ნურც იშიმშილებთ და ნურც ზედმეტად აჰყვებით მადას ფეხმძიმობის სხვადასხვა ეტაპზე საკვების მიმართ მოთხოვნილება იცვლება. თუმცა დიეტოლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ მადას ზედმეტად არ აჰყვეთ და გემოვნების მონად არ იქცეთ. ჯობს იცოდეთ, ფეხმძიმობის რომელ ტრიმესტრში რა უფრო სასარგებლოა თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის. ამის მიხედვით უნდა იკვებოთ ორსულობის პირველსავე კვირიდან.
როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ფეხმძიმედ ხართ, თითქოს იქიდანვე იწყება ჭამის ძლიერი მოთხოვნილება ან პირიქით, მკვეთრი უმადობა. მაგრამ უკიდურესობაში ნუ ჩავარდებით, შიმშილიც და ზედმეტი ჭამაც ორსულისთვის თანაბრად მავნებელია. ფეხმძიმე ორგანიზმი ახალ რეჟიმზე "გადაწყობას" იწყებს. ამ დროს მთავარია, რა სჭირდება ბავშვს.
რა არის მისთვის სასარგებლო პირველ ტრიმესტრში?
მეტი ხილი და ბოსტნეული. რაციონიდან არც ხორცის გამორიცხვა შეიძლება, მხოლოდ აკონტროლეთ, რომ ხორციანი კერძები ზედმეტად ცხიმიანი არ იყოს. ხშირად მიიღეთ კანიანად მოხარშული კარტოფილი, ის კალიუმის ნამდვილი საბადოა. მართალია, მოხარშული და გაფცქვნილი კარტოფილი მადის აღმძვრელად არ გამოიყურება, სამაგიეროდ, გაიხსენეთ, რა გემრიელია ასეთივე კარტოფილი ნაკვერჩხლებზე შეწვისას. კარგი მოგონებები ჭამის მადაზეც მოგიყვანთ.
პირველ ტრიმესტრში ასევე ძალიან სასარგებლოა ჭარხალი. შეგიძლიათ, მისგან სალათი მოამზადოთ მწვანილისა და შავი ქლიავის დამატებით. შემდეგ მოასხურეთ მცენარეული ზეთი და კუჭ-ნაწლავის იდეალური სტიმულატორიც მზად არის. ასევე კარგად შეითვისება და ძალიან სასარგებლოა უმი ან მოშუშული სტაფილო. კაროტინი და E ვიტამინი პლაცენტის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. დიდ სარგებლობას მოგიტანთ დამჟავებული კომბოსტოც. ვიტამინებთან ერთად ის თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტსაც გააძლიერებს. სამაგიეროდ, უმ კომბოსტოს ნუ მიეძალებით, რადგან შებერილობას იწვევს. ბოლოკი, ყაბაყი და გოგრა პირველ ტრიმესტრში მყოფი ორსულისთვის საუკეთესო საკვებია. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ხილს - ვაშლს, კივს, მსხალს. ყვითელი და წითელი ხილის ჭარბად მიღებამ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
ყავის ნაცვლად მწვანე ჩაი, ხილისა და ჩირის კომპოტები მიირთვით. რაც მთავარია, თუ გინდათ, რომ ბავშვი ჭკვიანი და გონიერი დაიბადოს, ფოლიუმის მჟავა არ დაგავიწყდეთ. ექიმი მას აბების სახით აუცილებლად დაგინიშნავთ, მაგრამ ის მწვანილშიც უხვად მოიპოვება. ოხრახუში, კამა, ისპანახი და სალათის ფოთლები ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა.