როგორ გადავლახოთ სტრესი ორსულობის დროს – 10 წესი
როგორ გადავლახოთ სტრესი ორსულობის დროს – 10 წესი
მიზეზები, თუ რა იწვევს სტრესებს ორსულობის დროს, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: ღელვა ბავშვის ჯანმრთელობაზე და მოსალოდნელ მშობიარობაზე, წინა ორსულობის დროს გადატანილი მწარე გამოცდილება, იმ სირთულეების შიში, რასაც მშობიარობის შემდეგ წააწყდებით, ყოფითი საკითხები და ა.შ. რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს სტრესი, მისი გადალახვის ბევრი გზა არსებობს.

1. ნუ დაივიწყებთ დასვენებას
თითქოს ეს ადვილია, მაგრამ ხანდახან რატომღაც რთული ხდება დროის მოძებნა საკუთარი თავისთვის: დაისვენეთ თქვენ და თქვენი ბავშვიც დაისვენებს. ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ, თუ ცოტას წაიზარმაცებთ. დაისვენეთ ისე, როგორც სიამოვნებას მიიღებთ –
უბრალოდ წამოწოლით, კულტურულ ღონისძიებაზე წასვლით,
საყვარელი ჰობით.
თუ მუშაობთ, შესვენების დროს ეცადეთ, მოხერხებულად მოთავსდეთ, რომ ფეხებმა დაისვენოს. საღამოს დაივიწყეთ მცირე ხნით ყველა საქმე და სუფთა ჰაერზე ისეინრეთ. თუ მეორე შვილიც გყავთ, ხანდახან ანდეთ მისი მოვლა ქმარს, ბებიას, რომ მცირე პერიოდები მაინც გამონახოთ დასვენებისა და განტვირთვისთვის.

2. განიტვირთეთ
შეგიძლიათ, ახლა მოდური იოგით დაკავდეთ, ეს კარგია ორგანიზმისთვის და გონებისთვისაც. ან რაიმე სასიამოვნო წიგნი წაიკითხეთ, მსუბუქ, მელოდრამატულ ფილმებს უყურებთ, მუსიკას მოუსმინეთ – ეს ყოველივე ყურადღებასაც გადაგატანინებთ მუდმივი საფიქრალისგან და განიტვირთებიც კიდეც.

3. გაუზიარეთ სხვებს თქვენი ფიქრები
სულაც არ ხართ მარტო თქვენს შიშებთან და არც ერთადერთი ხართ – ორსულობის სტრესები ბევრს ახასიათებს. გაუზიარეთ თქვენი შიშები მომავალ მამას, თქვენს დედას, მეგობარს, რომელსაც უკვე ჰყავს შვილები, პირად ექიმს, ან სულაც თქვენნაირ ორსულს – თუ არის კიდევ თქვენს საახლობლოში. გარდა იმისა, რომ დარდის გაზიარება ნახევარი დარდია, გულზეც მოგეშვებათ, როცა დაგამშვიდებენ ან გეტყვიან, რომ თურმე თქვენზე უარეს დღეშიც ყოფილან სხვები.

4. რელაქსაცია
მასაჟი ორსულობის დროს სტრესის მოხსნის შესანიშნავი საშუალებაა. მსუბუქი მასაჟები ფეხებზე, ზურგზე, ხელებზე დაძაბულობას მოგიხსნით. შეგიძლიათ, ქმარს სთხოვოთ და ამით ორივე მიიღებთ სიამოვნებას.

5. მოემზადეთ მშობიარობისთვის
სავსებით ბუნებრივია, რომ მოსალოდნელ მშობიარობაზე ღელავთ, იმაზე, თუ რა როგორ ჩაივლის, როგორ გაუმკლავდეთ ტკივილს და ა.შ. არსებობს ორსულთა და მომავალი დედების კურსები, სადაც შეგიძლიათ ჩაეწეროთ და იქ ფიზიკურად და ემოციურადაც მოგამზადებენ მნიშვნელოვანი მომენტისთვის.
ეწვიეთ სამშობიაროს, სადაც აპირებთ მშობიარობას, შეეგუეთ გარემოს, გადახედეთ პაწაწინა ჩვილებს.
თუ ისეთი ძლიერი შიში გაქვთ, რომ ნორმალურ მშობიარობას საკეისრო კვეთას ამჯობინებთ, ამ შიშს ტოკოფობია ჰქვია და საკმაოდ გავრცელებული რამაა. აუცილებლად უამბეთ ამის შესახებ ექიმს და ფსიქოლოგს. კვლევები უჩვენებს, რომ სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა მსგავს შიშებს ამარცხებს.

