სატელევიზიო შოუების ვარსკვლავი, 7 თვის ორსული მოცეკვავე თამუნა აბესაძე აქტიური რეჟიმით მუშაობს... მოცეკვავე თამუნა აბესაძეს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს (იხილეთ სტატია), მან მაყურებელს თავი სხვადასხვა სატელევიზიო შოუდან დაამახსოვრა. „X-ფაქტორისა“ და „ნიჭიერის“ გასულ სეზონებში თამუნა აქტიურად იყო ჩართული, შემდეგ მონაწილეობა „შენ შეგიძლია ცეკვაშიც" მიიღო - თუმცა სწორედ იმ პერიოდში გათხოვდა, მალევე დაორსულდა და პროექტის დატოვება გარკვეულწილად ამიტომაც მოუწია... პარალელურად უკვე წლებია, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და ბავშვებს ცეკვას ასწავლის. ზემოჩამოთვლილი პროექტები მისი საქმიანობის მხოლოდ მცირედი ნაწილია, ყოველთვის მოტივირებული და დაუღალავი მოცეკვავე, დღესაც კი, 7 თვის ორსული, საქმეს თავს არ ანებებს და ბავშვებთან მუშაობს, ამბობს, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ამჯერად თამუნა მომავალი დედის ამპლუაშ ჩავწერეთ.
- თამუნა, რამდენიმე თვის წინ გათხოვდი. თითქოს ჯერ არ აპირებდი გათხოვებას, შენი ძალიან დატვირთული გრაფიკის და გეგმების გადამკიდე... მოგვიყევი, როგორ და სად გაიცანი მეუღლე...
-ერთ-ერთ ბანკში საბანკო ოპერაციის შესასრულებლად მივედი, სადაც იმ პერიოდში ჩემი მომავალი მეუღლე დათო ოყროშიძე მუშაობდა. სწორედ ის დამეხმარა იმ კონკრეტული პროცედურის გავლაში. ისარგებლა შემთხვევით, დაიმახსოვრა ჩემი მონაცემები და შემდეგ ტელეფონით მიკავშირდებოდა ხოლმე. ყველაფერი ისე აეწყო, რომ საერთო მეგობრების წრეში ვიკრიბებოდით, დათო მღეროდა, მე ცეკვას ვასწავლიდი, რეპეტიციებზე დავდიოდით, კარგად ითვისებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემს დაბადების დღეზე ერთად ვიცეკვეთ ტანგო, რამაც ჩემი მოცეკვავე მეგობრებიც კი აღაფრთოვანა. იმ გაზაფხულს, დასასვენებლად არაბეთში წავედი, სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა გადაიზარდა რაღაც ჩვენთვის უცნაურ გრძნობაში, აღმოჩნდა, რომ მოგვენატრა ერთმანეთი. არაბეთიდან ჩამოსვლის შემდეგ „X ფაქტორში“ ვცეკვავდი, დათო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი გახდა, ყველა შოუს ესწრებოდა და ასე აქტიურ რეჟიმში დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი ჩემს ცხოვრებაში.
- თამუნა, ახლა უკვე ბავშვს ელოდებით - როგორი ორსულობა გაქვს და სქესი თუ იცი უკვე?
- მიუხედავად იმისა, რომ რთული ორსულობა მაქვს (სამჯერ მქონდა ვირუსი, ბრონქების მწვავე ანთება), მაინც არ ვემორჩილები ექიმს და სამსახურებში აქტიურად დავდივარ. არადა, მყავს არაჩვეულბრივი ექიმი თეა ყიფშიძე, რომლის დიდი მადლობელი ვარ, ყველა წვრილმანზე ვურეკავ და ისიც ნებისმიერ დროს მზადაა, ჩემ გვერდით იყოს. ორსულობის პერიოდში ბუნებაში ყოფნის განსაკუთრებით დიდი სურვილი გამიჩნდა. ამაში ხელს კიკეთის სკოლაში მუშაობა მიწყობს, გაკვეთილების დაწყებამდე ვასწრებ ხოლმე გარეთ სიარულს. „ვერნისაჟში“ მანამ ვცეკვავდი, სანამ მუცელი დამეტყობოდა. სექტემბრიდან აუცილებლად დავბრუნდები ისევ. ორსულობის ფონზე ყველას და ყველაფრის მიმართ ძალიან მგრძნობიარე და ემოციური გავხდი. მეშვიდე თვეში ვარ და ვცდილობ, სწორად ვიკვებო, მივირთმევ ვაშლს, ბოსტეულს, ხორცს, წვნიანებს. ტკბილი ადრე უფრო მეტად მიყვარდა, ახლა ვცდილობ, ზომიერად მივიღო. რაც შეეხება ბავშვის სქესს, მეც და დათოც გოგოზე ვოცნებობდით. როცა გავიგეთ, რომ გოგოს ველოდებით, უბედნიერესები ვიყავით ორივე, თუმცა ჯანმრთელი შვილი ყველაზე დიდი საჩუქარია ღმერთისგან, განურჩევლად სქესისა.
