ექიმი დიეტოლოგის მოულოდნელი პასუხები ალბათ ბევრი ქალის ცხოვრებაში დღის მანძილზე ერთი ან რამდენიმე ჭიქა ყავა - ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირად ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ამ გამამხნევებელი სასმელის დალევა ორსულობის დროს? ამ კითხვაზე ექიმი დიეტოლოგი ოლგა პერევალოვა გვპასუხობს.
ყავა ორსულობის დროს შეიძლება, ოღონდ ყველასთვის - არა. შეიძლება იმ ქალებისთვის, ვისაც დაბალი არტერიული წნევა აქვს, ვინც ძნელად იღვიძებს და მეტისმეტად მიჩვეულია ყავის სმას დილაობით. ოღონდ მანაც არ უნდა დალიოს ყავა უზმოზე; სასურველია, მასში კოფეინის ნაკლები შემცველობა იყოს; (მაგ: ხსნადი ან გრანულირებული, რადგან მასში კოფეინის ნაკლები ოდენობაა).
ორსული ქალისათვის ყავაში რძის დამატებაც სასურველია. საქმე ისაა, რომ ყავა, ისევე როგორც ჩაი, ძვლებიდან კალციუმს გამორეცხავს, რაც განსაკუთრებით საზიანოა ბავშვის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის. კალციუმი ორგანიზმს მიეწოდება საკვებიდან, ამიტომ მომავალი დედის რაციონი უნდა იყოს მდიდარი რძის პროდუქტებით, ხაჭოთი, თევზით, ყველით და ბოსტნეულით. ახლა ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალში საცემია, რადგან ორსული გოგონები ცუდად იკვებებიან, დიეტობენ, ცდილობენ არ მოიმატონ წონაში. მომავალში მათ შეიძლება განუვითარდეთ ოსტეოპოროზი, დაერღვეთ მეტაბოლიზმი, ჰქონდეთ დაბალი იმუნიტეტი და სხვ. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კალციუმის მარაგის დაგროვება ხდება 30 წლამდე, რის შემდეგ ორგანიზმი მხოლოდ მას მოიხმარს (შეფარდება დაახლოებით ასეთია: 1 წლის განმავლობაში ორგანიზმი მოიხმარს კალცის 1%-ს. 40 წლის ასაკში ორგანიზმის მიერ მოხმარებული კალციუმის რაოდენობა შეადგენს - 10%, ხოლო 50 წლის ასაკში - 20 %-ს). საუკეთესო პროფილაქტიკა 25-30 წლამდე რძის პროდუქტების დიეტაა.
მაშ ასე, მომავალმა დედამ ყავა უნდა მიიღოს რძესთან ან ნაღებთან ერთად (თუ წნევის პრობლემა არ არის ორსულობის მანძილზე), კალციუმის დანაკარგის კომპენსაციის მიზნით.
არის კიდევ სხვა ნიუანსებიც:
. რამდენი ჭიქა შეიძლება დალიოს ორსულმა?
1 ან მაქსიმუმ 2 ჭიქა დღეში, ისიც დღის საათებში.
• ყავაში შემავალი კოფეინი არტერიული წნევის მომატების რისკს შეიცავს. ორსულობის დროს ხშირ შემთხვევაში წნევა ისედაც მომატებულია, ამიტომ გამამხნევებელი სასმელისგან სჯობს თავი შეიკავოთ, თუ წნევა გაწუხებთ ამ დროს.
• ყავას აქვს შარდმდენი ეფექტი. ამიტომ ყავა სასურველია დალიოს მან, ვისაც დაბალი არტერიული წნევის გამო გამოხატული აქვს შეშუპება.
• თუ ორსულობა მიმდინარეობს ტოქსიკოზით, თავის ტკივილებით, თავბრუსხვევით და ღებინებით - სჯობს თავი შეიკავოთ ყავის დალევისაგან.
• გასტრიტისა და მომატებული მჟავიანობის, ან წყლულის შემთხვევაში ყავის დალევა არ შეიძლება, რადგან ის ამაღლებს კუჭის მჟავიანობას - განსაკუთრებით უზმოზე.
ყავა შეიცავს კოფესტოლს - ნივთიერებას, რომელიც ამაღლებს ქოლესტერინის დონეს, თუ დღის მანძილზე 5- 6 ჭიქას მოიხმართ. ეს აქტუალურია ქალებისთვის 35-40 წლის შემდეგ.
რჩევა: ჩაანაცვლეთ ყავა კაკაოთი ან ციკორიით. ამ სასმელში ბევრი კალცი და მცენარეული ცხიმია, ამიტომ უფრო მარგებელია, ვიდრე ყავა.