არ გირჩევთ ორსულობაში ე.წ. "თოხლო" კვერცხის მიღებას ორსულობის დროს რომ ჯანსაღი კვება აუცილებელზე აუცილებელია, ახალი ამბავი არ არის. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორსულსაც ეხმარება ბევრ რამეში და ნაყოფსაც. მაგალითად, ვაშლი, რომელიც ერთ-ერთი უნივერსალურია ნებისმიერ მდგომარეობაში. თუმცა ამჯერად გთავაზობთ სპეციალისტების მიერ შერჩეული პროდუქტების ათეულს, რომლებიც ძირითადად ნაყოფის განვითარებაზე მოქმედებენ დადებითად.
1. მაწონი
ერთი ჭიქა მაწონი (ან კეფირი, თუ გირჩევნიათ) მეტ კალცს შეიცავს, ვიდრე იმდენივე რძე. გამოიყენეთ არაჟნისა და მაიონეზის მაგივრად. ის ადვილად მოსანელებელი და ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ, როგორც სუფთა სახით მიირთვათ, ასევე აურიოთ წიწიბურაში ან სხვა კერძში.
2. შვრია
უჯრედისითა და B ვიტამინით მდიდარ პროდუქტს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. შეგიძლაით მოიმზადოთ ფაფა ან ცომეულის დამზადებისას ფქვილის მასას შეურიოთ.
3. სალათის ფურცლები
შეიცავს ორსულისთვის საჭირო არაერთ ნივთიერებას, მათ შორის ფოლიუმის მჟავას, რაც ემბრიონის ტვინის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.
4. ბროკოლი
გარდა იმისა, რომ სასარგებლო ნივთიერებების "საბადოა", ნებისმიერ კერძს უხდება.
5. სტაფილო
ზომიერების დაცვა გმართებთ, თუმცა აუცილებლად უნდა მიიღოთ. მასში შემავალი A ვიტამინი ბავშვის ძვლების ჩამოყალიბების პროცესში მოწილეობს.
6. მოხარშული კვერცხი
ეს დაბალკალორიული საკვები დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს და ბავშვის ტვინის ჩამოყალიბების პროცესში შეუცვლელია. არ გირჩევთ ორსულობაში ე.წ. "თოხლო" კვერცხის მიღებას.
7. ოსპი
ყველა პარკოსანზე მეტად სასარგებლოა კუჭნაწლავისთვის.
8. მანგო
შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. შესანიშნავი დესერტია მარილიანი საკვების შემდეგ. საოცარი არომატის გამო შეგიძლიათ, კოქტეილებიც მოიმზადოთ - ნამდვილი ნეტარებაა.
9. ნიგოზი
ძალიან სასარგებლოა, თუმცა გამოყენებისას ზომიერების დაცვა არ დაგავიწყდეთ. ეს საკმაოდ ცხიმიანი და კალორიული პროდუქტია, თუმცა ძალიან გემრიელი.
10. ისპანახი
რკინითა და ფოლიუმის მჟავით მდიდარი ბავშვის სისხლის უჯრედებისთვის საუკეთესო მკვებავია. შეგიძლიათ უმადაც მიირთვათ. განსაკუთრებით სასარგებლოა თევზთან ერთად მიღება.