დაგეგმე ორსულობა და დაიცავი მომავალი! წყვილმა მომავალ პატარაზე ზრუნვა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე უნდა დაიწყოს! ჩაჩავას კლინიკა ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს - დაგეგმე ორსულობა და დაიცავი მომავალი! თუ უკვე გეგმავთ გახდეთ მშობლები, ისარგებლეთ უფასო კონსულტაციით...
ამ თემაზე კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ლიკა ნადარეიშვილი გვესაუბრება.
- რა აუცილებელი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის, სანამ სასურველი ორსულობა დადგება?
- ზოგადად, როდესაც წყვილი გადაწყვეტს შეუღლებას, სასურველია შეუღლებამდე გაიაროს სამედიცინო შემოწმება. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ქალის - გინეკოლოგთან და მამაკაცის -ანდროლოგთან ვიზიტი.
პირველ რიგში, ხდება წყვილის გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. ინფექციებმა ორსულობის დროს შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული გართულებები. შესაძლებელია ორსულობა შეწყდეს 12 კვირამდე თვითნებითი აბორტით, მოგვიანებითი აბორტით ან ნაადრევი მშობიარობით. გარკვეულმა ვირუსებმა და ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფის ანომალიები. მომავალი მშობლები ბავშვის და საკუთარი ჯანმრთელობის საკითხს ჯერ კიდევ შვილის ჩასახვამდე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ. თითოეულ წყვილთან ინდივიდუალურად ხდება კონსულტაცია და შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა.
- კონკრეტულად რომელ ინფექციებზე უნდა მოხდეს გამოკვლევა?
- აღნიშნული ინფექციებია: ტრიქომონა, უროპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია, B და С ჰეპატიტები, შიდსი, გონორეა, სიფილისი.
საჭიროა ჩატარდეს ნაცხის ბაქტერიოსკოპული ანალიზი, მამაკაცებში კი სპერმოგრამა.
- საჭიროა თუ არა ექოსკოპიური კვლევის ჩატარება?
- ექოსკოპიური კვლევის ჩატარება საჭიროა ციკლის მე-6-მე-8 დღეს, ასევე მე-12-მე-14 დღეს. ეს კვლევა გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, წარმოიქმნება თუ არა ქალის საკვერცხეში ფოლიკული, მწიფდება თუ არა ის. შემდეგ - ხდება თუ არა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ნიდაცია, ჩასახვა ენდომეტრიუმში. ამ პროცესის სწორად განხორციელება ორსულობის დადგომის მთავარი წინაპირობაა. ულტრაბგერითი გამოკვლევით კარგად ჩანს ენდომეტრიუმი, ჩვენ ვაფასებთ რამდენად ხელსაყრელია გარემო, სადაც ახალი სიცოცხლე უნდა ჩასახლდეს.
- როგორი უნდა იყოს, ძილის, კვების, დღის რეჟიმი იმ წყვილისთვის, რომელიც ოჯახის დაგეგმვას აპირებს?
- დაიწყეთ ვარჯიში
ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა, 30 წუთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ფიზიკურად მომზადებული შეხვდეთ მშობიარობას, ასევე შეინარჩუნოთ სხეულის სასურველი ფორმა. ცურვა, სეირნობა ველოსიპედით, აერობიკა - არჩევანი თქვენზეა!
იკვებეთ ჯანსაღად
თქვენს ორგანიზმს ახლა გასაკუთრებით ჭირდება პროტეინი, რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა. სთხოვეთ თქვენს პარტნიოს, მხარი აგიბათ და ერთად აუწყვეთ ფეხი ცხოვრების ჯანსაღ წესს. თქვენი ორგანიზმი მზად უნდა იყოს პატარა სტუმრის დასახვედრად.
აკონტროლეთ წონა
შესაძლოა მალე სასწორზე დადგომა საერთოდ არ მოგინდეთ, მაგრამ ახლა თქვენმა ზედმეტმა სიგამხდრემ და ზედმეტმა სიმსუქნემ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ამიტომ, ექიმთან შეთანხმებით შეჯერდით რა არის თქვენთვის იდეალური წონა და ეცადეთ ეს ნიშნული შეინარჩუნოთ.
გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან
დროა კბილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. სამკურნალო კბილები პრობლემებს შეგიქმნიან ორსულობის დროს და შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიონ. ამიტომ, ჯობს თადარიგი ახლავე დაიჭიროთ.
თუ რეგულარულად მოიხმართ გარკვეული ტიპის მედიკამენტებს, აუცილებლად შეათანხმეთ ეს თქვენს ექიმთან.
შეზღუდეთ კოფეინის მიღება
თუ ყავის გარეშე გამოფხიზლება გიჭირთ, შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ფინჯანზე შეჯერდეთ. ნელ-ნელა შეზღუდეთ ყავის და ჩაის მიღება, ჩაანაცვლეთ ისინი თბილი რძით და ნატურალური წვენებით.
შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა!
თუ თქვენ მწეველი ხართ, ნელ-ნელა ეცადეთ საერთოდ შეწყვიტოთ მოწევა. შესაძლოა სიგარეტმა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ორსულობის დროს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები, ნაადრევი მშობიარობა, ბავშვი დაიბადოს მცირეწონიანი და ა.შ. ნუ აცხოვრებთ პატარას 9 თვე სიგარეტის ბოლში და ნურც თქვენ გაიფუჭებთ ჯანმრთელობას.
შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება
ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები. ორსულობამდე რამდენიმე თვით ადრე და ორსულობის პერიოდშიც მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
დროული დიაგნოსტიკა, სწორი თადარიგი და პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ორსულობის დადგომამდე ჯანმრთელი ოჯახის აუცილებელი პირობაა.
სალომე გორგოშიძე