ორსულობამ რომ მკერდი არ "გაგიფუჭოთ" - მარტივი და საიმედო რჩევები - მშობლები

ორსულობამ რომ მკერდი არ "გაგიფუჭოთ" - მარტივი და საიმედო რჩევები

2014-06-29 12:08:59+04:00

ქალები ხშირად უარს ამბობენ ძუძუთი კვებაზე და წინასწარ "იკრავენ" მკერდს ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები მკერდის ზრდას იწვევს. ამით ქალის სხეული ბავშვის გამოკვებისთვის ემზადება. მშობიარობის შემდეგ კი, როცა სარძევე ჯირკვლებში რძე დგება, ზომა კიდევ უფრო მატულობს. სხეულის ამ პიკანტური ნაწილის ფორმა და სიმკვრივე რომ შეინარჩუნონ, ქალები ხშირად უარს ამბობენ ძუძუთი კვებაზე და წინასწარ "იკრავენ" მკერდს, რათა რძის ჩადგომის პროცესი შეაჩერონ, ბავშვს კი ხელოვნური ნარევით ზრდიან.

რამდენად ღირს გარეგნობის შენარჩუნების ფასად ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო, ბუნებრივი საკვების მოკლება, თავად განსაჯეთ. ჩვენ კი ვეცდებით, ამ არასასიამოვნო ცვლილების თავიდან ასარიდებლად სასარგებლო რჩევებით მოგამარაგოთ.

რა გვრჩება ლაქტაციის შემდეგ?

რძე არა მარტო მოცულობაში ადიდებს მკერდს, არამედ მის წონასაც ზრდის. დამძიმებული ჯირკვლის შემაერთებელი ქსოვილები იჭიმება, თანდათან სუსტდება და თუ ზომა ორსულობამდელთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია, საწყის მდგომარეობას ვეღარ უბრუნდება. იწყება ჯირკვლის დაშვება, ე.წ. პტოზი. ყველაფერთან ერთად, გადიდებული ჯირკვლის კანი ცვლილებებზე რეაგირებას ვერ ასწრებს და სკდება. ამ მოვლენის კვალი კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სამუდამოდ რჩება ქალის სხეულზე სტრიების სახით... როგორ ავიცილოთ თავიდან ეს არასასიამოვნო შედეგები და როგორ შევინარჩუნოთ მკერდის სილამაზე? ეს რეალურად შესაძლებელია.

mshoblebi

როგორ შევინარჩუნოთ ფორმა

რამდენიმე საჭირო რჩევას მოგცემთ. ჯერ კიდევ ორსულობისას შეარჩიეთ მოხერხებული, ზუსტად თქვენი ზომის ბიუსტჰალტერები. შალითა მკვრივი ღრუბლისგან უნდა იყოს დამზადებული, რომ მკერდი ზევით ასწიოს. რაც მთავარია, ბიუსტჰალტერი მთელი დღის განმავლობაში უნდა გეცვათ, ბოლო ტრიმესტრში კი ღამითაც არ გაიხადოთ. კანი რომ არ დაგისკდეთ, თითქმის ყოველდღე დაიმუშავეთ შესაფერისი კრემით ან ზეთით.

როცა ძუძუს წოვებას დაიწყებთ, ეცადეთ, ეს სხვადასხვა პოზაში მოახერხოთ - დამჯდარმა, დაწოლილმა, გვერდულად - ამით სიმძიმე გადანაწილდება და ქსოვილები აღარ დაიჭიმება.

ეცადეთ, ორივე მკერდში რძის ერთნაირი რაოდენობა შეინარჩუნოთ - ერთ კვებაზე ხან მარჯვენა ძუძუ მოაწოვეთ, ხან მარცხენა. თუ ბავშვი ძუძუს ვერ ცლის, სჯობს სითხე სპეციალური მოწყობილობით გამოდევნოთ, სანამ სიმსუბუქეს არ იგრძნობთ. თუ ამ წესებს მკაცრად დაიცავთ, წესით, მშობიარობის შემდეგ "მკერდის გაფუჭების" არ უნდა გეშინოდეთ.

ვარჯიშები მკერდის გასამკვრივებლად

მართალია, ძუძუში კუნთოვანი ქსოვილი არ არის, თუმცა ვარჯიშით ამ ორგანოს გამკვრივება მაინც შესაძლებელია.

1. ხელები მაღლა ასწიეთ და მაკრატლისებური მოძრაობები გააკეთეთ.

2. ხელის გულები ერთმანეთს მიაბჯინეთ, ისე როგორც ხელის ჩამორთმევისას ხდება და მთელი ძალით მოუჭირეთ. ეს ვარჯიში დღეში ოთხჯერ გაიმეორეთ. 10-10-ჯერ დაწოლა საკმარისია.

3. ამოძრავეთ ხელები წრიულად

4. მხრების წრიული მოძრაობები

5. იატაკიდან აზიდვა

6. ცურვა