რა უნდა იცოდეს ყველა ქალმა მშობიარობაზე და როდის არის საუკეთესო დრო შემდეგი ორსულობისთვის
რა უნდა იცოდეს ყველა ქალმა მშობიარობაზე და როდის არის საუკეთესო დრო შემდეგი ორსულობისთვის
მშობიარობა წარმოადგენს ქალის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენას. საჭიროა, რომ მომავალმა დედებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ მშობიარობის შესახებ. თქვენი პატარას საოცარ მოგზაურობაზე ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, სოფო თამაზაშვილი გვესაუბრება.

- რამდენი ფაზისგან შედგება ფიზიოლოგიური მშობიარობა? რა არის ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი დრო, რაც შეიძლება ბუნებრივი გზით მშობიარობას დაჭირდეს?
- მშობიარობა არის ბუნებრივი პროცესი, ფიზიოლოგიური მოვლენა. ორსული ქალი არ არის პაციენტი, ორსულობა მხოლოდ მისი დროებითი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. მშობიარობის პროცესიც არის ბუნებრივი მოვლენა. თუკი
ქალი რომელიმე რისკის ჯგუფს არ მეიკუთვნება და წინასწარ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე სახის ჩარევა, დამატებითი ჩარევა, პრაქტიკულად, არ სჭირდება. მშობიარობა 3 პერიოდისგან შედგება:
პირველი პერიოდი ეს არის რეგულარული სამშობიარო მოქმედებების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე. რეგულარულ სამშობიარო მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც ქალს 10 წუთში 1 და მეტი, 20 წამზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილი აქვს. პირველი პერიოდი სრულდება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნით. პირველ მშობიარეებში ეს პერიოდი გრძელდება 10-12 საათი, განმეორებით მშობიარობაზე - 8-10 საათი. თუმცა, ეს ზოგადი ცნებაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია და ეს მონაცემები შესაძლოა საერთოდ არ შეესაბამებოდეს რეალობას კონკრეტული მშობიარეს
შემთხვევაში.
მეორე პერიოდი ეს არის ყელის სრული გახსნიდან ნაყოფის დაბადებამდე. ხშირ შემთხვევაში, ნაყოფი იბადება კეფით წინ მდებარეობით, ეს არის ნაყოფის სიგრძითი მდებარეობა. წინამდებარე ნაწილი ხშირ შემთხვევაში თავია, ასევე სასურველია, რომ ნაყოფი ზურგით იყოს მიქცეული დედის მუცლის ფარისკენ. ბავშვების დიდი ნაწილი იბადება კეფით წინ მდებარეობით, წინა სახეში. ეს მშობიარობის ძალიან საინტერესო და ურთულესი პროცესია, რომელიც ახალშობილის დაბადებით სრულდება.
მესამე პერიოდი - არის მომყოლის გამოძევების პერიოდი. მომყოლის პერიოდის მართვის ორი მეთოდი არსებობს. დიდი ხნის მანძილზე მესამე პერიოდს მოცდითი ტაქტიკით ვმართავდით. ანუ, ველოდებოდით მომყოლი თავისით როდის მოცილდებოდა. ეს პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით 15-დან 30 წუთამდე. დღეს მეან-გინეკოლოგიაში წამოვიდა თანამედროვე მიდგომა, მესამე პერიოდს ვმართავთ აქტიურად. დაიბადება თუ არა ახალშობილი, სისხლის დენის საპროფილაქტიკოდ, ბებიაქალი ან მეანი აკეთებს საშვილოსნოს კონტროლირებად ტრაქციას. ერთი ხელით აკონტროლებს საშვილოსნოს შეკუმშვას, მეორე ხელით კი - ქაჩავს ჭიპლარს. რამდენიმე შეკუმშვაში, მომყოლი უნდა გამოძევდეს. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა მეანობაში. ამ მეთოდის დანერგვის შემდეგ, სისხლდენის პროცენტული მაჩვენებული ძალიან შემცირდა.

- როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის?
- მშობიარობისთვის მოსამზადებელი საუკეთესო საშუალება მშობელთა სკოლაში სიარულია. ორსული იქ ეცნობა სხვა ორსულებს, ისინი ერთმანეთს უზიარებენ შეგრძნებებს, ემოციებს. მშობელთა სკოლაში მომავალი დედა სწავლობს, თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში, როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით, როგორია ორსულის კვების პრინციპები, წონის მატების ნორმები, როგორი უნდა იყოს ორსულობისას მგზავრობა და სქესობრივი ცხოვრება, ასევე სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ ორსულობისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა დისკომფორტს. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ, როგორ მოუარონ პატარას. მშობელთა სკოლის პედიატრები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და პრაქტიკულად შეგასწავლიან ბავშვის მოვლას. აქვე მომავალი მშობლები ეცნობიან ბუნებრივი, ანუ ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისთვის ხელშემწყობ პირობებს. მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში მათ ეხმარება ფსიქო-ფიზიკური ტრეინინგი, რომლის დროსაც მსოფლიოში მიღებული სხვადასხვა მეთოდით სწავლობენ მშობიარობის მართვას (ტკივილის დაძლევა, სხვადასხვა სუნთქვითი ტექნიკა, მშობიარობისთვის აუცილებელი მოდუნების ტრეინინგი, სწორი ჭინთვების სწავლება), ატარებენ უსაფრთხო და სასარგებლო ვარჯიშებს.ორსულობა და მშობიარობა დიდი ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, რაც უფრო მეტად იქნებით ფიზიკურად მომზადებული, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს ორსულობის პერიოდში და შეგიმსუბუქდებათ მშობიარობის პროცესი, ამასთანავე უფრო მალე დაიბრუნებთ სხეულისთვის საწყის წონას მშობიარობის შემდეგ.
კარგი იქნება, თუ ამგვარ სემინარებს მომავალი მამებიც დაესწრებიან, ისინი ნელ-ნელა გაითავისებენ, რომ სულ მალე მათი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლება. მომავალი მშობლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ,,სითბური ჯაჭვი", დედისა და ახალშობილის  კანით-კანთან კონტაქტი, აგრეთვე,  იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობაზე მამის დასწრებას. მშობიარეები, რომელთაც მშობელთა სკოლაში აქვთ გავლილი სემინარები და ფიზიკური ვარჯიშები, მომზადებულები ხვდებიან ამ სამპასუხისმგებლო პროცესს და ნაკლებად არიან დაძაბულები. 

ასევე სასურველია ორსულობის დროს მომავალმა მშობლებმა მოინახულონ ის სამშობიარო სახლი, სადაც მათი პატარა უნდა მოევლინოს ქვეყანას. კარგი იქნება, თუ დაათვალიერებენ პალატებს და სამშობიარო ბლოკებს. მათთვის ეს გარემო უკვე ნაცნობი იქნება და როდესაც დადგება მშობიარობის დრო, აღარ ექნებათ გაუცხოვების შეგრძნება.

- რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიაკითხოს ქალმა სამშობიაროს?
- ქალმა სამშობიარო დაწესებულებას უნდა მიმართოს თუ:
აქვს რეგულარული სამშობიარო ტკივილები (10 წუთში აქვს 1 და მეტი შეტევა, რომელიც 20 წამის განმავლობაში გრძელდება)
როდესაც ქალს აღენიშნება სისხლდენა.
წყლების დაღვრის შემთხვევაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სანაყოფე წყლები იღვრება ნაადრევად. ნორმალურ პირობებში ის ყელის სრული გახსნის დროს უნდა დაიღვაროს.
მშობიარობის ოპტიმალურ ვადას გადააცილეთ და ხართ 41 ან 42 კვირის, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სამშობიარო სახლში ვიზიტი, რათა შეფასდეს ნაყოფის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს სამშობიარო მოქმედებების აღძვრა.
მაღალი ტემპერატურა გაქვთ ან წნევა 140/90-ზეა. ზოგადად, ორსულმა ქალმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში მინიმუმ 2-ჯერ, დილას და საღამოს, უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
ნახავთ, რომ შეგიშუპდათ სახე, კიდურები - ნურაფერს დაელოდებით მიმართეთ ექიმს!
თქვენი ექიმი მუდმივად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში და არ მიიღოთ არანაირი მედიკამენტი თვითნებურად.

- ტკივილი, მშობიარობის პროცესის დროს ბუნებრივი მოვლენაა, რა ფაქტორები უწყობს ხელს ტკივილის დაქვეითებას?
- ტკივილი ფიზიოლოგიური მშობიარობის დადებითი გვერდითი მოვლენაა, სამშობიარო ტკივილს ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. ზოგადად, პირველად მშობიარეს უფრო მეტად აქვს პირველი პერიოდის ტკივილი გამოხატული, ვიდრე განმეორებით მშობიარეს. არსებობს გაუტკივარების ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მეთოდები. ჩვენ, ექიმები ტკივილის მიხედვით ვსაზღვრავთ დინამიკას, მშობიარობის პროგრესირებას, თუ შესუსტდა ტკივილი, ესე იგი სამშობიარო მოქმედებების სისუსტესთან გვაქვს საქმე, თუ გაძლიერდა, ე.ი. დინამიკა კარგია. ადრე, მშობიარობის დროს ძირითადად დამკვიდრებული იყო ე.წ. ლიტოტომური პოზა. მშობიარეს დააწვენდნენ ზურგზე, მისი ადგომა, სიარული, ჭამა იკრძალებოდა. დღეს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. უამრავი კვლევა ჩატარდა. კვლევებით დასტურდება, რომ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში ქალებმა არც კი ინდომეს მშობიარობის მედიკამენტური გაუტკივარება. გაუტკივარების არაფარმაკოლოგიური მეთოდებიდან მნიშვნელოვანია, მშობიარის მოძრაობა და თავისუფალი პოზიციები: სიარული, ფეხზე დგომა, მუხლებზე დგომა და ნებისმიერი თავისუფალი პოზიცია, ვარჯიში სპეციალური ბურთის დახმარებით, შხაპი და წყლის პროცედურები, რომლებიც ასევე ძალიან უმსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას. ასევე გამოიყენება მშობიარის წელის სისტემური მასაჟი, რაც იწვევს რელაქსაციას, მზრუნველობის, სიყვარულის, მოვლის შეგრძნებას და ტკივილის დაქვეითებას, სასურველია, თუ მასაჟს მშობიარეს მეუღლე გაუკეთებს. ზოგადად მეუღლის დასწრება მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მომავალი დედისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ მამას გააზრებული ჰქონდეს თავისი როლი და პასუხისმგებლობა. 
დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ სუნთქვას, რომლის სწავლაც მომავალ დედებს მშობელთა სკოლაში შეუძლიათ.

