აუცილებელი გამოკვლევები, რომლებიც ორსულმა უნდა ჩაიტაროს.
აუცილებელი გამოკვლევები, რომლებიც ორსულმა უნდა ჩაიტაროს.
მას შემდეგ, რაც დადასტურდება ორსულობა და ექოსკოპიის შედეგად ბავშვის გულისცემას მოვისმენთ, ორსული დგება აღრიცხვაზე. ნაყოფის ნორმალური განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას სწორად წარმართული ანტენატალური მეთვალყურეობა, ანუ ექიმთან ვიზიტები წარმოადგენს. ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა ორსულობის განმავლობაში ექიმთან ოთხჯერ ვიზიტს და გარკვეულ გამოკვლევებს აფინანსებს. ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგი, ხათუნა შაიშმელაშვილი განგვიმარტავს თითოეული გამოკვლევის და ვიზიტის მნიშვნელობას. ასევე ვისაუბრებთ იმ აუცილებელ გამოკვლევებზე, რომელიც ორსულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.

- რომელ ვადაზე იგეგმება ორსულის პირველი ვიზიტი და რა გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი ამ დროს?

- სისხლის და შარდის
საერთო ანალიზი, ორგანიზმის ჯანმრთელობის სარკეა. ეს ის სტანდარტული გამოკვლევებია, რომელიც ორსულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამ მარტივი ანალიზებით შესაძლებელია ორსულობის დასაწყისშივე აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები, რომლებსაც ორსულობის დიდ ვადაზე შეუძლია ძალიან სახიფათო პრობლემები შეგვიქმნას. შესაძლებელია ესა თუ ის დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ისე, რომ ორსულს არანაირი ჩივილი არ ჰქონდეს. მაგალითად ანემია - დაბალი ჰემოგლობინი ძალიან საყურადღებო პრობლემაა, რომელიც სისხლის საერთო ანალიზით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. თირკმლის პათოლოგიებზე ინფორმაციას შარდის საერთო ანალიზი გვაძლევს. ამ სტანდარტულ გამოკვლევებს ემატება ანალიზი B და C ჰეპატიტებზე, გამოკვლევა სიფილისზე, აივ-ინფექციაზე.
ეს იმ ანალიზების ჩამონათვალია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიკეთოს ორსულმა ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს. ეს ის დაავადებებია, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც ექიმმა დიაგნოზის გათვალისწინებით უნდა წარმართოს ორსულობა, ამიტომ მათ გამოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა. თუ დედა რეზუს უარყოფითია, აუცილებლად ვიკვლევთ მეუღლეს სისხლის ჯგუფს და რეზუსსაც. თუ მეუღლეც რეზუს უარყოფითია, მაშინ ორსულებში ვაკეთებთ ტესტს ანტისხეულების არსებობაზე, ხოლო 28 კვირაზე - ანტირეზუსული იმუნოგლობულინით პროფილაქტიკას. რაც შეეხება ნაცხის ბაქტერიოსკოპულ გამოკვლევას, ამით დგინდება, ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე სქესობრივად გადამდებ ინფექციასთან. თერაპევტი ჩვენთვის დამხმარე სპეციალისტია. გარდა ორსულობისა, იგი ორგანიზმში მიმდინარე სხვა ცვლილებებს მეთვალყურეობს. მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგის და თერაპევტის ერთობლივი, შეთანხმებული ქმედებებით ხდება პროცესის პროფესიონალური მართვა.
სტანდარტით კუთვნილ გამოკვლევებში არ შედის შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ორსულის შარდი უნდა იყოს სტერილური, მაგრამ ორსულობის გამო იქ გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს. ძალიან ხშირად დგება ასიმპტომური ბექტერიურია, ანუ ორსულს კლინიკურად არაფერი აწუხებს, არ აქვს ჩივილები შარდგამომყოფი სისტემის მხრივ, მაგრამ მისი საშარდე სისტემა კოლონიზებულია. რადგან ერთმანეთთან ანატომიურად ახლოს არის სწორი ნაწლავის ფლორა და საშოს ფლორა, ინფექციას ადვილად შეუძლია შეაღწიოს და ქვედა ტრაქტში წარმოქმნას კოლონია. ანალიზის მონაცემები თუ გარკვეულ ზღვარს გადასცდა, საჭირო ხდება ანტიბიოტიკოთერაპია. თუ ეს პრობლემა ორსულობის ადრეულ ვადაზე არ აღმოვაჩინეთ, შესაძლოა თირკმელების ანთებამდეც კი მივიდეთ. ეს ორსულობის დიდ ვადაზე სერიოზულ პრობლემებს ქმნის და საჭორო ხდება ანტიბიოტიკების მთელი კომპლექსის დანიშვნა. მთელ რიგ პრობლემებს კი ერთი ანალიზი აგვარიდებს.
სახელმწიფო პროგრამით პირველ ვიზიტზე არ არის გათვალისწინებული ექოსკოპიური კონტროლი, თუმცა ამ კვლევის ამ ვადაზე ჩატარება აუცილებელია. პირველი კვირების განმავლობაში აუცილებელია, რომ დადასტურდეს ღრუს შიდა ორსულობა. 6 კვირიდან ექოსკოპიური გამოკვლევით დგინდება, რამდენად პროგრესულია ორსულობა, ამ კვლევის დროს სხვა პათოლოგიების გამორიცხვაც ხდება. შეასძლებელია სანაყოფე ჩანთა იზდებოდეს და იქ ემბრიონი არ ჩანდეს - ამას ანემბრიონემია ჰქვია. მსგავსი პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოსარიცხად აუცილებელია, ექოსკოპია 6 კვირის ვადაზე გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, ექოსკოპიური კვლევა 12-13 კვირის ვადაზეც გაკეთდეს, ამ დროს ფასდება ჩანასახის კისრის ნაოჭი სისქე, ხდება ცხვირის ძვლების განსაზღვრა, ეს ექიმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

