მოტანისთანავე ურეკავს გოგონა დედას და აბარებს ანგარიშს, თუ რა უყიდეს - ცნობილი ტრადიციის რეალისტური ვერსია სოციალურ ქსელში ქორწილის შემდეგ პატარძალი აუცილებლად უნდა წავიყვანოთ სავაჭროდ ლილოში. თანხა 3000 ლარამდე რომელსაც დედამთილი აკონტროლებს და რომელიც ჩანთაში შემდეგნაირად შეუნახავს: თმის რეზინი გადაუჭიროს ფულის კონას და ეს ფული ჩანთის შიგნით "ზმეიკიან" ჯიბეში მოათავსოს შემდეგ იღლიაში მაგრად შებოჭოს მეორე ხელით კი ქვემოდან კონტროლი აწარმოოს უსაფრთხოების მიზნით.
ვაჭრობის თანმდევი დელეგაცია: დედამთილი, ქმარი, მული ან ქმრის ბიძაშვილი გოგონა, მამამთილი მანქანაში (რომლისთვისაც წინდას შეიძენენ, გაუხარდებაო და პატარძალი გადასცემს შემდეგი ფრაზით, "ეს შენ გიყიდე, მამა'', აი სად გაიჟღერა პირველად მამისადმი მიმართვამ (ამ დროს ყველა გაიცინებს), მამამთილს კი სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლის ძარღვებში). ძირითადად 2893 ლარი მოხმარდება პატარძალს, ვინაიდან მან თავისებს უნდა ჩააბაროს ანგარიში, თუ როგორ ''უვაჭრეს''. თანხის დარჩენილი ნაწილით ბიჭი შეიძენს სპორტულ ზედა-ქვედას და ბოტასს, ნუ სათვალესაც.
შენაძენი: ქალის თეთრეული, კაბები, სარაფნები, ფეხსაცმელი, ჩექმა (ოქტომბერია), ტყავის გრძელი ვარიანტი (შუბა მოდაში აღარ არის), სახლის ჩუსტი (დედამთილმა კი დაახვედრა ჩუსტი და ხალათი ბამბაზიიის, მაგრამ მაინც იყიდა, აი, სად დაიძაბა პირველად ურთიერთობა) და ბოლოს გამოსასვლელში ტაშტი და სარეცხის სამაგრები მოსაჩვენებლად.
მოტანისთანავე ურეკავს გოგონა დედას და აბარებს ანგარიშს, თუ რა უყიდეს, რომ გული დაიმშვიდოს ქალმა, რაღა თქმა უნდა, ამას მოსდევს დედის გავრცობა სანათესაოში, თუ რაოდენ კარგ ოჯახში მოხვდა მისი ქალიშვილი და ყვება რაც უყიდეს იმ განსხვავებით, რომ იმ ჩამონათვალში "შუბაც" არის და ყველაფერი ორი ან სამი წყვილია, ამ ამბის გადმოცემისას მსმენელს აქვს შემდეგნაირი სახე: ქვედა ტუჩი ზემოთ ზედა კი ქვედაშია დამალული (გაოცების მდგომარეობა), ხელები გულზე დაკრეფილი და თავს ზემოდან ქვემოთ აქნევენ შიგადაშიგ ფრაზები ''ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ'' +ამას არაფერი არაა პატარძლის გემოვნებით ნაყიდი.
- პაატა ქვლივიძე