„ისე არ იქნება, რომ ძიძას „მივუგდო“ მთელი დღე და წავიდე...“ მომღერალი ელენე ფოჩხუა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მეორე შვილს აჩენს. ამ სასიამოვნო მდგომარეობაზე, ემოციებსა და ზოგადად შვილის მოლოდინზე ელენემ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.
- გილოცავ, ელენე, ამ სასიამოვნო სიახლეს... პირველ რიგში მაინტერესებს, როდის ელოდებით პატარას და სქესი თუ იცით უკვე?
- სქესი ვიცით, რა თქმა უნდა, ბიჭს ველოდებით. ექიმმა მისი ამქვეყნად მოვლენის ბოლო თარიღად 10 ივნისი დაგვისახელა.
- შვილებს შორის შვიდწლიანი პაუზა რამ გამოიწვია? თუ თავისთავად მოხდა ასე?
- სანამ ლიზი პატარა იყო, არ ვფიქრობდი მეორე ბავშვზე, ძნელია მიყოლებით გაზრდა, ამასთან, ვმუშაობ, ყოველდღე ვმღერი საღამოობით და ცოტა გავზარმაცდი. ლიზი უკვე წამოზრდილია, ნაწილობრივ დამოუკიდებელია, შეუძლია ჩაიცვას, ჭამოს, მოწესრიგდეს ჩემი დახმარების გარეშე, ახალშობილს კი მეტი დრო და ენერგია სჭირდება. მეორე შვილის გაჩენის საკითხს სულ ვავადებდით და ასე გადადება-გადადებაში მოვედით აქამდე. ბოლოს უკვე ძალიან გვინდოდა და აი, ველოდებით კიდეც. ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. განსაკუთრებით უხარია ლიზის, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ძმა იქნებოდა თუ და, მთავარი იყო, დედმამიშვილი ჰყოლოდა და ავუსრულეთ ეს სურვილი.
- ამ შვიდი წლის განმავლობაში არ იყო შეკითხვები - მეორეს არ აჩენ? რატომ აგვიანებ? და .შ.
- კი, აბა რაა. პირველი შვილი, ლიზი, დაოჯახებიდან მეხუთე წელს გავაჩინე და ჯერ კიდევ მაშინ იყო კითხვები, რატომ არ გიჩნდებათ შვილი? ხან ექიმს გვასწავლიდნენ და ხან გვარიგებდნენ, როგორ მოვქცეულიყავით. ყველას ეგონა, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, არადა საქმე სულ სხვაგვარად იყო. გათხოვებიდან ძალიან მალე დაიწყო "ნუცას სკოლა", რომელშიც მონაწილეობა მივიღე, პირველ ნაბიჯებს ვდგამდი სცენაზე, ამას მოჰყვა „ჯეოსტარი“, შევრჩი ამ ყველაფერს და დრო გაიწელა... მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ, რომ ის 5 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი კარიერისთვის და გარდა ამისა, ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, როგორც წყვილისთვის. ხან იქ დავდიოდით, ხან - აქ, მეტი დრო გვქონდა საკუთარი თავებისთვის, სიარულს ახლაც არ ვიკლებთ, მაგრამ როცა შვილი გყავს, სხვა საზრუნავი გაქვს, მაინც უფრო შვილისკენ მიგეჩქარება, მასთან გინდა დროის გატარება და შენს თავს უწესებ ე.წ. შეზღუდვებს. ლიზი რომ შეგვეძინა, მერე ცოტა ხანში ახალი თემა გაჩნდა, მეორეს არ აპირებ? სულ ვეუბნებოდი, იქნება, იქნება-მეთქი და აჰა, იქმნა, ავუსრულე ოცნება ამ თემით დაინტერესებულებს (იცინის).
- როგორი ორსულობა გქონდა პირველ ბავშვზე და რა სხვაობაა ახლა?
- როცა პირველად ხარ ორსულად, უფრო აფორიაქებული ხარ, ყველა წვრილმანს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევ, გეშინია, ფრთხილობ, მეორეს შემთხვევაში კი უკვე გამოცდილი ხარ, აღარ განაღვლებს ის, რაზეც პირველის შემთხვევაში ძალიან ნერვიულობდი და უფრო მშვიდად ელოდები მის ამქვეყნად მოვლენას. ორსულობა არც ლიზიზე მქონდა პრობლემური და არც ახლა. ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობ, ვსაქმიანობ და ვაგრძელებ ცხოვრებას.