6. ცვლილებები ურთიერთობებში
ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რომ გაღელვებთ, როგორ აისახება ბავშვის დაბადება თქვენს ცოლქმრულ ურთიერთობებზე, ან როგორ გაართმევთ თავს მშობლების როლს. ბავშვის აღზრდა ის არის, რასაც თანდათანობით შეიცნობთ საკუთარი გამოცდილებით. აქ არ არსებობს ცალსახა ცნებები, რა როგორ უნდა იყოს. ელემენტარულ ანა-ბანას უნდა გაეცნოთ, გადაიკითხოთ, დააგროვოთ ინფორმაცია, თუმცა მთავარი მაინც თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობაა. ბავშვი თვითონ კარნახობს დედას, როდის როგორ უნდა მოიქცეს. მთავარია, გიყვარდეთ ის მთელი გულით და მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოთ, დანარჩენი არ არის რთული.

mshoblebi


7. ყოველდღიური სიარული სამსახურში
თუ ეს სტრესს გიქმნით – ყოველდღე ტრანსპორტში ჩაჯდომა და სამსახურში სიარული, უნდა დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას. დღეს, როცა ტექნიკა განვითარებულია, თავისუფლად შეიძლება დისტანციაზე მუშაობა და საქმის ისე კეთება, რომ ყოველდღე არ გიწევდეს სამსახურში ყოფნა. იქნებ გაითვალისწინონ თქვენი თხოვნა?

8. ფინანსური საკითხები
ორსულობა და მშობიარობა ყოველთვის არის დაკავშირებული მატერიალურ დანახარჯებთან. თუმცა დღესდღეობით მშობიარობას საყოველთაო და სხვა სახის დაზღვევებით აზღვევს, ხოლო იმ ქალბატონებს, რომლებიც მუშაობენ, სახელმწიფო გარკვეულ თანხას ურიცხავს დეკრეტული სამი თვის გათვალისწინებით. ეს საკითხები დროულად უნდა გაარკვიოთ – ამით ღელვასაც მოიხსნით და სარგებელსაც მიიღებთ.
რაც შეეხება ბავშვის გაჩენის შემდეგ დანახარჯებს, ყველაზე ნაკლებად სამოსზე უნდა იღელვოთ – თუ ფინანსური პრობლემა გაქვთ, ორი-სამი ახალი ხელი სამოსი სავსებით საკმარისია, დანარჩენს სიამოვნებით გაგიზიარებენ მეგობრები და ნათესავები, რომლებმაც უკვე გაზარდეს შვილები. გამოცდილებითაც დაგეხმარებიან და საბავშვო ეტლი თუ მსგავსი საჭირო ნივთებიც შეიძლება გამოძებნონ თქვენთვის.
რაც შეეხება კვებას, თუ გაგიმართლებთ და ბუნებრივად კვების საშუალება გექნებათ, ეს არა მარტო ყველაზე სასარგებლოა ბავშვისთვის, არამედ ძალიან "ეკონომიურიც", რადგან 6 თვემდე პრაქტიკულად მეტი არაფერი სჭირდება ბავშვს, რომელსაც დედის რძე ჰყოფნის...
საერთოდაც, ჯობს ასეთ საკითხებზე ნაკლები იდარდოთ ორსულობის დროს. როცა ბავშვი ჩნდება, ყველაფერი თავისთავად გვარდება, ორსულობის დროს ნერვიულობა კი არ არის სასურველი – ის ბავშვზეც აისახება.

9. დიეტა და ძილი
მაქსიმალურად დააკვირდით, რით იკვებებით. გადაიკითხეთ საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იკვებოს ორსულმა და არ დაიტვირთოთ ზედმეტი საკვებით.
როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, დაიძინეთ. მერე ბევრი უძილო ღამე გელოდებათ და ამისთვის ფიზიკურად და მორალურად უნდა მოემზადოთ. ამიტომ მაქსიმალურად დაისვენეთ და გამოიძინეთ. არც ჰაერზე გასვლა დაგავიწყდეთ – ეს აუცილებელზე აუცილებელია.

10. იზრუნეთ საკუთარ თავზე
ნუ შეიზღუდებით მეგობრებთან ურთიერთობაში, უქმეების სასიამოვნოდ გატარებაში, მსუბუქ გართობაში. სიცილი, მხიარულება, დაქალებთან ჭორაობა საუკეთესოა სტრესის მოსახსნელად. ორსულობა კარგი შესაძლებლობაა, ცოტა თავი გაინებივროთ, არავინ ეუბნება ორსულს უარს არც დასვენებაზე და არც საყვარელ სასუსნავზე. მოითხოვეთ, რაც გსურთ და დაიხმარიეთ ყველაფერში მეორე ნახევარი – თუნდაც თასმების შეკვრაში, რომელთაც ვეღარ წვდებით, ან ფეხებზე ფრჩხილების დაჭრაში. ეს მას პასუხისმგებლობასაც მომატებს, მეტად იზრუნებს თქვენზე, თქვენც უკეთ იგრძნობთ თავს და ოჯახიც მეტად გაერთიანდება.
ერთად მოუსმინეთ ბავშვის გულისცემას, ელაპარაკეთ მას ორივე – დედაც და მამაც. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ორსულობა სასიამოვნო პერიოდად დაგრჩეთ ცხოვრებაში და არა სტრესად – ეს ხომ ყველაზე დიდი ბედნიერების საწყისი ეტაპია.
21194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Asi
0
Inga tqven kide gadaecit wadi aravin gakavebto
21:34 / 19-10-2021
inga
6
da roca stresi gamowveulia dedamtilisagan, masin ra unda vqnat? mesame svilze var fexmzimed da rac gaigo chemi fexmzimobis sesaxeb mis mere datvivit loginsi kotrialobs... sechams dawveba, sechams dawveba.,. daminaxavs da semomkvnesebs neta cocxali ar viyo saertod
16:45 / 11-02-2018
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები