"უზარმაზარი მძივი შევიტენე ცხვირში და ბაღელს დავაბრალე..." - ბავშვების ყველაზე საოცარი ტყუილები
"უზარმაზარი მძივი შევიტენე ცხვირში და ბაღელს დავაბრალე..." - ბავშვების ყველაზე საოცარი ტყუილები
აღიარებულია, რომ არავის არ უყვარს, როცა ატყუებენ, თუმცა ყველას მოგვიტყუებია, თუნდაც ბავშვობაში. ახლა, როცა ჩვენი შვილები გვატყუებენ ან ფანტაზიორობენ, ჩვენ, მშობლები ხშირად ვბრაზდებით ან ვნერვიულობთ... მართლაც ხანდახან ბავშვის ტყუილებს სულ სხვა ახსნა აქვს და ნევროლოგიურ პრობლემებზეც კი მიუთითებს... თუმცა ამჯერად ამაზე არ ვსაუბრობთ...

დედების ჯგუფში დედებს შევთავაზეთ, გაეხსენებინათ თავიანთი ბავშვობის ტყუილები და ასევე მათი შვილების მიერ მოგონილი ყველაზე დასამახსოვრებელი ტყუილები... ვნახოთ, რა გამოვიდა და დედებმა აჯობეს თუ შვილებმა?

"ბაღში ვიყავი და არ ვიცი, როგორ, ჟაკეტი მქონდა ნაქსოვი, გამოვდე სკამზე და გაირღვა. არ
გამიბრაზდნენ-მეთქი და ჯგუფელ ბიჭს დავაბრალე, იმან გამიფუჭა-მეთქი. იმ საწყალს დედამისი იქვე ეჩხუბა და თან ჟაკეტი წაიღო, დაკემსა და მომიტანეს. დღემდე მრცხვენია".

"ჩემი შვილი ერთხელ დედაჩემთან იყო და როცა საღამოს წამოვიყვანე, მშიაო და ბებომ არ გაჭამა-მეთქი? არაო, მთელი დღე მშიერი ვყავდიო. დედაჩემს დავურეკე, ასე ამბობს-მეთქი და გადაირია ქალი... ერთხელ კიდევ ჩემებს გადაეკიდა, რაღაც ვერ გაუკეთეს და მეგრელები ცუდები ხართ, არაფერი იცითო. დააბრალა მეორე ბებიას, იმან მითხრაო. ის გადაირია, ღმერთი რჯული, მსგავსი არაფერი, მაგას როგორ ვიკადრებდიო..."
mshoblebi
"მე უზარმაზარი მძივი შევიტენე ცხვირში და ბაღელს დავაბრალე, იმან შემტენა-მეთქი. დედაჩემმა რომ წამიყვანა ბაღში მეორე დღეს, გადავაკეთე, არა, ქარმა შემიგდო-თქო და ბოლოს
ვაღიარე".

"მახსოვს, სკოლიდან წასვლა გვინდოდა მე და ჩემს დაქალს, მაგრამ კარისკაცს ვერ გავეპარეთ. ერთადერთი გზა იყო, თუ სკოლის ექთანი ეტყოდა, ცუდად არისო. მოკლედ, შევედით ექთანთან, ცუდად ვარ, სიცხე მაქვს-მეთქი. თერმომეტრი გამომიწოდა და სანამ ჩემი დაქალი ექთანს ართობდა, თერმომეტრის გახახუნება დავიწყე მაგიდის გადასაფარებელზე, რომ ტემპერატურა აწეულიყო. დავხედე და 40° იყო. ვინ დაიჯერებდა, ცხელი არ ვიყავი, სიცხის არაფერი მეტყობოდა. ვიფიქრე, ოდნავ დავფერთხავ, როგორმე 37-ს გავხდი და ვერ მოვზომე, ჩამოვიდა 36-ზე. ექთანმა, არ გაქვს სიცხე და გაკვეთილებზე აბრუნდიო... ეგ მახსენდება ტკბილად".

"მეგობრის ტყუილი მახსოვს, ვითომ უცხოპლანეტელებს ელაპარაკებოდა, ეს 90-იან წლებში, მოდაში რომ იყო საოცარი ისტორიები".

"ჩემს შვილს ტყუილი არასდროს უთქვამს. მე მახსოვს, ერთხელ ნათლიაჩემს ვუთხარი, დედა არ გელაპარაკება გაბრაზებულია-თქო... 5 წლის ვიყავი... ვაი რაც მე მომხვდა".

"ერთხელ სოფლიდან მოხუცმა მეზობელმა წერილი გამომატანა კონვერტით, ეს დედას მიეცი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ გასხნაო... 7 -8 წლის ვიქნებოდი ალბათ. ამიტყდა მოუსვენრობა, შემიპყრო ცნობისმოყვარეობამ, სული მელეოდა გამეგო, რა ეწერა ასეთი იმ წერილში. არც დედას გადავეცი და გახსნასაც ვერ ვბედავდი, დაწებებული იყო და გახსნა აუცილებლად დაეტყობოდა. რამდენიმე დღე ვიწვალე და ბოლოს გავხსენი... ანდერძივით წერილი იყო. მოხუცი მეზობელი სახლს და რაღაც ქონებას უტოვებდა ვიღაც ნათესავს. უშვილო ქალი იყო და ვინც ჰყავდა ნაშვილები, ის მიმაჩნდა მის შვილად და ძალიანაც მიყვარდა (მაშინ არც ვიცოდი, რომ ნაშვილები იყო). რა თქმა უნდა, არ მომეწონა, რომ იმ სახლში ვიღაც სხვა, უცხო დასახლდებოდა, შვილობილი რომ უსახლოდ დარჩებოდა, ეგეც უსამართლობად მომეჩვენა და მოკლედ, დავხიე ის წერილი, ვითომც არ ყოფილა... 90-იანი წლები იწყებოდა, მიუვალი სოფლიდან წამოღებული წერილის მოკითხვა, მივიდა თუ არა დანიშნულების ადგილზე,  ძალიან გაუჭირდებოდა იმ მოხუც მეზობელს და არც დასცალდა საწყალს. მალევე გარდაიცვალა... იმ სახლში დღეს მისი შვილობილის ოჯახი ცხოვრობს, რომელიც ძალიან მიყვარს".
mshoblebi
"ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა კლასელს ჰკითხა, გუშინ რატომ არ იყავი სკოლაშიო. იმან უპასუხა, ყური მტკიოდაო... მასწავლებელმა შეიცოდა... ძალიან შთამაგონა ამ მიზეზმა, არ ჰგავდა სკოლის გასაცდენად მოგონილ მიზეზებს: ბებია მომიკვდა, მუცელი მტკიოდა, ავად ვიყავი... ესენი უკვე აღარ "მუშაობდა". აი, ყურის ტკივილის მომიზეზება მართლაც სიახლე იყო... მომეწონა ეს მიზეზი და მეორე დღესვე "გავტესტე" - მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი, ყური მტკივა და სახლში წავალ-თქო... იმანაც გამიშვა... წარმოიდგინეთ, მესამეკლასელი მოსწავლე გამიშვა ისე, არც იცოდა, სახლში მელოდა თუ არა ვინმე... პატრონს სკოლაში ვეგონე და მე ადროს ჩიტივით თავისუფალი ვნავარდობდი გარეთ... სხვათა შორის, გზაში თავსხმამ მომისწრო, რომ იტყვიან, ტრუსიკამდე დავლპი და რაც მთავარია, ბეწვზე გადავურჩი ორმეტრიან წყლით სავსე ორმოში ჩავარდნას, საიდანაც ცოცხალს ვერ ამომიყვანდნენ, ვერც შეამჩნევდნენ იმ თავსხმაში, ბავშვის იქ ჩავარდნას..." 

"რაღაც სპექტაკლისთვის გვამზადებდნენ მოსწავლეებს და მთავარი როლი მანდეს, მეოთხე კლასში. ძალიან კი მომწონდა ეს როლი, მაგრამ აუდიტორიის საშინელი კომპლექსი მქონდა. უკვე სცენაზე გასვლის წინა ღამეს ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მე იქ გამსვლელი არ ვიყავ - ძალიან შემეშინდა. დილით მოვიგონე, ვითომ საშინელი სიზმარი ვნახე, თითქოს მანქანა დამეჯახა და მოვკვდი. თან ისე გავაფორმე ეს ყველაფერი, დედას მართლა შეეშინდა და არ გამიშვა სკოლაში... წარმოიდგინეთ, სპექტაკლზე მთავარი როლის შემსრულებელი არ მივიდა... არც ვიცი, როგორ ჩაიარა იმ სპექტაკლმა, როგორც მახსოვს, მერე არდადეგები იწყებოდა და აღარც მომიკითხავს ის ამბავი. ეტყობა, მერე მათაც მაივიწყდათ..."

"ცეკვაზე შემიყვანეს, ძალიან მინდოდა, და იმიტომ. მაგრამ უმრავლესობას უკვე ნასწავლი ჰქონდა ილეთები და მე პირველივე ჯერზე, რა თქმა უნდა, არ გამომივიდა. მომეჩვენა, რომ ვიღაცამ გაიცინა... მეორე დღეს აღარც მიფიქრია იქ მისვლაზე, მაგრამ დედას ვერ ვუთხარი. გავედი სახლიდან ცეკვის ატრიბუტებით, მოვუარე ეზოს და რაღაც ძველი ფარდულის უკან გავატარე საათ-ნახევარი. მერე სახლში დავბრუნდი და დედას ახალი ილეთები ვაჩვენე, რომლებიც იმ დღეს "ვისწავლე". ასე ვიარე ოთხი დღე. მერე ცეკვის მასწავლებელი შეხვდა დედას და უსაყვედურა, რატომ არ დადის შენი შვილიო... დედაჩემი გადაირია. ძალიან მეჩხუბა და დამპირდა, აღარასდროს არ გატარებ ცეკვაზეო... ასე დავრჩი საყვარელი ცეკვის გარეშე..."

იხილეთ, რატომ ტყუიან ბავშვები და როგორ უნდა გადააჩვიოთ

2509
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```