ხშირად ჩნდება მუწუკები, გამონაყარი, გაღიზიანებისა და დაჭიმვის შეგრძნება, ლაქები და სტრიები ორსულობის დროს ბევრი უჩივის კანის ხარისხის გაუარესებას. ამ დროს ხშირად ჩნდება მუწუკები, გამონაყარი, გაღიზიანებისა და დაჭიმვის შეგრძნება, ლაქები და სტრიები. რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის კანში, ამაზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ხათუნა ჯიშკარიანს მივმართეთ.
- ქალბატონო ხათუნა, რა ჩივილებით მომართავს ორსული ყველაზე ხშირად ექიმს?
- ორსულობას ხშირად თან ახლავს კანის მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამასთან ერთად, ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს კანის ისეთი დაავადებებიც, რომლებიც სპეციფიკურია ორსულებისათვის.
ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ჩივილი ორსულობის დროს არის ქავილი. ის შესაძლოა გამოვლინდეს ორსულობის ნებისმიერ პერიოდში - როგორც დასაწყისში, ასევე ბოლოს, შესაძლოა შემოიფარგლოს გარეთა სასქესო ორგანოებით ან გავრცელდეს მთელ სხეულზე. ქავილს არცთუ იშვიათად აქვს შემაწუხებელი ხასიათი, იწვევს უძილობას, გაღიზიანებადობას ან გუნება-განწყობის დათრგუნვას. ორსულთა ტოქსიკოზის ამ ფორმის ამოცნობა ძნელი არ არის. ქავილს სხვადასხვა მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც დაკავშირებულია მუცლის სწრაფ ზრდასთან. როგორც წესი, ამ მიზეზით გამოწვეული ქავილი ვითარდება ორსულობის 25-ე კვირის შემდეგ. იშვიათად აღინიშნება ორსულთა ეგზემა, რომელიც მოიცავს სარძევე ჯირკვლების, მუცლის, ბარძაყის, ხელების კანს. ზოგჯერ ორსულთა დერმატოზი მიმდინარეობს კანზე ქუნთრუშის ან ჭინჭრის ციების მაგვარი გამონაყარით.
- რა არის ორსულთა დერმატოზი?
- ეს გახლავთ კანის დაავადება, რომელიც ორსულობისას ვლინდება, მისი დასრულებისთანავე ქრება და მიეკუთვნება ორსულთა ადრეული გესტოზების იშვიათ ფორმებს. განასხვავებენ ორსულთა დერმატოზების რამდენიმე სახეს:
ორსულთა ურტიკარიული პაპულები და ბალთები, ანუ ორსულთა პოლიმორფული დერმატოზი; ორსულთა პემფიგოიდი, იგივე ორსულთა ჰერპესი, ორსულთა ბულოზური დერმატოზი; ორსულთა ქავილი, იგივე ორსულთა მორეციდივე ქოლესტაზი; ჰერპეტიფორმული იმპეტიგო; ორსულთა მქავანა ფოლიკულიტი; ორსულთა კვანძოვანი ერითემა; ორსულთა პრურიგო. ორსულთა ქავილი ანუ მორეციდივე ქოლესტაზი - ეს არის დაავადება, რომელიც ვლინდება ძლიერი გენერალიზებული ქავილით. ესტროგენების სიჭარბე თრგუნავს ღვიძლის გლუკურონილტრანსფერაზის აქტივობას. ამის შედეგად ირღვევა ბილირუბინის გლუკურონის მჟავასთან შეკავშირება, ვითარდება ნაღვლის შეგუბება - ქოლესტაზი და სისხლში იმატებს ნაღვლის მჟავების შემცველობა. ნაღვლის მჟავები გროვდება კანქვეშ და იწვევს ქავილს. დაავადება ვითარდება ორსულობის მეორე ნახევარში და გაივლის მშობიარობის შემდეგ. შემთხვევათა 50%-ში ქავილს თან სდევს სიყვითლე, რაც გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის რაოდენობის მატებით. კანის სხვა მქავანა დაავადებებისგან ორსულთა ქავილის დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნივშნელობა ენიჭება ფიზიკალურ გამოკვლევას. ნაკაწრები, რომლებიც ფხანის შედეგად ჩნდება, შეიძლება დაინფიცირდეს. ნაფხანი და ნაჭდევები დაფარულია ოქროსფერი ქერქით და წითელი გარსით. სისხლში მომატებულია ნაღვლის მჟავების რაოდენობა. შესაძლოა მოიმატოს ტუტე ფოსფატაზის აქტივობამ, ალანინამინოტრანსფერაზისა და ბილირუბინის შემცველობამ შრატში (სიყვითლე, ჩვეულებრივ, გამოხატული არ არის). კანის ბიოფსია არაინფორმაციულია. მკურნალობის მიზნით ინიშნება კანის დამარბილებელი საშუალებები და H1-ბლოკატორები. გამოიყენება შვრიის ნახარშის აბაზანები. ადგილობრივად