ზოგიერთ ორსულს მიაჩნია, რომ ხშირი ექოსკოპია ნაყოფისთვის მავნეა ორსულობის დროს ქალი რამდენჯერმე იკეთებს ექოსკოპიურ კვლევას. ზოგიერთ ორსულს მიაჩნია, რომ ხშირი ექოსკოპია ნაყოფისთვის მავნეა, ზოგს კი პირიქით - ჰგონია, რაც უფრო ხშირად გააკონტროლებს ნაყოფის მდგომარეობას, მით უკეთესად იქნება დაცული მომავალი გართულებებისგან. მაინც რამდენჯერ უნდა ჩაიტაროს ორსულმა ექოსკოპიური კვლევა?
აბდომინური (მუცლის ზედაპირიდან) ექოსკოპია საკმაოდ მცირე ვადაზე, მე-4-5 კვირას, გვაძლევს ორსულობის ზუსტად დადგენის საშუალებას, ხოლო ტრანსვაგინური (საშოსმხრივი) ექოსკოპია - კიდევ უფრო მცირე ვადაზე, მე-3 კვირას. არის შემთხვევები, როდესაც ქალს აქვს ორსულობისათვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგრამ სანაყოფე პარკში ემბრიონი არ არის. მსგავსი შემთხვევების დიაგნოსტიკა სწორედ ექოსკოპიით გახლავთ შესაძლებელი. ამიტომ ეს კვლევა ადრეულ ვადაზევე საჭიროა. გარდა ამისა, ექოსკოპიით ვლინდება რეტროქორიონული ჰემატომა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც განსაკუთრებული მეთვალყურეობაა საჭირო.
ორსულობის დადგენის შემდეგ, XI-XII კვირას, აუცილებელია ჩატარდეს ექოსკოპია, რათა განვსაზღვროთ ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე. ეს არის სკრინინგ-ტესტი დაუნის სინდრომის გამოსავლენად. როდესაც ექოსკოპიით მიღებული შედეგი ბადებს დაუნის სინდრომის არსებობის ეჭვს, იგეგმება შემდგომი ჰორმონული და, საჭიროებისამებრ, ინვაზიური კვლევები.
მომდევნო ექოსკოპია გეგმურია. ის II ვიზიტის დროს, მე-20-22-ე კვირისთვის ტარდება და მისი მიზანია ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოვლენა. ექოსკოპიური კვლევით ამ ვადაზე შეიძლება დადგინდეს ნაყოფის ანენცეფალია – ტვინის განუვითარებლობა, პლაცენტის კიდითი მიმაგრება. ქალებს, რომელთაც ორსულობის ამ ვადაზე პლაცენტის კიდით მიმაგრებას დაუდგენენ, 36-ე კვირას განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩაუტარდეთ. ზოგჯერ ამ ვადაზე პლაცენტა უკვე ნორმალურად არის მიმაგრებული, მაგრამ რიგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს პლაცენტის წინამდებარეობა, რაც საკეისრო კვეთის ჩვენებაა.
ბოლო ექსოსკოპიური კვლევა მოახლოებულ მშობიარობას უკავშირდება, რათა დადგინდეს ნაყოფის წონა და მდებარეობა. ეს საკმარისია ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში.
მეტი მეთვალყურეობაა საჭირო, როცა:
* რომელთაც გადატანილი აქვთ ნაადრევი მშობიარობა ან მკვდრადშობადობა;
* რომელთაც გადატანილი აქვთ ზედიზედ სამი ჩვეული აბორტი;
* რომელთა უკანასკნელი მშობიარობისას ახალშობილის სხეულის მასა ნაკლები იყო 2500 გრამზე;
* რომელთა უკანასკნელი მშობიარობისას ახალშობილის სხეულის მასა მეტი იყო * 500 გრამზე;
* რომელთაც უკანასკნელი ორსულობისას ჰქონდათ ჰიპერტენზია, პრეეკლამფსია ან ეკლამფსია;
* რომელთაც გადატანილი აქვთ ოპერაცია რეპროდუქციულ ორგანოებზე (საშვილოსნოზე, საკვერცხეზე);
გარდა ამისა, დამატებითი მეთვალყურეობა საჭიროა, თუ მიმდინარე ორსულობისას:
* დიაგნოსტირებულია ან სავარაუდოა მრავალნაყოფიანი ორსულობა;
* ორსულის ასაკი 16 წელზე ნაკლებია;
* ორსულის ასაკი * 0 წელზე მეტია;
* ორსული რეზუსუარყოფითია;
* აღინიშნებოდა სისხლდენა საშოდან;
* არის სიმსივნე მენჯის ღრუში;
* არტერიული დიასტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ-ზე მეტია;
* ორსულს აქვს თანმხლები ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების, გულის დაავადებები.