შევეხოთ პათოლოგიურ ორსულობას, რომელიც ნაყოფის არასწორი მდებარეობით არის გამოწვეული ორსულობა რომ ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, ამაზე არავინ დავობს. ამჯერად გვინდა, შევეხოთ პათოლოგიურ ორსულობას, რომელიც ნაყოფის არასწორი მდებარეობით არის გამოწვეული. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.
- რას ნიშნავს ნაყოფის მდებარეობა?
- ნაყოფის მდებარეობას უწოდებენ ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძების განლაგებას ერთმანეთის მიმართ. ამის მიხედვით განასხვავებენ ნაყოფის გრძივ, გარდიგარდმო და ირიბ მდებარეობას. გრძივი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთს ემთხვევა. გარდიგარდმო მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ ქმნის 90-გრადუსიან კუთხეს. ირიბი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ მახვილ კუთხეს ქმნის.
- როგორი მდებარეობა მიიჩნევა ნორმალურად?
- ნორმალურად მიიჩნევა საშვილოსნოში ნაყოფის გრძივი მდებარეობა. ასიდან 99 შემთხვევაში, უფრო ზუსტად, შემთხვევათა 99,5%-ში, სწორედ ასეთი მდებარეობა გვხვდება. საშვილოსნოში ნაყოფის გრძივ მდებარეობას დამახასიათებელ პოზაში ემბრიონის პოზას უწოდებენ. ამ დროს ნაყოფს თავი გულმკერდზე აქვს მიბჯენილი, ხელები - გადაჯვარედინებული, ფეხები - მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი და მუცელთან მიტანილი. ნორმალური მოხრითი მდებარეობის დროს ნაყოფი იღებს კვერცხის ფორმას. მისი განიერი ნაწილი, მენჯი, მიქცეულია საშვილოსნოს ფუძისკენ, ხოლო ვიწრო ნაწილი, კეფა - მენჯის გამოსავლისკენ. გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობა პათოლოგიურად მიიჩნევა ნაყოფის და შემთხვევათა 0,5%-ში გვხვდება.
- რას ნიშნავს ნაყოფის წინამდებარეობა?
- ნაყოფის წინამდებარეობას უწოდებენ ნაყოფის მსხვილი ნაწილის (თავის, მენჯის) განლაგებას დედის მენჯის შესავლის მიმართ, ხოლო ნაყოფის წინამდებარე ნაწილად იწოდება მისი ის ნაწილი, რომელიც მშობიარობის დროს ყველაზე ადრე გაივლის სამშობიარო გზებს და პირველი იბადება. თუ დედის მენჯის შესავალთან იმყოფება თავი, ამას ნაყოფის თავით წინამდებარეობა ეწოდება, თუ მენჯი - მენჯით წინამდებარეობა. მენჯით წინამდებარეობა პათოლოგიური მდებარეობის შემთხვევათა 3,5%-ში დასტურდება. განასხვავებენ ჯდომით, ფეხით და მუხლით წინამდებარეობას. ჯდომით წინამდებარეობა, თავის მხრივ, იყოფა სუფთა და შერეულ ფორმებად. სუფთა ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მუხლის სახსარში გაშლილია, ხოლო მენჯ-ბარძაყისაში - მოხრილი და სხეულის გასწვრივაა განლაგებული. შერეული ჯდომით წინამდებარეობის, ანუ სრული ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში. ფეხით წინამდებარეობის დროს წინამდებარე ნაწილია ერთ-ერთი ან ორივე ფეხი. იშვიათად ფეხები მოხრილია ისე, რომ მხოლოდ მუხლი ისინჯება. ასეთ მდებარეობას მუხლით წინამდებარეობას უწოდებენ. ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა ორსულობის პირველ ნახევარში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მშობიარობის დაწყების წინ. 28 კვირის (7 თვის) ორსულობის დროს მენჯით წინამდებარეობა შემთხვევათა 30%-ში აღირიცხება. ზრდასა და მომწიფებასთან ერთად ნაყოფი ზოგჯერ უფრო სტაბილურ მდებარეობას იღებს. გაგრძელება