ინიშნება ქაფურის ან მენთოლის საფენები. გამოხატული ქავილის დროს, ადგილობრივი მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, ინიშნება ქოლესტირამინი. ორსულთა ქავილი საშიში არ არის. გახსოვდეთ, ქავილი შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის გარეშეც, მაგალითად, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემთხვევაში. სიყვითლე გამოხატული ქავილის თანხლებით შეიძლება შეგვხვდეს ორსულთა ქოლესტაზის დროს. ეს დაავადება ხშირად რთულდება ნაადრევი მშობიარობით, მცირეწონიანი ბავშვის დაბადებით და მშობიარობის შემდგომი სისხლდენით. ორსულთა ქავილის დიაგნოზის დასმისას აუცილებელია გამოირიცხოს ქავილის სხვა მიზეზები: შაქრიანი დიაბეტი, ჭიებით ინვაზია, მედიკამენტებზე ან საკვებზე ალერგიული რეაქცია და სხვა. ორსულთა პოლიმორფული დერმატოზი ყველაზე მეტად არის გავრცელებული ორსულთა კანის დაავადებებს შორის. ის, როგორც წესი, პირველმშობიარეებს უვითარდებათ. ორსულობის III ტრიმესტრში მუცლის კანზე უეცრად ჩნდება კვანძები და 1-2 მმ დიამეტრის ერითემული პაპულები, რომლებიც ზეწოლისას ქრება და ძლიერ ქავილს იწვევს. შემდეგ ისინი ვრცელდება გულმკერდსა და ხელებზე. შემთხვევათა ნახევარში გამონაყარი ჩნდება სტრიებზე. სამკურნალოდ ინიშნება კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემები და მალამოები. მძიმე შემთხვევებში იყენებენ კორტიკოსტეროიდებს. ორსულთა ჰერპესი, იგივე ორსულთა პემფინგოიტი იშვიათი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც უმეტესად ორსულობის II-III ტრიმესტრში ვლინდება, იშვიათად - მშობიარობის შემდეგ. ამ დროს კანზე ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც ძალიან ჰგავს ჰერპესს, მაგრამ ინფექციის გამომწვევთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს დაავადება საშიშია იმით, რომ ქმნის ნაადრევი მშობიარობის რისკს.
- რა არის ქლოაზმები?
- ქლოაზმებს სახისა და კისრის პიგმენტაციის შეცვლა იწვევს. მათ სხვაგვარად "ორსულობის ნიღაბსაც" უწოდებენ. ვლინდება შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე მოყავისფრო პიგმენტური ლაქების სახით. ქლოაზმა ორგანიზმის მიერ პიგმენტ მელანინის ჭარბი გამომუშავების შედეგია. მზის სხივების ზემოქმედებით ლაქები მუქდება და უფრო მეტად შესამჩნევი ხდება, ამიტომ შინიდან გასვლის წინ რეკომენდებულია წაისვათ მზისგან დამცავი კრემი მაღალი ოპტიკური სიმკვრივით (დაცვის კოეფიციენტი - SPF 15 და მეტი) ან დაიხუროთ პანამა. ლაქები მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ გაქრება.
- როგორ დავიცვათ თავი ამ ლაქებისგან?
- იკრძალება მათეთრებელი საშუალებების გამოყენება - შესაძლოა, ბავშვში ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. შეგიძლიათ სცადოთ რძემჟავა პროდუქტების - მაწვნის, იოგურტის, ასევე ლიმონის წვენის ნიღბები, გამოიყენოთ ხარისხიანი ტონალური კრემი. მშობიარობის შემდეგ პიგმენტაცია უმეტესად გაივლის.
მუცლის თეთრი ხაზის პიგმენტაცია
მუცლის თეთრი ხაზი - ეს არის 1 სანტიმეტრამდე სიგანის ვერტიკალური ხაზი, რომელიც გაივლის მუცლის შუაში ბოქვენის ძვლიდან ჭიპამდე, ზოგჯერ კვეთს ჭიპს. ორსულობის მეორე ტრიმესტრში იგი ხშირად მუქდება. მისი გაჩენის მიზეზია კანის გაჭიმვა მუცლის კუნთების ზემოთ მუცლის ზრდის კვალდაკვალ. მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ხაზი, ჩვეულებრივ, თეთრდება. მისთვის ხელის ხლებას აზრი არ აქვს. შეგიძლიათ, ნაზად გაიწმინდოთ ეს ადგილი, რათა აქერცლილი მშრალი კანი ჩამოიფცქვნას. ხშირად შეინიშნება სხვა წერტილების - ძუძუსთავების, ხალების გამუქება. ჭორფლი მკვეთრდება. დროთა განმავლობაში ესეც გაივლის. განაგრძეთ კითხვა