გადაეცემა თუ არა ალერგია დედიდან ბავშვს - ამ და სხვა საკითხებზე სპეციალისტი გვესაუბრება რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ორსულობის დროს ალერგიას და როგორ ვუმკურნალოთ, თუ გამწვავდა. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ნატალი ნანობაშვილს ვეწვიეთ.
- საშიშია თუ არა დაორსულება ალერგიული დაავადების დროს?
- ალერგიისა და ორსულობის თანხვედრა, ცხადია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ალერგია ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. ორსულობისას ალერგიის მიმდინარეობა სხვადასხვანაირად შეიძლება წარიმართოს: შემსუბუქდეს, გამწვავდეს ან უცვლელი დარჩეს. დადგენილია, რომ ორსულის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ამიტომაა, რომ ორსულებს ალერგია იშვიათად აღენიშნებათ, ან მსუბუქი ფორმით უვლინდებათ. ისეთმა სერიოზულმა დაავადებებმაც კი, როგორებიცაა ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობის დროს შესაძლოა საერთოდ არ იჩინოს თავი. მშობიარობის შემდეგ კორტიზოლის რაოდენობა თანდათან პირვანდელ დონეს უბრუნდება და ალერგიაც ჩვეულ სახეს იღებს. თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ თავი საერთოდ არ შეგახსენათ, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებმაც მშვიდად ჩაიაროს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ორსულობისას ალერგია ადრინდელზე მძაფრად გამოვლინდეს. ეს გამოწვეულია ქალის იმუნურ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით და, ამის კვალობაზე, უკვე ცნობილ ან ახალ, ორგანიზმისთვის უცნობ ალერგენებზე უფრო აქტიური რეაქციით.
- რომელი ალერგიული დაავადებები ვლინდება ორსულობისას ყველაზე ხშირად?
- ალერგიული დაავადებებიდან ორსულებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. გარდა ამისა, არსებობს კანის ალერგიული მდგომარეობა (ჭინჭრის ციების განსაკუთრებული სახეობა), რომელიც, ჩვეულებრივ, სწორედ პირველი ორსულობის დროს იჩენს თავს.
- ორსულები ხშირად უჩივიან ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და სურდოს. ესეც ალერგიის ბრალია?
- ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ცხვირის გაჭედვასა და სურდოს თითქმის ყოველი მეორე ორსული უჩივის. თუ გაირკვა, რომ ამას წინ უძღოდა უშუალო კონტაქტი ალერგენთან (მცენარეების ყვავილობა, სახლში ცხოველის მიყვანა, კვების რეჟიმის დარღვევა და სხვა), ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ალერგიული რინიტის გამწვავებასთან.
- როგორ უნდა მოიქცეს ალერგიული ქალი, თუ შვილის გაჩენა მოისურვა?
- სასურველია, დაორსულებამდე ალერგოლოგთან გაიაროს კონსულტაცია. კომპლექსური ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევებისა და ალერგოლოგიური სინჯების მეშვეობით დაადგენენ ალერგიული რეაქციების არსებობას ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ. ეს ქალს საშუალებას მისცემს, ორსულობის დროს მათთან კონტაქტს თავი არიდოს.
- გადაეცემა თუ არა ალერგია დედისგან ბავშვს?
- თუ მომავალი დედა ალერგიულია, სავსებით შესაძლებელია (თუმცა არა გარდაუვალი), ალერგია ბავშვსაც აღმოაჩნდეს. მუცლად მყოფი ბავშვი ალერგენებს თავიდანვე ხვდება, მაგრამ ზემგრძნობელობის ჩამოყალიბება (ანუ ნაყოფის ორგანიზმში იმ ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც ალერგენის მომდევნო შეჭრისას ალერგიული რეაქციის პროვოცირებას ახდენს) ხდება მაშინ, როდესაც ნაყოფის იმუნური სისტემა სიმწიფის განსაზღვრულ საფეხურს აღწევს - ორსულობის დაახლოებით 22-ე კვირას. ამ ეტაპზე ყალიბდება განსაზღვრული ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, დაბადების შემდეგ კი, ალერგენთან ხელახალი შეხვედრისას, ალერგიული რეაქცია იწყება. განაგრძეთ კითხვა