- რას გვეტყვით ფარმაკოლოგიური გაუტკივარების შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია მისი გაკეთება?
- ხშირად ორსულები, რომლებსაც არ აქვთ საკეისრო კვეთის ჩვენება, ითხოვენ საკეისრო კვეთას იმის გამო, რომ ეშინიათ სამშობიარო ტკივილების. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვურჩევთ გაიკეთონ გაუტკივარება და იმშობიარონ ფიზიოლოგიურად. როგორც კვლევებით დასტურდება, ეპიდურული გაუტკივარება ძალიან ეფექტურია. ეპიდურული გაუტკივარება სამედიცინო ჩარევაა, რომელიც როგორც ნებისმიერი ჩარევა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან. თუმცა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირად ორსულებს აქვთ კითხვები: გაუტკივარება დამიტოვებს წელის ტკივილის? შესაძლოა წელს ქვევით მოვწყდე? და სხვ. ნუ შეგეშინდებათ, მსგავსი გართულება ეპიდურულ გაუტკივარებას არ აქვს.

- რას გვეტყვით "სითბური ჯაჭვის" შესახებ და მის მნიშვნელობაზე როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის.
- "სითბური ჯაჭვის" დაცვით ჩვენ ახალშობილს ვუმუშავებთ იმუნიტეტს. ეს არის ბიოლოგიური იმუნიზაცია. ყველაზე ხელსაყრელი გარემო ახალშობილისთვის, რა თქმა უნდა, დედის ორგანიზმია. ის მთელი 9 თვე უკვე ცხოვრობდა ამ ორგანიზში, შესაბმისად ის დედის გულმკერდზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. როდესაც პატარა იბადება, მას ვამშრალებთ და დედასთან ვაწვენთ. ბავშვი იღებს დედის ფლორას და გამოიმუშავებს იმუნიტეტეს. რაც უფრო ხანგრძლივად გვეყოლება ბავშვი დედასთან, ეს პროცესი უფრო კარგად ხორციელდება, ეს არის ადრეული ძუძუთი კვების საუკეთესო ხელშეწყობა. 3 დღის განმავლობაში პატარა დედისგან იღებს ხსენს, რომელიც არის უნიკალური საკვები, ხსენი ყველაზე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელიც აძლიერებს ახალშობილს. 24 საათის განმავლობაში დედა და ახალშობილი ერთად უნდა იმყოფებოდნენ.

- მშობიარობიდან რამდენ ხანში არის მიზანშეწონილი ექიმთან ვიზიტი?
- ლოგინობის ხანა გრძელდება 40 დღე. როდესაც მელოგინე სამშობიაროდან ეწერება, მას ეძლევა კონკრეტული რეკომენდაციები. ცხელების, სუნიანი გამონადენის, სხვა სახის ჩივილის არსებობს შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. თუკი მელოგინე ექსკლუზიურად აწოვებს ძუძუს ბავშვს 6 თვის განმავლობაში, ის დაცულია არასასურველი ორსულობისგან. ლოგინობის ხანის შემდეგ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით უნდა მიმართოს ექიმს. 2-3 წელი არის ოპტიმალური ვადა იმისთვის, რომ დედამ აღიდგინოს ძალები და მოემზადოს შემდეგი ორსულობისთვის.
სალომე გორგოშიძე
75067
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
საკეისრო კვეთის შემდეგ, თუ არის შესაძლებელი ფიზიოლოგიურად მშობარობა და თუ დსაშვებია -რამდენ ხანში? რა რისკები არსებობს მშობიარობის დროს, როცა მშობიარე ნაკეისრალია. რამდენად ურჩვენ ექიმები მელოგინეს საკეისროს შემდეგ ფიზიოლოგიურ მშობიარობას. რა ტენდენციებია დღეს საქართველიში ამ მხრივ.
12:53 / 09-01-2016
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?