- ორსულობასთან დაკავშირებულ ცრურწმენებს თუ იზიარებთ და თუ აქცევთ ყურადღებას - თუნდაც თმის შეჭრის საკითხი ავიღოთ...
- არაა, მსგავს რაღაცებს ყურადღებას არანაირად არ ვაქცევ, მსმენია, რა თქმა უნდა, იმის შესახებ, რომ ორსულობაში თმა არ უნდა შეიჭრა, მაგრამ მე არ ვითვალისწინებ. ლიზიზე გრძელი თმა მქონდა, ბოლო თვეებში, მოგეხსენებათ, ქალი მძიმდება, ზაფხული იყო და ეს სიცხეც ძალიან მაწუხებდა, ჰოდა, ავდექი და თმა მოკლედ შევიჭერი... ყურადღება ასეთი რაღაცებისთვის არ მიმიქცევია.
- იმასაც ამბობენ, წინასწარ ბავშისთვის სხვადასხვა ნივთის ყიდვა არ შეიძლებაო... თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ სამზადისი პატარის დასახვედრად?
- როგორ არა. ზუსტად მაგიტომ მეჩქარებოდა სქესის გაგება, რომ მცოდნონდა რა მეყიდა, თუნდაც ფერების თვალსაზრისით. პირველ ექოსკოპიაზე დაიმალა და ვერ ვნახეთ ვინ იყო, მეორე ჯერზე კი გვითხრეს, ბიჭიაო. ახლა დავდივარ ნელ-ნელა და ვყიდულობ ყველაფერს,, ძალიან სასიამოვნო პროცესია. რატომ არ უნდა ვიყიდო, ვერ ვიგებ. არ მიყვარს მიწურულში რაღაცების კეთება, ყიდვა რომ გეჩქარება, უაზროდ დარბიხარ, დარბიხარ და ხარ გადარბენაზე. მირჩევნია, ახლა მშვიდად ვიარო, რომ მერე აღარ ვირბინო. არ მიყვარს სხვაზე დავალება, ეს მომიტანე, ის მომიტანე. განა არ მომიტანენ, მაგრამ მე მინდა, ჩემს გემოზე, ჩემს ჭკუაზე ავარჩიო.
- ბავშვის გაჩენის შემდეგ კარიერის თავლსაზრისით ალბათ შედარებით პასიური პერიოდი გექნებათ...
- ვფიქრობ ერთი თვე ან თვე-ნახევარი დავისვენებ სამსახურის მხრივ და მერე დავუბრუნდები საქმეს. ძიძა უკვე მოძებნილი მყავს და პრობლემა არ შემექმნება. მით უმეტეს, რომ მე ძირითადად საღამოს, 3-4 საათი მიწევს მუშაობა და გასვლა, ეს ის დროა, როცა ბავშვიც იძინებს და ისე არ იქნება, რომ ძიძას „მივუგდო“ მთელი დღე და წავიდე. ძირითად დროს ჩემს შვილთან გავატარებ და რამდენიმე საათი მომიწევს დატოვება.
- ძიძის შერჩევა ძალიან რთულია... თქვენ როგორ მოახერხეთ, რეკომნდაციით?
- მართლა ძალიან რთული ყოფილა. ლიზიზე არ დამჭირვებია, მე ვზრდიდი თვითონ, მეხმარებოდნენ კიდეც, მაგალითად, ჩემი მეგობარი, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილის მეორე დედაა. ახლა კი ახლობლობით, რეკომენდაციით შევარჩიე ძიძა, ჩემი ახლობლის ბავში გაზარდა, ის უკვე დიდია და ახლა ჩვენთან გადმოინაცვლებს. მიხარია, რომ კარგი გოგო ვიპოვეთ და ეს პრობლემა მოგვარდა. იმედია, ბავშვიც მშვიდი იქნება და ხელს შეგვიწყობს (იღიმის).
ციცი ომანიძე