებავს“ ბავშვს ნიკოტინით გაჟღენთილი რძით. ორსული ქალისა და მეძუძური დედის მიერ მოწეული 1 ღერიც კი, არ შეიძლება არ აისახოს ბავშვისა თუ ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ის აუცილებლად მიიღებს მავნე ნივთიერებების ულუფას ჭიპლარის მეშვეობით, ხოლო შემდგომ - დედის რძით.
მეძუძურმა დედამ, რომელიც ეწევა, აუცილებლად უნდა იცოდეს მოწევის შედეგები: რომ ნიკოტინი შეიწოვება სისხლიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მიეწოდება რძის მეშვეობით ბავშვს.
სიგარეტის ბოლი, რომელსაც ისუნთქავს პატარა, იწვევს გულისრევას, ალერგიას, სისხლძარღვების სპაზმს და სასუნთქი ორგანოების სხვადასხვა დაავადებას. ძილის დროს ხშირად იღვიძებს, მოუსვენრადაა და აგზნებულია;
მწეველი მშობლების ბავშვებს აღენიშნებათ მადის დაქვეითება, წონაში კლება, მათ უმრავლესობას თითქმის 100%-იანი მიდრეკილება აქვთ ალერგიული რეაქციებისადმი. რთულია ახალი პროდუქტის დამატება ბავშვის რაციონში, კანი რეაგირებს გამონაყარითა და ანთებებით, ხშირია კუჭნაწლავის ტრაქტის აშლილობა - ბავშვს აღენიშნება ხშირი მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი და ღებინება; ეცემა იმუნიტეტი;
ყველაზე საშიში არის მიდრეკილება ონკოლოგიური დაავადებებისადმი და ახალშობილების უეცარი სიკვდილიანობა. ნიკოტინი იწვევს ახალშობილის გულის მუშაობის დარღვევას და თუ დედა გააგრძელებს სიგარეტის მოწევას ძუძუთი კვების დროსაც, პატარას შეიძლება განუვითარდეს გულის უკმარისობა. ნიკოტინის ყოველდღიური ”მიღებით” ახალშობილს ერღვევა გულის რიტმი, რის შედეგადაც ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ტაქიკარდია და არითმია. ახალშობილის ორგანიზმისათვის ასეთი დარღვევები სიცოცხლისთათვის შეუთავსებელია.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მომავალი დედა იგებს, რომ ორსულადაა ცდილობს თავი დაანებოს მოწევას, ან ლაქტაციის პერიოდში ცდილობს ამას. ჩვენი რჩევები სწორედ მათთვისაა:
21 საათიდან დილის 9 საათამდე ნუ მოწევთ. თავიდან ეცადეთ, თუ მოწიოთ ბავშვის კვების შემდეგ მაინც, როდესაც წინ გაქვთ 2-საათიანი შესვენება და შემდეგ პირველი რძე გამოიწველოთ, რომ ნიკოტინით გაჟღენთილი არ მისცეთ ბავშვს. 3 დღის განმავლობაში არ მოწიოთ 5 ღერზე მეტი. იკვებეთ სრულფასოვნად და ხშირად დალიეთ სუფთა წყალი. ორგანიზმი მთლიანად იწმინდება სიგარეტის თავის დანებების მხოლოდ 3 წლის შემდეგ. ნაწილობრივ კი წელიწად-ნახევრის შემდეგ. მოწევა მყარი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა, რომლისგანაც თავის დაღწევა დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია. ნიკოტინთან ბრძოლის არაერთი სისტემა არსებობს, მათ შორის ფსიქოლოგიურიც. თუ მოინდომებთ, აუცილებლად დაამარცხებთ ამ მავნე ჩვევას. მით უმეტეს, ქალს საოცრად დიდი მოტივაცია უჩნდება, რომ მოწევას თავი დაანებოს - მის ცხოვრებაში ხომ უძვირფასესი და ყველაზე საყვარელი არსება, შვილი შემოდის. ეს მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ სიგარეტი მთლიანად ჩაანაცვლოს პატარამ.
ნუ ასუნთქებთ თქვენს პაწიას თქვენი დაუმარცხებელი ჩვევებისა და მიდრეკილებების შედეგს და ნუ შეუქმნით პრობლემას მის ჯანმრთელობას, იმას, რაც თქვენთვის პირველი საზრუნავი უნდა იყოს.