- პრტენზიული ორსული ხარ, მეუღლეს ხომ არბენინებ ღამ-ღამობით სხვადასხვა ნუგბარის საყიდლად?
- პრეტენზიულ ორსულად ნამდვილად არ ვითვლები, არ მინდება განსაკუთრებული რაღაცები და შესაბამისად, ჩემს მეუღლესაც არ უწევს ღამ-ღამობით მარკეტებში სირბილი. მხოლოდ ვაშლი მომინდა გუშინ და მომიტანა (იღიმის).
- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორ შეცვალა თამუნა ორსულობამ?
- ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება თავის მოწესრიგებით, შემდეგ ვიღებ იმ საკვებს, რაც ორსულს აუცილებლად სჭირდება. მიყვარს ოჯახური იდილია და შაუდღემდე სახლის საქმეებს ვუთმო დროს, მერე გავდივარ და ვერთვები სამუშაო რეჟიმში. ახლა უფრო ფრთხილი მძღოლი გავხდი, რადგან უკვე პირველ ადგილზე შვილია, რომელსაც აქედანვე სჭირდება მოვლა და მზურნველობა. ორსულობამ საკუთარი თავის მიმართ უფრო ყურადღებიანი გამხადა. სხვათა შორის, საღამოობით ბავშვს კლასიკურ მუსიკას ვასმენინებ, და უკვე მიეჩვია, რეაქციები აქვს მუსიკის ჩართვისთანავე.
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე მუცელი კარგად გეტყობა, საქმეს თავს არ ანებებ და ბავშვებს ამეცადინებ მაინც. როგორ ახერხებ ამას?
- არ მესმის, როგორ უნდა ვიყო ბედნიერი აქტიური ცხოვრების გარეშე. ამასთან ერთად დასვენებასაც ვახერხებ. ისეთ რამეს არ მოვიმოქმედებ, რაც მე ან ბავშვს გვავნებს. ორსულმა არ უნდა აკეთოს ის ვარჯიშები და ფიზიკური მოძრაობები, რაც ადრე არ გაუკეთებია, მე უბრალოდ არ მოვდუნდი, აქამდეც აქტიურად ვვარჯიშობდი და ახლაც, თან სხეულიც მომყვება. წარმოუდგენელია ჩემთვის, ვიჯდე სახლში და დაველოდო, როდის გავა 9 თვე.
ისევ ვასწავლი სკოლასა და სტუდიაში, ვდგამ ბოლო ზარების ცეკვებს, ქორწილებისთვის ვაკეთებ შოუებს. ფაქტობრივად, მხოლოდ „ვერნისაჟი“ გამომაკლდა, სხვა მხრივ იმავე რეჟიმით ვმუშაობ. „ვერნისაჟსაც“ სექტემბრიდან დავუბრუნდები საოცარი სიახლით, რომელიც ყოველ წამს მაბედნიერებს.
იხილეთ საოცარი ცეკვა, რომელიც თამუნამ ძმასთან ერთად იცეკვა უმცროსი
დის ქორწილში
- წინასწარ თუ ემზადები პატარის დასახვედრად? თუ შეუძინე საწოლი, ნივთები და ა.შ.
- წინასწარ არ მიყვარს ყველაფრის ყიდვა, არ ვჩქარობ, თუმცა ერთი ცეკვის ფორმა უკვე ვუყიდე (იღიმის). ჩემს დედიკოს ისე უხარია, ბებო რომ ხდება, ერთი გარდერობი ტანსაცმელი უკვე გამზადებული აქვს, თუმცა, ჯერჯერობით საჩუქრებს მომავალი ბებო ინახავს.
- სახელი თუ გაქვს უკვე შერჩეული?
- სახელზე ჯერ ვფიქობთ ისევ, მაგრამ ალბათ მამის საყავრელ სახლეზე შევაჩერებთ არჩევანს.
ციცი ომანიძე