- სახელმწიფო პროგრამით მეორე ვიზიტი ორსულს 18-20 კვირის ვადაზე უწევს, რა გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

- ამ პერიოდშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექოსკოპიურ დათვალიერებას. ამ ვადაზე საბოლოოდ ყალიბდება გულის პარკუჭები. ხდება გულის მანკების გამორიცხვა.
18 დან 20 კვირამდე ასევე ძალინ მნიშვნელოვანია სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა. სახელმწიფო პროგრამით ეს ანალიზი პირველ, მესამე და მეოთხე ვიზიტზე არის გათვალისწინებული, მაგრამ აუცილებელია ჰემოგლობინის განსაზღვრა შუალედურ პერიოდშიც, რადან 30 კვირამდე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ანემია, რომელიც შემდგომ ძნელად საკორექციო იქნება.
მეორე ვიზიტიდან მესამე ვიზიტამდე არის საკმაოდ დიდი პერიოდი, მეოცე კვირიდან 30-ე კვირამდე მთელი 10 კვირაა. ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ახალ პროტოკოლებში 24-დან 28 კვირამდე გათვალისწინებულია გესტაციური დიაბეტის სკრინინგი. ამით ხდება იმ ორსულების ამორჩევა, ვისთანაც დარღვეულია გლუკოზისადმი ტოლერანტობა - ისინი უკვე ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით გადიან მკურნალობას.
mshoblebi
- რა გამოკვლევები ტარდება მესამე ანტენატალური ვიზიტის დროს?
- 30 დან 32 კვირამდე გათვალისწინებულია მესამე ანტენატალური ვიზიტი, სტანდარტში შედის შარდში ცილის და სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა. თუ აქამდე ორსულმა უპრობლემოდ გამოიარა და მანამდე პრობლემა არ ჰქონია, ამ ეტაპზე ეს ანალიზები სავსებით საკმარისია. ამ ვადაზე ასევე აუცილებელია ექოსკოპიური გამოკვლევა. 30-დან 32 კვირამდე ჩვენთვის მნიშვნელოვანია დოპლეროგრაფიული მონაცემების შეფასება, როგორ ხდება სისხლის დინება დედიდან ნაყოფისკენ. ეს გვაძლევს იმფორმაციას, რომ ბავშვი წარმატებით გაივლის დარჩენილ ვადას მშობიარობამდე, არ იქნება წონის კლება და ჟანგბადის ნაკლებობა.

- რა გამოკვლევები ტარდება მეოთხე ანტენატალური ვიზიტის დროს?
- ბოლო ვიზიტი ეს არის 34-დან 38 კვირამდე. სტანდარტულად აქ შედის შარდში ცილის და სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა. შარდში ცილის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ისეთი მძიმე გართულების დიაგნოსტირებისათვის, როგორიცაა პრეეკლამფსია. ეს დაავადება გამოიხატება მაღალი არტერიული წნევით, შარდში ცილის მაღალი მაჩვენებელით და ორსულის შეშუპებით. ორსული ხშირად ვერ გრძნობს ამ შეშუპებას. გარეგნულად ეს შეიძლება არ იყოს შესამჩნევი, ან პირიქით, ძალიან აწუხებდეს ქალს. ამ ვადაზე ასევე მნიშვნელოვანია წნევის მონიტორინგი დილას და საღამოს.
მნიშვნელოვანია, რომ ჰემოგლობინის დონე იყოს ნორმალიზებული, რადგან მშობიარობის შემდეგ სისხლის დანაკარგის ფონზე ხშირია ჰემოგლობინის დაწევა. ორგანიზმი ამ საპასუხისმგებლო პროცესს მომზადებული უნდა შეხვდეს.
აღმოჩნდა, რომ თანდაყოლილი ინფექციების ძალიან დიდ პროცენტს იწვევს ვაგინალური ბეტა სტრეპტოკოკი. თუ დედის საშო ინფიცირებულია, სამშობიარო გზების გამოვლის შემდეგ ბავშვიც ინფიცირდება. 35 კვირის ვადაზე რომელ ორსულებსაც აღმოაჩნდებათ ბეტა სტრეპტოკოკის მატარებლობა, მათ უშუალოდ მშობიარობის პროცესში უტარდებათ ანტიბიოტიკოტერაპია. ამით ჩვენ ვიცავთ პატარას დაინფიცირებისგან. ბოლო ვიზიტზე ასევე საჭიროა ექოსკოპიაც, რადგან საჭიროა ვიცოდეთ, ნაყოფი როგორ მდებარეობაშია.

რა თქმა უნდა, ანტენატალური მეთვალყურეობა ყველა საკითხს არ მოიცავს, მაგრამ სავსებით საკმარისია იმ ორსულთათვის, რომლებიც ჯანმრთელები არიან და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნებათ. ყველა ორსული ინდივიდუალურია, შესაბამისად ორსულობის მართვის ტაქტიკა ყველა ორსულთან ერთნაირი ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია ყველა ორსულისთვის. გირჩევთ, ამ გამოტოვოთ ვიზიტები და აუცილებლად გაითვალისწინოთ ექიმის რჩევა-დარიგებები.
სალომე გორგოშიძე

29838
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ხათო
18:44 / 13-06-2016
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?