რა უნდა გააკეთოს ახალდაქორწინებულმა წყვილმა ორსულობის დაგეგმვამდე? - აუცილებელი რჩევები რეპროდუქტოლოგისგან
რა უნდა გააკეთოს ახალდაქორწინებულმა წყვილმა ორსულობის დაგეგმვამდე? - აუცილებელი რჩევები რეპროდუქტოლოგისგან
ხშირად, როდესაც ახალი ოჯახი იქმნება, წყვილები პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას საჭიროდ არ თვლიან. ხშირ შემთხვევაში ორსულობაც არ იგეგმება წინასწარ და ხანდახან ამას ბევრი გართულება მოჰყვება. როდესაც ბავშვის მომავალი დედა ან მამა გარკვეული ინფექციის ან დაავადების მატარებელია, ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდშივე ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები, ან რთულდება დაორსულება. საკუთარ შვილზე ზრუნვა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე უნდა დავიწყოთ. როგორი უნდა იყოს ორსულობის წინა მოსამზადებელი პერიოდი, ქალისა და მამაკაცის კვების, ძილის, დღის რეჟიმი? სასურველ ორსულობამდე რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა, ამ საკითხებზე რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი ოლიკო მურღულია
გვესაუბრება.

- როგორი უნდა იყოს ორსულობის წინა მოსამზადებელი პერიოდი?
- ამერიკელი მედიკოსები გვაძლევენ 17 რჩევას, თუ როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის. ამ რჩევების მიყოლა უმეტესწილად ჩვენთვის გარკვეულ სიძნელებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რამდენიმე მათგანი აუცილებლად უნდა შესრულდეს და ამისთვის წყვილის სურვილი საკმარისია. მაგალითად, ფოლიუმის მჟავის მიღება, სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელზე უარის თქმა, სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება, ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების შეწყვეტა, წონის კლება, კოფეინის მიღების შემცირება, სტომატოლოგთან ვიზიტი და ა.შ. სასურველია ინფექციებსა და ვირუსებზე გამოკვლევა. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი პერიოდი ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს, რითაც თქვენ იცავთ არა მარტო საკუთარ თავს,
არამედ მომავალ შვილსაც.

- როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის კვების, ძილის, დღის რეჟიმი?
- ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ცხოვრების სწორ რეჟიმზე. ზოგჯერ არასწორი კვება, ძილი და სტრესი უშვილობის მიზეზი ხდება. უმეტესწილად ამ დროს ხდება ციკლის დარღვევა, მამაკაცებში კი - აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების შემცირება. კვების დროს ყურადღება უნდა მიექცეს „ა“ ვიტამინს. მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის რაიმე სახის დეფექტი. მომავალმა ორსულებმა ყოველდღე უნდა მიიღონ ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი. ქალმა უნდა მიაღწიოს სასურველ წონას, რათა ორსულობაში არ შეიქმნას ჭარბწონიანობის პრობლემა, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გესტაციური დიაბეტი და სხვა გართულებები. კარგია თევზის მიღება, იგი შიცავს ომეგა3-ს და D ვიტამინს. რაც შეეხება ძილს, 8-საათიანი ძილი აუცილებელია, მაგრამ არა დილის ხარჯზე. სასუველია ღამით 22:00 საათზე დაძინება და დილით 6-7 საათზე ადგომა.

- სასურველ ორსულობამდე რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა?
- სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე, ვირუსულ ინფექციაზე უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა. ასევე აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა. „ბ“ და „ც“ ჰეპატიტის, აივ ინფექციის, სიფილისის კვლევა. აგრეთვე სისხლის საერთო ანალიზის და შარდის საერთო ანალიზის ჩატარება.

- ხშირად, ტერმინი „ორსულობის დაგეგმვა“ პირდაპირ ასოცირება ბავშვის სქესის განსაზღვრის შესაძლებლობასთან, რამდენად რეალურია ბავშვის სქესის წინასწარ დაგეგმვა?
- ბავშვის სქესის განსაზღვრა მედიცინის თვალსაზრისით შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს, როდესაც ჩატარდება დამატებითი კვლევა PGD ( ემბრიონის პრეინპლანტაციური სკრინინგი).

- რა გართულებების აცილება შეიძლება თავიდან ორსულობის დაგეგმვით?
- ორსულობის დაგეგმვით, პირველ რიგში, თავიდან ვიცილებთ არასასურველ ორსულობას და ხელოვნურ აბორტს, რომელსაც თავის მხრივ მრავალი გართულება მოჰყვება. გეგმიურ ორსულობამდე მომავალი დედა ინფორმირებული უნდა იყოს იმის თაობაზე, რომ ფოლიუმის მჟავას მიღება მკვეთრად ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების ალბათობას. ამიტომ, ყველა ქალმა ფოლიუმის მჟავას მიღება უნდა დაიწყოს გეგმიურ ორსულობამდე მინიმუმ 6 კვირით ადრე და განაგრძოს მისი მიღება ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში.
მომავალი მშობლების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მზადყოფნა უზრუნველყოფს ბავშვის სრულფასოვან ზრდა-განვითარებას. ორსულობის დაგეგმვით თქვენ იცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე თქვენს მომავალ შვილს.
სალომე გორგოშიძე
6758
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```